ევროპისკენ მიმართული და საქართველოზე გამავალი „სარკინიგზო ფანჯრის“ გაჭრა-ამოქმედება ვერაფრით ხერხდება. ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზა ფუნქციონირებას მხოლოდ 2014 წელს დაიწყებს და არა 2013-ში, როგორც ეს ადრე იყო გამოცხადებული.
აზერბაიჯანის ტრანსპორტის მინისტრმა ზია მამედოვმა, სარკინიგზო ვადებში მორიგი ცვლილების შესახებ, სამმხრივი საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე განაცხადა. აზერბაიჯანული ინტერნეტ-გამოცემის abc.az-ის შეფასებით, აზერბაიჯანმა, საქართველომ და თურქეთმა, რომლებმაც ბაქოში ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის მშენებლობის საკოორდინაციო საბჭოს სხდომა გამართეს, რკინიგზის ექსპლოატაციაში ჩაშვების გეგმების კრახი აღიარეს.
მამედოვის განცხადებით, საქართველო - თურქეთს შორის საზღვარზე სამშენებლო სამუშაოები 2012 წლის ბოლოსთვის დასრულდება. მთლიანად კი ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზა 2014 წელს გაეშვება.
„მანამდე მხარეები აპირებდნენ 2012 წლის ბოლომდე რკინიგზაზე საცდელი მატარებლის ჩაშვებას, 2013 წელს კი მისი ექსპლოატაციის დაწყებას სრული მოცულობით. სამუშაოების დასრულების ვადების გადატანას მხარეები თურქეთისა და საქართველოს რელიეფის სირთულით და ამინდის მძიმე პირობებით ხსნიან“, - აღნიშნავენ აზერბაიჯანელი ჟურნალისტები.
დაახლოებით ერთი თვის წინათ საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფ აზერბაიჯანისა და თურქეთის ეკონომიკური განვითარების მინისტრებთან შეხვედრაზე ავლაბრის რეზიდენციაში საქართველოს პრეზიდენტმა აღნიშინა, რომ სამ ქვეყანას სამაგალითო ურთიერთობები აკავშირებს. მიხეილ სააკაშვილის თქმით, თურქეთი საქართველოს მთავარი სავაჭრო პარტნიორია, ხოლო აზერბაიჯანი საქართველოში ერთ-ერთი უდიდესი ინვესტორი:
„ბოლო წლებში აზერბაიჯანიდან 775 მილიონ დოლარზე მეტი ინვესტიციები შემოვიდა, ეს იმას ნიშნავს, რომ შეიქმნა უამრავი სამუშაო ადგილი და მრავალ ქართულ ოჯახს გაემართა ხელი. ჩვენი მეგობრობის უმნიშვნელოვანესი სიმბოლოა ახალი რკინიგზა, რომელიც წელს პრაქტიკულად დასრულდება და რომელიც საქართველოს და აზერბაიჯანს თურქეთის გავლით ევროპის რკინიგზასთან შეაერთებს. პრაქტიკულად, თურქეთი ხდება საქართველოსთვის ფანჯარა ევროპაში. ეს რკინიგზა გარღვევაა ჩევნი რეგიონისთვის ევროპის მიმართულებით“, - განაცხადა სააკაშვილმა
ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო მონაკვეთის საშუალებით ტვირთები ირანიდან მოკლე ვადებში, საქართველოს გავლით ჩააღწევს ევროპულ ბაზრებზე.
თუმცა, ჯერჯერობით, ეს სარკინიგზო ფანჯარა ვერა და ვერ გაიხსნა. სამ ქვეყანაზე გამავალი რკინიგზის ამოქმედებას წლიდან წლამდე მოულოდნელად გაჩენილი ახალ-ახალი მიზეზები უშლის. ამჟამად ისეთი ვითარებაა, რომ საქართველო რკინიგზას ვერ ეღირსა, ვალები კი შერჩა.
აღნიშნული პროექტის დასაფინანსებლად აზერბაიჯანმა საქართველოს პირველ ეტაპზე 200 მილიონი დოლარის, მეორე სტადიაზე კი 575 მილიონი დოლარის კრედიტი გამოუყო. ორივე კრედიტი 25-წლიანია, თუმცა პირველი მათგანის განაკვეთი 1%-ია, მეორისა კი - 5%.
პროექტის ფარგლებში, საქართველოსთვის 575-მილიონიანი კრედიტის გამოყოფის ხელშეკრულება 2011 წლის 1-ელ ივლისს გაფორმდა. მას შემდეგ ერთ წელიწადზე მეტია გასული, მაგრამ რკინიგზის ამოქმედება კიდევ გადაიდო.
ბაქო-თბილისი-ყარსის პროექტის საქართველოს მონაკვეთს 775 მილიონი დოლარი დაჭირდა და შეიძლება ეს ციფრი კიდევ გაიზარდოს. აღნიშნული თანხა მთლიანად კრედიტია და საქართველომ ადრე თუ გვიან უნდა დაფაროს. ეს საკმაოდ დიდი თანხაა თუკი გავითვალისწინებთ, რომ საქართველოს ტერიტორიაზე მხოლოდ 25 კმ-ის სარკინიგზო მონაკვეთის მშენებლობა ხდება. დანარჩენი 150 კმ-ზე სარკინიგზო ინფრასტრუქტურა ისედაც არსებობს და ის, უბრალოდ, რეკონტრუქციას საჭიროებს.
თუ იმასაც გავითვალისწნებთ, რომ ამ 775-მილიონიან სესხს წლიურად პროცენტებიც ემატება, მაშინ საკმაოდ სოლიდური თანხის გასტუმრება მოგვიწევს.