ჯაბა ებანოიძეს ვაჟკაცობა მხოლოდ რამდენიმე საათი ეყო

ჯაბა ებანოიძეს ვაჟკაცობა მხოლოდ რამდენიმე საათი ეყო

შემოსავლების სამსახურში სატელეფონო ზარები გაისმა და ამ უწყების ვებ-გვერდზე გასაჯაროებული ინფორმაცია კომპანიების საგადასახადო დავალიანებების შესახებ სასწრაფოდ გააქრეს. ცვლილების სიწრაფიდან გამომდინარე, ადვილი გამოსაცნობია რა ტექსტებით მიმართავდნენ ჯაბა (იგივე ჯამბულ) ებანოიძეს და მის ხელქვეითებს ზარების განმახორციელებლები.

კომპანიების საგადასახადო დავალიანებების და მათ შორის ტელევიზიების დავალიანებების შესახებ, შემოსავლების სამსახურის ვებ-გვერდზე გასაჯაროებული ინფორმაცია გამოქვეყნებიდან რამდენიმე საათში დაიხურა. შემოსავლების სამსახური ამ ფაქტს საჩივრების შემოდინებით ხსნის.

ყველაზე დიდი გამოხმაურება ტელეკომპანიების დავალიანებებს მოჰყვა. შემოსავლების სამსახურის ვებ-გვერდზე განთავსებული ინფორმაციის თანახმად, „იმედის“ დავალიანება 14 მილიონ ლარს აღწევს, „რუსთავი 2“-ის - 5,5 მილიონს, საზოგადოებრივი მაუწყებლის - 3 მილიონს. შედარებით მცირეა „თრიალეთისა“ და „საქართველოს“ დავალიანება, რომელიც 10 ათას ლარს შეადგენს.

როგორც ცნობილია, 2012 წელს ტელევიზიებს, რომლებსაც სახელმწიფოსადმი დავალიანება გააჩნდათ, საგადასახადო ამნისტია შეეხოთ. მაშინ მათ, საერთო ჯამში დაახლოებით, 36 მილიონი ლარის დავალიანებები და ჯარიმები ჩამოეწერათ. თუმცა, რამდენიმე თვეში მთავრობის მიერ კონტროლირებად ტელევიზიებს 23 მილიონამდე ვალი ისევ დაუგროვდათ.

ვალის ზრდის ასეთი ტემპებიდან გამომდინარე უნდა ვივარაუდოთ, რომ ტელეკომპანიები ბიუჯეტში საერთოდ არანაირ გადასახადს არ იხდიან. მთავრობა კი დროდადრო დიდსულოვნად პატიობს უზარმაზარ თანხებს.

შემოსავლების სამსახურში აცხადებენ, რომ დავალიანებების შესახებ ინფორმაციის გასაჯაროებას ბევრი საჩივარი მოჰყვა ბიზნესის მხრიდან, რის მოტივადაც მუშაობაში ხელის შეშლა დასახელდა.

„ამიტომ ჩვენ ეს ინფორმაციები ვებ-გვერდიდან ამოვიღეთ და სანამ ყველა საჩივარს არ განვიხილავთ, მათი კვლავ გასაჯაროება არ მოხდება“, - აღნიშნეს საგადასახადო უწყებაში.

ქართული კომპანიების საგადასახადო დავალიანების შესახებ ინფორმაცია საჯარო ამ რამდენიმე დღის წინათ გახდა. შესაბამისი ცვლილება საგადასახადო კოდექსში 26 ივნისს შევიდა, რომელიც ნებისმიერ დაინტერესებულ პირს ნებისმიერი კომპანიის საბიუჯეტო დავალიანების არსებობის შესახებ ინფორმაციის მოძიების შესაძლებლობას აძლევს.

შემოსავლების სამსახურის ოფიციალურ ვებ-გვერდზე დავალიანების მქონე პირთა და კომპანიათა ჩამონათვალი კი გამოაქვეყნა, მაგრამ შემდეგ ეტყობა ებანოიძის უწყებაში ისეთი ზარები გაისმა, რომ ვებ-გვერდი სასწრაფოდ დახურეს. ცვლილების სიწრაფიდან გამომდინარე, ადვილი გამოსაცნობია რა ტექსტებით მიმართავდნენ ებანოიძეს და მის ხელქვეითებს ზარების განმახორციელებლები.

არადა, დავალიანების ნუსხა მეტად საინტერესო იყო. „შავ სიაში“ მოხვედრილ კომპანიათა რაოდენობა 216 ათას აჭარბებდა.

დავალიანების მქონე კომპანიებს შორის ფიგურირებდა სს „აზოტი“, რომელსაც ბიუჯეტის მიმართ 32 მლნ ლარზე მეტი დავალიანება ერიცხება, სს „ყაზბეგი“ - 117 941, შპს „ყაზბეგის სადისტრიბუციო კომპანია“ - 2,485 მლნ ლარზე მეტი, „ქართული შაქარი“ - 26,335 მლნ ლარი, საამშენებლო ამხანაგობა „შტრაბაგ ინტერნეიშენალი“, „ჰაილიტ ვიორნერი“, „კავკასუს როუდ პროჯექტი“ - 2,560 მლნ ლარი, შპს „ცენტრ პოინტი ინვესტი“ - 68 150 ლარი, „ქართული ბიზნესის აღორძინების საერთაშორისო ფონდი“ - 7 მლნ ლარამდე, „ქართული შალი“ - 243 644 ლარი, „ქართული პროდუქტი“ - 4,507 მლნ ლარი, „ევრენსელ ჯორჯია“ - 20,564 მლნ ლარი, „ჯეობილდი“ - 1,048 მლნ ლარი, „ჯეორჯიან ინჟინერინგ ექსპერტი ჯეენექსი“ - 3,357 მლნ ლარი, შპს „ზარაფხანა დეველოპმენტი“ - 1,923 მლნ ლარი, „კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯია“ - 19,445 მლნ და სხვა.

ეს კომპანიები საკმაოდ მსხვილ ბიზნესს წარმოადგენენ.  საქართველოში მსხვილი ბიზნესი ბაზრის ნებისმიერი სეგმენტის 85%-ს აკონტროლებს. ხელისუფლება, როგორც წესი, მას მფარველობს, რადგან ბობოლა მოხელეები თითქმის ყველა მათგანში ფარულ წილებს ფლობენ. სწორედ ამიტომ ამ კომპანიებს ყველაფერი ეპატიებათ, მათ შორის, ბაზრის მონოპოლიზებაც და მილიონობით საბიუჯეტო დავალიანებაც.