მერიასა და გამგეობებში ხალხი ეზედმეტებათ

მერიასა და გამგეობებში ხალხი ეზედმეტებათ

თბილისის მერიაში თანამშრომლები უკვე შეამცირეს, ახლა ჯერი რეგიონებზე მიდგა. უკვე ცნობილია, რომ კახეთში სახელმწიფო სტრუქტურებში, კერძოდ მუნიციპალიტეტებში კადრების 15%-ით შემცირება იგეგმება. ანალოგიური პროცესი დაიწყო უკვე სამგრელოსა და აჭარაში, სადაც ასევე ადგილობრივი სახელმწიფო სტრუქტურებიდან თანამშრომლების გაშვება ხდება. თანამშრომლებს ათავისუფლებენ იმერეთშიც, თუმცა ოდნავ განსხვავებული პრინციპით, როგორც ოპოზიცია აცხადებს, იქ ძველს და არსანდოს უშვებენ და ახალს ნიშნავენ.

 

მოკლედ, სახელმწიფო სამსახურებში, კერძოდ კი მუნიციპალიტეტებში თანამშრომლების შემცირება მთელი საქართველოს მასშტაბით დაიწყო. პროცესი გრძელდება და გამორიცხული არ არის, რომ დამდეგ ახალ წელს ქართველთა უმუშევართა არმიას კიდევ რამდენიმე ათასი, თანაც სახელმწიფო სტრუქტურებიდან, კერძოდ კი მუნიციპალური ორგანოებიდან გათავისუფლებულები შეემატოს.

 

პროცესი დედაქალაქიდან დაიწყო. პირველი იყო თბილისის მერია, საიდანაც კადრების თითქმის 20%-ის გაშვება დაიგეგმა და მათი გათავისუფლებაც დაიწყო. დედაქალაქის მუნიციპალიტეტიდან რამდენიმე თანამშრომელი უკვე გაუშვეს, მათ შორის, საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურიდანაც.

 

ასევე შემცირებაში მოყვნენ სხვა სამსახურების თანამშრომლები. როგორც გათავისუფლებულები ანონიმურად აცხადებენ, მათთვის ძირითადი მიზეზი თუ რატომ უშვებენ, არ დაუკონკრეტებიათ.

„გვითხრეს, რომ ძალიან კარგად მუშაობთ, კარგი კადრები ხართ, მაგრამ უნდა გაგიშვათო“, - ამბობენ სამსახურებიდან გათავისუფლებულები.

 

გარდა ამისა, ვრცელდება ინფორმაცია, რომ თითქმის ყველა სახელმწიფო უწყებიდან დაბალი რანგის ჩინოვნიკების დათხოვნა იგეგმება. ლეიბორისტის, გიორგი გუგავას თქმით, მასობრივი დათხოვნები განსაკუთრებით ახალი წლის დღეებში გააქტიურდება, რადგან ამ დროს ხალხს ქუჩაში გასასვლელად არ სცალია.

„თვითმმართველობის ორგანოებში მუშაობენ შედარებით დაბალი რანგის ჩინოვნიკები და სწორედ მათ დატოვებენ უმუშევარს“, - ამბობს გუგავა.

 

ამასთან, როგორც აღვნიშნეთ, თანამშრომლების შემცირება იგეგმება რეგიონებშიც, კერძოდ კი, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში. კადრებს რეგიონებში თითქმის 15%-ით შეამცირებენ და შემცირება ატესტაციის გზით მოხდება. ატესტაცია უკვე დაგეგმილია ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და გამგეობაში.

მუნიციპალურ ორგანოებში თანამშრომლების შემცირება იგეგმება სამეგრელოს რეგიონშიც. როგორც ადგილობრივი ჟურნალისტები აცხადებენ, რამდენიმე სახელმწიფო უწყებაში თანამშრომლებს გათავისუფლების შესახებ განცხადებების დაწერა უკვე მოსთხოვეს.

 

გარდა სამეგრელოსი, მუნიციპალურ ორგანოებში კადრების შემცირება იწყება აჭარაშიც. თუმცა რა რაოდენობით მოხდება შემცირება, ამაზე კონკრეტული ინფორმაცია ჯერჯერობით არ ვრცელდება. ცნობილია მხოლოდ ის, რომ „საყოველთაო შემცირებას“ არც აჭარის ადგილობრივ ხელისუფლების მუნიციპალურ ორგანოებში დასაქმებულები გადაურჩებიან.

 

დასაქმებულების სამსახურიდან გაშვება იგეგმება იმერეთის რეგიონშიც, მაგრამ ამ შემთხვევაში, როგორც ლეიბორისტი სამსონ გუგავა აცხადებს, ეს როტაციის წესით მოხდება, ანუ გათავისუფლებული კადრების ადგილას, მუნიციპალურ ორგანოებში ახალი კადრების აყვანა იგეგმება.

 

„საერთოდ, ქუთაისში, როდესაც მერი იცვლება, ეს კი ამ ქალაქის ისტორიაში ძალიან ხშირად ხდება, ის ათავისუფლებს ძველ კადრებს და მოჰყავს ახალი კადრები. მნიშვნელობა არ აქვს ძველი კარგად მუშაობდა თუ – არა. ერთი მერის შემთხვევაში შეიძლება ამ სამსახურის კადრები ძალიან გაბერილი ყოფილიყო, მოვიდოდა ახალი მერი და კადრებს შეამცირებდა.

 

შემდეგ დაიწყო ასეთი პრინციპით მოქმედება. ახალი მერი მოვიდოდა, გაუშვებდა მისთვის არასანდო ადამიანს და მოიყვანდა სანდო ადამიანს. ახლაც ასეცა. მართალია, მერი ჯერ არ შეცვლილა, მაგრამ ის აპირებს შეამციროს და სამსახურიდან გაუშვას ის ადამიანები, ვინც ნაკლებად სანდოა. აშკარაა, რომ ამით ქმნიან მტრის ხატს, ხდება დაშინება, რათა მერე სხვაც გარკვეული ზემოქმედების ქვეშ ჰყავდეთ“, - განაცხადა გუგავამ.