თელავი პარალიზებულია, 19 ივლისს, ღამით მოსულმა ნალექმა, სეტყვამ და ქარიშხალმა ნგრევა გამოიწვია - ჩამოინგრა რამდენიმე სახლის კედელი, ზოგიერთი კი სახურავის გარეშე დარჩა, მოგლეჯილია ხეები. მოსახლეობას ბუნებრივი აირი და ელექტროენერგია არ მიეწოდება.
სტიქიამ ასევე მცხეთა-მთიანეთის რეგიონიც დააზარალა.
პარტია "თავისუფალი საქართველოს" კახეთის რეგიონალური განვითარების ხელმძღვანელი, გიორგი მოსიაშვილი "რეზონანსს" სტიქიური უბედურების ზონაში შექმნილ ვითარებაზე ესაუბრა.
გიორგი მოსიაშვილი: "19 ივლისს, ღამით, დაახლოებით ოთხ საათსა და ათ წუთზე საშინელი გრიგალი ამოვარდა, რომელსაც თან ნალექი და სეტყვა ახლდა. ამერიკულ ფილმში ეგონებოდა ადამიანს თავი, სადაც ტორნადო ირგვლივ ყველაფერს ატრიალებს. ძლიერმა ქარმა მოგლიჯა ხეები და სახლებს სახურავები გადახადა. ზოგიერთი შენობა დანგრეულია.
"პარალიზებულია გზები, გათიშულია კომუნიკაციის ყველა საშუალება. მობილური ტელეფონი ხან მუშაობს, ხან არა. მოსახლეობას არც ელექტროენერგია, არც ბუნებრივი აირი და არც წყალი არ მიეწოდება. ფაქტობრივად, ქალაქი პარალიზებულია.
"ამ ეტაპზე გზის გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს. მოსახლეობა პანიკაშია, რადგან დადის ხმები, რომ გრიგალი განმეორდება. ადამიანები ფაქტობრივად, ქუჩაში დარჩნენ. ისინი ერთმანეთს ეკითხებიან, რა ქნან და სად წავიდნენ.
"მოსახლეობა არ არის ინფორმირებული, არ იციან, როგორ აპირებს ხელისუფლება მათი პრობლემების მოგვარებას. ყველაზე მეტად სტიქიამ თელავის მუნიციპალიტეტი დააზარალა. ასევე დაზარალებულია გურჯაანის რაიონიც. რაც შეეხება დაშავებულებს, როგორც ვიცი, რამდენიმე ადამიანმა მიმართა საავადმყოფოს და არც ერთ მათგანს სერიოზული დაზიანება არ აღენიშნება."
თელავში საგანგებოდ გაიმართა მინისტრთა კაბინეტის სხდომა, სადაც პრეზიდენტმა სააკაშვილმა მინისტრებს სტიქიის შედეგად მიყენებული ზარალის წინასწარი მონაცემები გააცნო: "წნორში დაწყვეტილია ელექტროგადამცემი ხაზები, დაზიანებულია შიდა საუბნო გზები, გომბორსა და საგარეჯოში პრობლემა შეექმნა წყლის სათავე ნაგებობებს და სახლებს სახურავი გადაეხადა. განადგურებულია კომუნიკაციები იორმუღანლოში.
"ლაგოდეხის, ლელიანის, არეშფერათის და გიორგეთის თემების 80% დაისეტყვა, გადახდილია რამდენიმე ათეული სახლის სახურავი, დაგლეჯილია ბოძები. 100%-ით დაისეტყვა გურჯაანის სოფლები: ვაჩნაძიანი, კალაური, შაშიანი, ვაზისუბანი, ველისციხე, გადახდილი აქვს სახურავი სახლებსაც და სკოლებსაც კალაურსა და ვაჩნაძიანში.
"ყვარელში 8 სოფელია დასეტყვილი, რამდენიმე ათეულ სახლს გადახდილი აქვს სახურავი. გურჯაანში 2800 ჰექტარი დაისეტყვა 80-100%-ით, თელავში 6250 ჰექტარი 80-100%-ით, ყვარელში 2028 ჰექტარი განადგურებულია 90%-ით, ლაგოდეხში 580 ჰექტარი ვენახი", - განაცხადა პრეზიდენტმა.
კახეთის საგანგებო სიტუაციების სამსახურის უფროსის, შოთა უტიაშვილის თქმით, ზარალი დიდია. ზოგიერთ სოფელში კი სასოფლო-სამეურნეო სავარგულები მთლიანადაა განადგურებული.
"ზოგიერთ ადგილას ყველაფერი 100%-ით არის განადგურებული. ვაზისუბანი, კალაური, შაშიანი, ვაჩნაძიანი, მთიანი თელავი, ვანთა, აკურა, კურდღელაური, შალაური - ეს ის სოფლებია, რომლებიც სტიქიამ ყველაზე მეტად დააზარალა.
"ამ ეტაპზე გზებს მოტეხილი ხეებისგან ვწმენდთ. ზოგიერთ სახლს ძლიერმა ქარმა სახურავი გადახადა და ახლა "პალატკის" ტიპის სახურავებს ვაფარებთ, რათა ადამიანებს საკუთარ სახლებში ღამის გათევის საშუალება ჰქონდეთ.
სამწუხაროდ, სტიქიამ რამდენიმე შენობა დაანგრია. მუნიციპალიტეტი, გუბერნია და მთავრობა აუცილებლად იზრუნებს იმისათვის, რომ უსახლკაროდ დარჩენილებს დროებით ბინა მიუჩინონ - შეიძლება უქირაონ ან რამე სხვა გზა გამონახონ. დაშავებულების შესახებ ინფორმაციას არ ვფლობ, მაგრამ დანამდვილებით შემიძლია გითხრათ, რომ საბედნიეროდ, მსხვერპლი არ არის", - ამბობს უტიაშვილი.
ჰოდრომეტეოროლოგიური დეპარტამენტის უფროსის, სვეტლანა ნიორაძის თქმით, წვიმიანი ამინდები კვლავ შენარჩუნდება, მაგრამ მსგავსი სტიქია მოსალოდნელი აღარ არის: "მთაში და კახეთის ზოგიერთ რაიონში ნალექიანი ამინდები კვლავ შენარჩუნდება, მაგრამ არ ექნება სტიქიის სახე. მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელ-ჭექით..
"ჯერჯერობით, არ ვიცით, რომელი რიცხვიდან უნდა ველოდოთ უნალექო ამინდებს და სრულ გამოდარებას. ზოგადად, ითვლება, რომ სეტყვა განსაკუთრებით ხშირად მაისში და ივნისში მოდის, ხოლო ივლისში იშვიათია. მაგრამ საქართველოში ამის პრეცედენტებიც ყოფილა, კერძოდ - 1983, 1993, 1995, 1999, 2004, 2005, 2007 წლებში.
"აღსანიშნავია, რომ ყოველთვიურად ნალექის საშუალო რაოდენობა 60 მმ-ია, თელავში მოსულმა ნალექმა კი დასაშვებ რაოდენობას ერთ ღამეში გააჭარბა და 72 მმ შეადგინა", - ამბობს ნიორაძე.
ასტროლოგი მიხეილ ცაგარელი ირწმუნება, რომ სტიქიური უბედურებები ამით არ დასრულებულა. მისი თქმით, განსაკუთრებით რთული პერიოდი 15 აგვისტოდან 12 სექტემბრამდეა.
"მსგავსი სტიქიური უბედურებები წლის ბოლომდეა მოსალოდნელი. ეს ძალიან რთული წელიწადია. მზეზე ამოფრქვევები და აფეთქებები მიმდინარეობს და ამ აფეთქებების რაოდენობა, განსაკუთრებით, 15 აგვისტოდან 12 სექტემბრამდე გაიზრდება. სწორედ ამიტომ, ამ პერიოდში სტიქიური უბედურებებია მოსალოდნელი.
"იქნება წყალდიდობები, ღვარცოფები, ასევე ხანძრები. ძალიან სწრაფად მოხდება ტემპერატურის ცვლილება. ყველაფერი კი დედამიწაზე გეომანტიის შეცვლით აიხსნება, რომელიც თავის მხრივ, 2012 წლის აპოკალიფსურ პერიოდს უკავშირდება", - ამბობს ცაგარელი.