ყველაზე მეტი უკმაყოფილო სადაზღვევო კომპანია „ალფას“ გაუჩნდა

ყველაზე მეტი უკმაყოფილო სადაზღვევო კომპანია „ალფას“ გაუჩნდა

ყველაზე მეტი განაწყენებული კლიენტი ახლადშექმნილ სადაზღვევო კომპანია „ალფას“ ჰყავს. სპეციალიტების განცხადებით, იმის გამო, რომ კომპანიამ პოლისები რამდენიმეთვიანი დაგვიანებით დაარიგა, მნიშვნელოვანი ფინანსური მოგება ნახა, ვინაიდან ათიათასობით დაზღვეულმა სამედიცინო მომსახურება ვერ მიიღო, შესაბამისად, ამ მიზნისთვის გასაწევი ხარჯები კომპანიას დარჩა. რატომღაც, ეს ფაქტი ხელისუფლებაში მსუბუქად გააპროტესტეს, იმაზე კი არავის უსაუბრია რა ზარალი მიადგა სახელმწიფო ბიუჯეტსა და თითოეულ დაზღვეულს პოლისების რამდენიმეთვიანი დაგვიანებით.

 

აღსანიშნავია, რომ კომპანიამ „ალფამ“ ტენდერში ისე გაიმარჯვა, რომ მას სადაზღვევო საქმიანობის განსახორციელებლად არც კვალიფიციური კადრები ჰყავდა და არც იმის რესურსი ჰქონდა, რომ სადაზღვევო პოლისები დროულად დაერიგებინა. როგორც უკვე აღვნიშნეთ, „ალფას“ დაზღვეულებმა პოლისები რამდენიმეთვიანი დაგვიანებით მიიღეს.

 

სადაზღვევო ექსპერტები, ღიად „ალფას“ დასახელებას ერიდებიან, თუმცა მიანიშნებენ, რომ სადაზღვევო ბაზარზე ნაკლებად კვალიფიციური და სუსტი ინფრასტრუქტურის მქონე სადაზღვევო კომპანიების გააქტიურებამ სამედიცინო სერვისების ხელმისაწვდომობა გააუარესა.

 

მედიაციის სამსახურში ყველაზე მეტი საჩივარი „ალფას“ დაზღვეულებისგან შევიდა. კომპანიას ამჟამად 200 ათასი დაზღვეული ჰყავს. ჯანდაცვის სამინისტროსა და პარლამენტში აღიარებენ, რომ დაზღვეულების უფლებები დაირღვა, თუმცა ამ კომპანიების დასახელებას რატომღაც ორივე უწყებაში გაურბიან.

 

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გიორგი გოდაბრელიძე კონკრეტულ კომპანიებს არ ასახელებს, თუმცა აღნიშნავს, რომ ერთმა გაფრთხილება მიიღო, ხოლო მეორე კომპანიას მიეთითა, რომ ვალდებულებების შეუსრულებლობის მხრივ კრიტიკულ ზღვარზეა.

 

გაირკვა კიდევ ის, რომ კომპანიებს რამდენიმეთვიანი დარღვევები აპატიეს და მდგომარეობის გამოსწორებისთვის დრო მისცეს. პრობლემის გამოუსწორებლობის შემთხვევაში, კომპანიები პროექტს გამოეთიშებიან და სახელმწიფო მათ ჯარიმას ამის შემდეგ დააკისრებს.

 

საქართველოს სადაზღვევო ასოციაციის ინფორმაციით, სადაზღვევო ტენდერის შესაბამისად მნიშვნელოვნად შეიცვალა დაზღვეულთა განაწილება კომპანიების მიხედვით - 30 000-მდე ცენტრალური პროგრამით დაზღვეულმა თბილისელმა გადაინაცვლა სადაზღვევო კომპანია „ალფა“-ში, ხოლო მათი პოლისირება ერთი თვის ვადაში უნდა განხორციელებულიყო.

 

მიუხედავად ამგვარი პრობლემებისა, თბილისსა და რეიონებში ჩატარებული კვლევების მიხედვით კი დგინდება, რომ მოსახლეობის სადაზღვევო მომსახურების კუთხით ვითარება გაუმჯობესებულია და მომხმარებლის კმაყოფილების ხარისხი მაღალია.

 

საქართველოს სადაზღვევო ასოციაციის თავმჯდომარე დევი ხეჩინაშვილი ამბობს, რომ სადაზღვეო პაკეტებისადმი მოსახლეობის ხელმისაწვდომობა იზრდება.

„კვლევებმა გვიჩვენა, რომ მოსახლეობისათვის სადაზღვევო სერვისები უფრო ხელმისაწვდომი გახდა. თუმცა, არსებობს რიგი პრობლემებისა, რომელიც ბაზარზე ახალი მოთამაშეების აქტიურობასთან, მათ ინფრასტრუქტრასთან და მომსახურეობის ხარისხთანაა დაკავშირებული და რასაც ყურადღება უნდა მივაქციოთ“, - აცხადებს ხეჩინაშვილი.

 

იგი ადასტურებს, რომ „უჩინარმა“ სადაზღვევო კომპანიებმა, რომლებმაც ვალდებულებები არ შეასრულეს სადაზღვევო ბაზრის მიმართ მოსახლეობის ნდობა საფრთხის ქვეშ დააყენეს.

 

„თვალსაჩინოა ის საფრთხეები, რომელიც ბოლო პერიოდის განმავლობაში იკვეთება. კერძოდ, სადაზღვევო ბაზარზე ნაკლებად კვალიფიცირებული და სუსტი ინფრასტრუქტურის მქონე სადაზღვევო კომპანიების გააქტიურებამ გააუარესა სამედიცინო სერვისების ხელმისაწვდომობა და მოსახლეობის კმაყოფილების ხარისხი, რაც ნეგატიურად აისახა სადაზღვევო ინდუსტრიისადმი განწყობის საერთო პოზიტიურ ფონზე. 

 

შექმნილი ვითარება ცხადყოფს, რომ ეს პრობლემა სახელმწიფოს, სადაზღვევო ინდუსტრიის და ყველა დაინტერესებული მხარის მიერ დროულ და ეფექტიან გადაჭრას საჭიროებს, რათა დაზღვეული მოსახლეობის კმაყოფილების გაუარესების ტენდენციამ არ მიიღოს შეუქცევადი ხასიათი და არ გამოიწვიოს როგორც არსებულ დაზღვეულთა უკმაყოფილების შემდგომი ზრდა, ასევე მომავალში დასაზღვევი ჯგუფების იმედგაცრუება და ნიჰილისტური დამოკიდებულება სადაზღვევო მომსახურების მიმართ“, - აცხადებენ სადაზღვევო ასოციაციაში.

 

კიდევ ერთი უმნიშვნელოვანესი პრობლემა, სადაზღვევო კომპანიები არ ახდენენ მოსახლეობის ინფორმირებას იმასთან დაკავშირებით, თუ რა სამედიცინო მომსახურების მიღება შეუძლიათ სახელმწიფოს მიერ ნაჩუქარი პოლისებით.

ჯანდაცვის მინისტრმა პირობა დადო, რომ არა მარტო იმ კომპანიებს დასჯის, რომლებიც ვალდებულებებს არ ასრულებენ, არამედ უზრუნველყოფს იმ დაზღვეულების ინფორმირებას, რომლებსაც სახელმწიფო დაზღვევა გააჩნია.