არჩევნები ახლოვდება და გარემოვაჭრეებიც თანდათან ქუჩებში გამოეფინენ. ისევე როგორც სხვა საარჩევნო წლებში, ახლაც მათ წინააღმდეგ ხმის ამომღები არავინაა. ბოლო პერიოდში გარევაჭრობის ფაქტები დედაქალაქის თითქმის ყველა უბანში მრავლად ფიქსირდება, განსაკუთრებით კი, გარეუბნებში. მიუხედავად იმისა, რომ გარევაჭრობა აკრძალულია და ეს პროცესი მკაცრად კონტროლდება, რატომღაც თბილისის მერიაში გარემოვაჭრეები შეუმჩნეველი რჩებათ.
ადგილობრივ მუნიციპალიტეტებს გარემოვაჭრეები ყველაზე ხშირად წინასაარჩევნოდ „მიავიწყდებათ“ ხოლმე. სამაგიეროდ, არჩევნების შემდეგ უცებ გაახსენდებათ და პირველი იერიში სწორედ პრობლემის მოგვარებისკენაა მიმართული. ასეა ტრადიციულად და გამონაკლისს არც ახლა უნდა ველოდოთ.
თბილისის მერიაში აცხადებენ, რომ შეღავეთები არცერთ გარე მოვაჭრეს არ უწესდება და მონიტორინგი სისტემატიურად მიმდინარეობს, ხოლო გარევაჭრობის ფაქტის დაფიქსირების შემთხვევაში, რეაგირებას ახდენენ.
დედაქალაქის მერიის განმარტებით, შესაბამისი ჯგუფები საბურთალოსა და მარჯანიშვილის ქუჩებს შეამოწმებენ და დარღვევის შემთხვევაში მათ შესაბამისი ჯარიმაც დაეკისრებათ. რეალურად კი გარვაჭრობა რეალურად სცილდება ამ ორი უბნის ფარგლებს და მთელ თბილისში მასშტაბურადაა მოდებული. ყველგან ხალხმრავალ ადგილებში კვლავ გამოჩნდნენ გარემოვაჭრეები და მათ წინააღმდეგ ტრადიციული სადამსჯელო ღონისძიებები არ ტარდება.
საპარლამენტო უმცირესობის წევრი ლევან ვეფხვაძე დარწმუნებულია, რომ გარემოვაჭრეებს არჩევნებამდე ხელს ვერავინ შეუშლის. არჩევნებამდე მათი განაწყენება მთავრობას როგორც ყოველთვის ხელს არ აძლევს.
„ხელისუფლება წინასაარჩევნოდ ყოველთვის კეთილია. გარევაჭრობა, როგორც წესი, მკაცრად კონტროლდება და დამრღვევს ადმინისტრაციული ჯარიმა ეკისრება. ახლა ის დროა, როცა მერია, ხელისუფლებასთან ერთად, ცდილობს სხვა იმიჯი მოირგოს და მხოლოდ იმიტომ თმობს, რომ ხალხი არ გაანაწყენონ. გარემოვაჭრეებს მივმართავ, რომ მშვიდად იყვნენ და წყნარად გააგრძელონ საქმიანობა, მათ ხელს ვერავინ შეუშლის.
ადამიანი რომ ქუჩაში პურს გაყიდის და თითოსგან 5-თეთრიან მოგებას მიიღებს, რა შემოსავალი უნდა ჰქონდეს?! თვეში 100-150 ლარი ის მაქსიმუმია, რასაც გარემოვაჭრეები შოულობენ. მათ უმეტესობას სხვა შემოსავალი არ აქვს და უკიდურეს გაჭირვებაში არიან, როცა ადმინისტრაციულ სანქციებზე საუბრობენ“, - ამბობს ვეფხვაძე.
არადა, კანონისმიერი სანქციები მართლაც რომ ზედმეტად მკაცრია. გარევაჭრობა ისჯება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 153-ე პრიმა მუხლით. გარევაჭრობა იწვევს 20-დან 50 ლარამდე დაჯარიმებას. გარემოვაჭრე, რომელიც არ დაემორჩილება სამართალდამცავი ორგანოს უფლებამოსილი პირის კანონიერ განკარგულებას ან მოთხოვნას, 50-დან 100 ლარამდე დაჯარიმდება.
თბილისის საკრებულოს წარმომადგენელი ნიკოლოზ ხაჩირიშვილი გარევაჭრობის ფაქტებს არც ადასტურებს და არც უარყოფს. ამ თემაზე მას კომენტირება, როგორც თავად აცხადებს, არ სურს.
„ამ ეტაპზე ჩემთვის გარევაჭრობაზე უფრო საინტერესო დასაქმების საკითხია, ასევე მნიშვნელოვანია დაზღვევა და სხვა სოციალური პრობლემების მოგვარებით ვართ დაკავებული. მოსახლეობასთან შეხვედრებისას სწორედ ეს პრობლემები იკვეთება და გარევაჭრობა არავის აინტერესებს, სხვა მოთხოვნებია“, - ამბობს ხაჩირიშვილი.