“ქართული აკადემიის“ ორგანიზებით, სასტუმრო “შერატონ მეტეხი პალასში“ ორგანიზებული შეკრება, საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებაზე მომუშავე “რვიანის“ წევრ პარტიებთან, 29 ოქტომბერს, ჭადრაკის სასახლეში, შვილმოკლული მამების ინიციატივით ჩატარებული შეხვედრიდან ძირითადად იმით განსხვავდებოდა, რომ “რვიანის“ წევრები გულზე მუშტებს ნაკლებად იბრახუნებდნენ, არც ჰაერში იქნევდნენ ხელებს - “საქართველოს გაუმარჯოს“ შეძახილებითურთ. ანუ ჭადრაკის სასახლესთან შედარებით, “მეტეხში“ კონსტრუქციული გამოსვლები ჰქონდათ.
ამ შეკრებაზე სამი ახალი ამბავი შევიტყვეთ. ერთი ის, რომ “რვიანის“ ზოგიერთ წევრ პარტიას მიაჩნია, რომ საარჩევნო გარემო 8 თვეში უნდა გაუმჯობესდეს, ხოლო “ეროვნული ფორუმი“ მიიჩნევს, რომ ეს პრობლემა ერთ თვეში უნდა მოგვარდეს;
მეორე ახალი ამბავი ისაა, რომ პარლამენტს მიღმა მყოფი პოლიტიკური პარტიები, პარლამენტში შესულ გიორგი თარგამაძის “ქრისტიან-დემოკრატებს“ უარყოფით კონტექსტში აღარ მოიხსენიებენ - ახლა ამბობენ, საარჩევნო გარემოს გაუმჯობესების ირგვლივ ჩვენც, რომ ვუსხედვართ მრგვალ მაგიდას, ეს თარგამაძის ქრისტიან-დემოკრატების დამსახურებააო;
და ბოლოს, მესამე ახალი ამბავი - “რვიანის“ წევრმა გარკვეულმა პარტიებმა აღიარეს, რომ ყველაფერს მიედ-მოედებიან, აქაც არიან და იქაც იქნებიან - ერთი ხელით საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებაზე იმუშავებენ, მეორით შვილმოკლული მამების ორგანიზებით ჩამოყალიბებულ “ნდობის ჯგუფში“ იქნებიან; ანუ იმ დარბაზში, სადაც შედარებით რადიკალური საზოგადოება იჯდება, ეროვნულ დაუმორჩილებლობაზე ისაუბრებენ, ხოლო იქ, სადაც კონსტრუქციულობას მოსთხოვენ, დაუმორჩილებლობას გვერდზე გადადებენ და საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებაზე ისაუბრებენ.
“შერატონ მეტეხი პალასში“ გამართული შეკრება სამსაათნახევარზე მეტ ხანს გაგრძელდა. სასტუმროს ორი დარბაზი იყო გაერთიანებული, რომელიც ხალხით გაივსო. იქ იყვნენ პოლიტოლოგები, საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლები, სხვადასხვა პარტიის წევრები, საზოგადოებისთვის ცნობილი ადამიანები. “ქართული აკადემიიდან“ თემურ ნანეიშვილმა შეკრება გახსნა და შემდეგ, ამავე ორგანიზაციის წარმომადგენელმა, ნუკრი ქანთარიამ “რვიანის“ წევრი პარტიებისთვის განკუთვნილი კითხვები წაიკითხა - კეთილი ინებეთ, გამობრძანდით და ამ კითხვებზე პასუხი გაგვეცით, რათა საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებაზე მუშაობის პროცესი საზოგადოებისთვის გამჭირვალე იყოსო.
კითხვები დაახლოებით ასეთი შინაარსისა გახლდათ: არსებობს თუ არა იმის ალბათობა, რომ ამ მოლაპარაკებით ხელისუფლებამ იმიჯი აიმაღლოს, ხოლო თქვენ კიდევ ერთხელ გაბითურებულები დაგტოვოთო? რამდენ ხანში წარმოგიდგენიათ საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებაზე მუშაობის დასრულება? არის თუ არა იმის საფრთხე, რომ ხანგრძლივად ჩაგითრიონ ამ პროცესში? რა ფორმით წარმოგიდგენიათ საზოგადოების ჩართულობა საარჩევნო გარემოს გაუმჯობესების საქმეშიო და ასე შემდეგ.
საარჩევნო გარემოს გაუმჯობესების პროცესში რა ფორმით წარმომიდგენია საზოგადოების ჩართულობა და აი, ასეთი ფორმითო, - თქვა პირველმა გამომსვლელმა, “ხალხის პარტტის“ ლიდერმა კობა დავითაშვილმა და გააგრძელა - არჩევნები არის აუცილებელი ეტაპი, ხელისუფლების შესაცვლელად; ბევრად იოლია რუსთაველზე 100 000 კაცის მოგროვება, ვიდრე 8 000-ის მობილიზება საარჩევნო უბნებზე, მეთვალყურეებად; საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებაზე მუშაობა მძიმე, რუტინული შრომაა, მაგრამ აუცილებელიაო...
დავითაშვილს დარბაზში მყოფებმა ტაში აქა-იქ დაუკრეს, მაგრამ სიმშვიდე და “შერატონ მეტეხი პალასში“ არსებული სიმყუდროვე მსახიობმა დიმა ჯაიანმა დაარღვია - ახლა მგონია ინგლისის ლორდთა პალატაში ვზივარ; არადა, გუშინ “ენვერის“ ჩვენებით კიდევ ერთხელ დაგვასხეს თავზე ლაფი; ენას, მამულს, სარწმუნოებას გვართმევენ და თქვენ აქ ამაზე სიტყვას არ ძრავთო... ჯაიანის ნათქვამზე დარბაზში მყოფმა თითქმის ყველა ადამიანმა დაუკრა ტაში.
თემურ ნანეიშვილმა იქ მყოფებს ემოციებისგან თავშეკავება ურჩია და შეახსენა, ჩვენი შეკრების მიზანი ისაა, რომ უფრო გამჭირვალე გავხადოთ საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებაზე მუშაობის პროცესიო. დიმა ჯაიანის ემოციური გამოსვლის შემდეგ, ნანეიშვილმა სიტყვა “თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერს, ირაკლი ალასანიას გადასცა, მაგრამ ოპოზიციაში გადასვლის დღიდანვე კონტრუქციულ ალასანიას, ნანეიშვილის მსგავსად ჯაიანის გაკიცხვა არ დაუწყია, პირიქით თქვა - ბატონი დიმას და სხვა დევნილების მსგავსად, იმ მდგომარეობაში რომ გამეტარებინა ბოლო 17 წელი, როგორშიც მათ იცხოვრეს, მე ბევრად აგრესიული ვიქნებოდი ჩემს გამოსვლაში; მიუხედავად დიდი პატივისცემისა, ბატონ დიმას ვერ დავეთანხმები იმაში, რომ ან სიკვდილი, ან გამარჯვება; ჩვენი მტერი არის შიდა დაპირისპირება, ხელისუფლება არჩევნებით უნდა დავამარცხოთო.
დარბაზიდან პატრულის მიერ მოკლული ბუტა რობაქიძის მამა წამოდგა, რაღაც კითხვა დაუსვა ალასანიას, რომელიც სამწუხაროდ, ვერ გავიგეთ, რადგან ჩვენ უკან, ჟურნალისტებისთვის განკუთვნილ ადგილას ვისხედით. რობაქიძე პასუხს არ დალოდებია, ისე დააპირა დარბაზიდან გასვლა, რაზეც ალასანია გაცხარდა - კითხვა რომ დამისვით, კეთილი ინებეთ და პასუხი მოისმინეთ; მესმის ეს აღელვება, მეც ასე ვარ აღელვებული, როცა სხვადასხვა რაიონებში დევნილებს ვხვდები; ხელისუფლების არჩევნების გზით შეცვლას ალტერნატივა არ აქვს, რევოლუციას ხელისუფლების სათავეში შემთხვევითი ხალხის მოსვლა მოჰყვება, რომლებიც ხალხს ისევე უღირსად მოექცევიან, როგორც ახლა ხდება და შემდეგ მათი ძალადობით შეცვლა გახდება აუცილებელიო...
ამის შემდეგ სიტყვით “რვიანის“ ერთ-ერთი წევრი პარტიის - “ახალი მემარჯვენეების“ ერთ-ერთი ლიდერი, მამუკა კაციტაძე გამოვიდა - არ მივდივარ შეკრებაზე, სადაც სხვა გზაზე საუბრობენ; სხვის აზრზს პატივს ვცემ, მაგრამ არ ვიზიარებ; ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ არ შედგეს მოლაპარაკება საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებაზე; არჩევნების გზით ხელისუფლების შეცვლას ალტერნატივა არ აქვსო. ამაზე დიმა ჯაიანმა ჰკითხა მამუკა კაციტაძეს - როგორ, არჩევნებს 2013 წლამდე უნდა ველოდოთო? რაზეც კაციტაძემ მიუგო - გარემოს გაუმჯობესების შემდეგ ჩვენ მოგყვებით იმაზე, რომ ეს პროცესი დავაჩქაროთო.
“კონსერვატორების“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ზვიად ძიძიგურმა მათი მოქმედების “საიდუმლო“ გაგვანდო -“კონსერვატორებს“ ვალდებულება გვაქვს ყველა ფრონტზე ვიბრძოლოთო. ანუ აქაც ჩვენ ვართ იქაც ჩვენ ვართო. ძიძიგურმა ისიც გვითხრა, რომ საერთაშორისო ორგანიზაციები პირველად უჭერენ მხარს ოპოზიციის კონკრეტულ პროექტს, ანუ საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებაზე მუშაობას, რასაც ხელისუფლება ყველანაირად ეწინააღმდეგება და “ფორუმელი“ კახა ჩაკვეტაძეც იმიტომ დაიჭირეს, რომ “ფორუმს“ როგორმე უარი ათქმევინონ ამ პროცესზე; ჩვენ, “კონსერვატორები“ სადაც სიკვდილია იქ ვართ, მაგრამ სადაც გამარჯვებაა, იქაც ვართ, რატომ მოვაშიშვლოთ ეს პროცესიო?! - იკითხა ძიძიგურმა და ისიც დასძინა, რომ საარჩევნო გარემოზე მუშაობა ხელს არ შეუშლის “სახალხო კრების“ ჩატარებას და “ნდობის ჯგუფის“ მუშაობას.
ძიძიგურის გამოსვლის შემდეგ, ა/ო. “ყოფილი პოლიტპატიმრების ადამიანის უფლებებისთვის“ ხელმძღვანელმა, ნანა კაკაბაძემ თქვა, რომ დღეს არ ჩანს ძალა, რომელიც არჩევნების გზით დაამარცხებს ამ ხელისუფლებასო, რაზეც ფაქტიურად ყველამ დაუკრა თავი.
დიმა ჯაიანი ისე მივიდა ტრიბუნასთან, რომ ნებართვა არ უთხოვია - ყოველ წამ-წუთს ჩემს სახელს ახსენებენ და ამიტომ, დიდი ბოდიში, მაგრამ სიტყვით უნდა გამოვიდე; იპოდრომზე 200 000 კაცი, რომ იდგა, ფილარმონიამდე, რომ მოვსულიყავით, დღეს აქ შეკრებილი არ ვიქნებოდით, რაშიც არა მხოლოდ სხვას ვადანაშაულებ, საკუთარ დანაშაულსაც ვგრძნობ, რომ ხალხს არ მოვუწოდე გზის გაგრძელებისკენ; დრო მიდის, ქვეყანა იღუპება; კაბინეტებში ილიას სურათი უკიდიათ, მაგრამ ილიას გზას ანადგურებენ, უკვე იაკობ გოგებაშვილის დედა ენას წონიან, მძიმეაო; დაგვცინიან ხალხო, ყოველი წუთი მათ წისქვილზე ასხმას წყალს, ხომ ხედავთ ძალიან ცუდადაა საქმე, ტიტველი დარბის და სანამ ტრუსი გაუხდია, შველა სჭირდება მაგას, რაღაც დრო უნდა თქვათ, აღარ შემიძლიაო.
ჯაიანს კახა შარტავა ჩაენაცვლა; მართალია არ განუცხადებია ხელისუფლების მოცილების ერთადერთი გზა ეროვნული დაუმორჩილებლობააო, მაგრამ თქვა ის, რომ საარჩევნო კოდექსში ცვლილებების შეტანა “ფორუმელებისთვის“ ამოცანა კი არა, ინსტრუმენტია, ეს ორი ერთმანეთში არ აგერიოთ; ჩვენს შორის (“რვიანის“ წევრებს შორის) არის განსხვავება, როგორც ხედვებში, ისე ვადებში; საარჩევნო გარემოს გაუმჯობესების საქმეში საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან კი არის ზეწოლა ამ ხელისუფლებაზე, მაგრამ ქართული საზოგადოება ამბობს, არ ვიცი რა გამოვაო, მაგრამ “ფორუმი“ ყველანაირად შეუწყობს ხელს, რომ დაიწყოს მოლაპარაკება; მართალია უშუალოდ ჩვენ მოლაპარაკების მაგიდას არ მივუსხდებით, რადგან ტყვედ ჰყავთ აყვანილი “ფორუმის“ ერთ-ერთი წევრი, მაგრამ საკითხების განხილვაში დანარჩენ შვიდ პარტიასთან ერთად მონაწილეობას მივიღებთო.
“ქრისტიან-დემოკრატების“ სახელით, პარლამენტარი გიორგი ახვლედიანი გამოვიდა - ამ ხელისუფლებამ ისეთი ძლიერი კედელი ააშენა, თავით და მუშტით დარტყმა არ გვარგებს, აგურ-აგურ უნდა დავშალოთ და შედეგს მხოლოდ ასეთ შემთხვევაში მივიღებთ; ჩენ ვიღებთ პასუხისმგებლობას იმაზე, რომ გაუმჯობესებული საარჩევნო კოდექსის შემდეგ, არ გამოვალთ და არ ვიტყვით რომ არჩევნები გაყალბდა; გაუმჯობესებული კოდექსის გატანით, ამ ხელისუფლებას ხელებს ვაჭრითო. ახვლედიანს კონკრეტული ვადა არ დაუსახელებია, მაგრამ თქვა - მერწმუნეთ, ყველაზე მეტად ჩვენ ვართ დაინტერესებული, რომ ეს პროცესი არ გაიჭიმოსო.
“რესპუბლიკური პარტიის“ თავჯდომარემ, დავით უსუფაშვილმა თავიდან ვადებზე დაიწყო საუბარი, მაგრამ კონკრეტული არაფერი უთქვამს, ისე გადაინაცვლა ახლო წარსულში; შეცდომებზეც ისაუბრა, საერთაშორისო ორგანიზაციები და ზოგადად დასავლეთიც გააკრიტიკა, იმის გამო, რომ დღემდე შავზე ამბობდნენ თეთრს, სააკაშვილს ზაფხულის პირობები შეუქმნეს, მაგრამ რა ქნან?! ალტერნატივას ვერ ხედავენ - ბოლობოლო, თქვენ ვერ ხედავთ ალტერნატივას ჩვენში და დასავლეთი როგორ დაინახავს?! რადგან სააკაშვილზე არ მოქმედებს რუსთაველის გამზირზე 200 000 კაცის გამოსვლა და ეგ იმაზე უფრო ნერვიულობს, ობამა ხელს, რომ არ ართმევს, ჩვენც ეს ბერკეტი უნდა გამოვიყენეთო.
თემურ ნანეიშვილმა სინანული გამოთქვა, დღევანდელი შეხვედრა გვინდოდა სხვა მიმართულებით წასულიყო; ხელისუფლება თქვენს უკან ხალხს, სამოქალაქო საზოგადოებას თუ არ დაინახავს, ადვილად დაგჩაგრავთ; ამიტომ, ეგებ დღეს შევქმნათ მეთვალყურეთა ჯგუფი, რომელიც საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებაზე მუშაობის პროცესს მეთვალყურეობას გაუწევსო.
გუბაზ სანიკიძემ, რომელიც მანამდე დარბაზში ბოლთას სცემდა, სიტყვით გამოსვლა ითხოვა და “რვიანის“ მთავარ პრობლემაზე ისაუბრა - “ფორუმის“ აზრით საარჩევნო გარემოზე მუშაობას ერთი თვე სჭირდება, ხოლო სხვები ამბობენ, ამისთვის 8 თვეა საჭიროო. სანიკიძემ გვითხრა ისიც, რომ სააკაშვილის მდგომარეობა არნახულადაა დამძიმებული, მას შემდეგ, რაც ირანთა უვიზო მიმოსვლა გააფორმა და ჩრდილო კავკასიელებს უვიზოდ შემოსვლის ნება დართო; კი ვიცი რომ დასავლეთმა მიქარა, ამას თვითონაც აღიარებენ, მაგრამ დასავლეთი მხოლოდ მაშინ მიდის ცვლილებებზე, როცა გარკვეულია იმაში, რომ არსებული უკეთესით შეიცვლებაო. ამის შემდეგ სანიკიძემ, უსუფაშვილის მსგავსად თარგამაძის ქრისტიან-დემოკრატები შეაქო - მათი დამსახურებაა, სააკაშვილმა, მოლაპარაკების მაგიდასთან, რომ მხოლოდ 3-4 პარტია ვერ დასვაო...
მოკლედ, შეხვედრა, რომელიც დათქმულ დროზე 15 წუთით გვიან, ოთხის 15 წუთზე დაიწყო, შვიდს რომ წუთები აკლდა, მაშინ დასრულდა. ბოლო გამომსვლელების დროს დარბაზი თითქმის დაცარიელებული იყო.