შრომის უსაფრთხოებასთან დაკავშირებული რეგულაციების გამკაცრებას ვითხოვდით და მახსოვს უმრავლესობის ლიდერის პასუხი, რომ ბიზნესს უნდა გავუფრთხილდეთო, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ლევან კობერიძემ ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში განაცხადა.
მისივე თქმით, არასწორი იყო პარლამენტის თავმჯდომარის განცხადება იმის შესახებ, რომ შრომის უსაფრთხოებასთან დაკავშირებული რეგულაციების გამკაცრების წინააღმდეგ კვირიკაშვილის მთავრობა წავიდა.
„ჩემთვის მართლა ძალიან არასასიამოვნოა ამ განცხადების მოსმენა პარლამენტის თავმჯდომარისგან. იმდენად რამდენადაც, მაშინ როდესაც 4 მეშახტე გარდაიცვალა და დაკრძალულიც არ იყო, აქცენტების გადატანა და დაბრალება მე, სწორად არ მიმაჩნია“, - განაცხადა კობერიძემ.
მისივე თქმით, როდესაც პარლამენტის რამდენიმე წევრი „შრომის კოდექსის“ გამკაცრებას ითხოვდა, უმრავლესობის ლიდერი არჩილ თალაკვაძე ამის წინააღმდეგი იყო.
„ჩვენ ვითხოვდით, მე, ცქიტიშვილი, ჭიჭინაძე და რამდენიმე დეპუტატი ამ რეგულაციების გამკაცრებას და მახსოვს უმრავლესობის ლიდერის პასუხი, რომ ბიზნესს უნდა გავუფრთხილდეთო. აქ ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ მთელი პარლამენტი იყოს გადაწყვეტილების მიღების პროცესში ჩართული“, - განაცხადა კობერიძემ.
მანვე აღნიშნა, რომ „შრომის კოდექსთან“ დაკავშირებით დისკუსიაზე მთავრობასა და პარლამენტის წევრებს შორის მან არაფერი იცოდა და თუ ვინმემ იცოდა ამის შესახებ ეს ინფორმაცია სხვებისთვისაც უნდა მიეწოდებინა.
„მე პირადად არც ერთ დისკუსიას არ შევსწრებივარ. თუკი ასეთი მსჯელობა იყო, მე, როგორც უმრავლესობის წვერი, არ დავსწრებივარ. თუ ასეთი ჭიდაობა მიდიოდა და ჩვენ არ ვიცოდით, ეს ძალიან ცუდია“, - განაცხადა ლევან კობერიძემ.
პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, პარლამენტი მზად იყო კონსტიტუციაში შრომის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით მკაცრი ჩანაწერები აესახა, თუმცა მთავრობის მაშინდელი ხელმძღვანელობა წინააღმდეგ წავიდა. „ჩვენ მზად ვიყავით, კონსტიტუციაში აგვესახა მკაცრი ჩანაწერები შრომის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით, მათ შორის საქმე ეხებოდა ჩანაწერს შრომის ინპექციის თაობაზე, თუმცა ამის წინააღმდეგ მთავრობის მაშინდელი ხელმძღვანელობა წავიდა”, - განაცხადა კობახიძემ.