ეკა ბესელია:

ეკა ბესელია: "სახალხო კრების ჩატარებას ხელისუფლება ხელს ვერ შეუშლის"

მეტეხის ტაძრის ეზოში პატიმართა უფლებების დაცვის საქველმოქმედო ფონდის პრეზენტაცია გაიმართა. ფონდი საზოგადოებრივი მოძრაობა “სოლიდარობა უკანონო პატიმრებს” ხელმძღვანელის, ეკა ბესელიას ინიციატივით დაფუძნდა. ფონდის მიზნებზე ეკა ბესელიამ პრესა.გესთან ისაუბრა.

 

`მნიშვნელოვანია, რომ ფონდი “ღვთისმშობლის ხატის ყოველთა მწუხარეთა სიხარულის დღეს” დაფუძნდა მეტეხის ტაძარში, რომელიც ადრე ციხე იყო და განსაკუთრებულ დატვირთვას ატარებს. `ეს არის პირველი ფონდი პატიმრებისთვის და მიხარია, რომ მის ჩამოყალიბებაში ჩემი წვლილი შევიტანე. ეს იქნება ჩემი ადამიანური და პროფესიული თანადგომა იმ ადამიანებისათვის, რომლებიც დღეს, ყველაზე შეჭირვებული არიან”

 

ქალბატონო ეკა, ფონდის შექმნის იდეა როგორ გაჩნდა?

-ყველა ბოლო ქადაგებაში, მისი უწმინდესობა საუბრობს პატიმართა დახმარებაზე, მან მოგვიწოდა, რომ შაბათი და ხუთშაბათი გამოვყოთ პატიმრებისთვის ქველმოქმედების გასაკეთებლად. ფონდი პატრიარქის ლოცვა კურთხევით დაფუძნდა, ამის შესახებ მის უწმინდესობას გერმანიაში გამგზავრებამდე ვესაუბრე.

მას ძალიან გაუხარდა. ასე, რომ ფონდი მისი უწმინდესობის ლოცვა-კურთხევით შეიქმნა.

 

როგორ აპირებთ პატიმართა უფლებების დაცვას?

-ქველმოქმედება ძირითადად მიმართული იქნება როგორც პატიმრებისადმი, ასევე მათი ოჯახებისთვისაც. აქ იქნებიან ქველმოქმედი ადვოკატები, ექიმები, მეცენატები, რომლებიც ყველა სახის დამხარებას გაუწევენ პატიმრებს. უახლოეს მომავალში პატიმრებისთვის დაიგეგმება საქველმოქმედო ღონისძიებები, იმოქმედებს ტელეფონის ნომერი, რომელზე განხორციელებული ერთი ზარით, ერთი ლარი ჩაირიცხება საქველმოქმედო ფონდში.

 

ფონდს ეყოლება საპატიო თავმჯდომარე, რომელსაც დარბაზი აირჩევს. მინდა აღვნიშნო, რომ დარბაზი საკმაოდ წარმომადგენლობითი და მასში 40-ზე მეტი ადამიანი შედის. აქ არიან ცნობილი ექსპერტები, უფლებადამცველები, პოლიტპატიმრები, საზოგადოების ცნობილი სახეები. თავმჯდომარე მე ნამდვილად არ ვიქნები”.

 

რაც შეეხება 7 ნომებერს დაგეგმილ ღონისძიებებს, -ეკა ბესელიამ პრესა.გესთან ამ თემაზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ `ხელისუფლების პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებას” კვლავ აპირებს.

 

`ხვალ 19:00 საათზე პარლამენტის წინ შევიკრიბებით, წარმოდგენილი იქნება სახალხო კრების საინიციატივო ჯგუფი, ასევე ჩვენი პარტნიორი უფლებადამცველები. ხვალ კიდევ ერთხელ გავაკეთებ განცხადებას ყველა პოლიტპატიმარის გათავისუფლების შესახებ და კიდევ ერთხელ ვაპირებ ხელისუფლების პასუხისმგებლობის საკითხი დავაყენო, 25 ნოემბერი მოდის, ეს არის მნიშვნელოვანი პოლიტიკური თარიღი”, - აღნიშნა ბესელიამ.

 

გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ ხელისუფლებამ წარმომადგენლობითი სახალხო კრების ორგანიზატორებს ლოკომოტივის სტადიონის მიქირავებაზე უარი უთხრა, საზოგადოებრივი მოძრაობის ლიდერი ამბობს, რომ სახალხო კრების ჩატარებას ეს ხელს ვერ შეუშლის. `მიუხედავად იმისა, რომ არის გარკვეული წინააღმდეგობები სახალხო კრება მაინც ჩატარდება. სახალხო კრება არ არის ის პროცესი, რომელსაც ხელისუფლება ხელს ვერ შეუშლის.

 

ლოკომოტივის სტადიონი, ეკონომიკის სამინისტროს ბალანსზეა, ეს იმას ნიშნავს, რომ ხელისუფლება ვალდებულია ხალხს მისცეს კრების ჩატარების უფლება. ვფიქრობ, დაიწყო პროცესი, როდესაც ხალხმა უნდა შეძლოს არამარტო პოზიციის გამოხატვა და გადაწყვეტილების მიღება, არამედ, გადაწყვტილების აღსრულება.

 

ვისაც მიაჩნია, რომ ამ რეჟიმის მოთმენა არ შეიძლება და ის შესაცვლელია და გადაწყვეტილება ძალიან სწრაფად მისაღები, სახალხო კრებას ყველა შემოუერთდება. ვნახოთ როგორ გადაწყდება, მე ვფიქრობ, რომ წარმომადგენლობითი სახალხო კრება მაინც ლოკომოტივის სტადიონზე ჩატარდება”.

 

საქველმოქმედო ფონდის მხარდამჭერთა დარბაზში, რომლის პრეზენტაციაც დღეს შედგა, საზოგადოების წარმომადგენლები, უფლებადამცველები, ექსპერტები შედიან. მათ შორის, სოსო ცისკარიშვილი, ირაკლი სესიაშვილი, გურამ ფირცხალავა, გია ყარყარაშვილი, ირაკლი ბათიაშვილი, მინდია უგრეხელიძე, გელა ნიკოლეიშვილი, ლალი აფციაური, სულხან მოლაშვილი და სხვა. მათი ნაწილი დღევანდელ პრეზენტაციას ესწრებოდა.

 

პრესა.გესთან ამ დარბაზის წევრმა ნათელა მაჭავარიანმა ფონდის მიზნებზე ისაუბრა. “ჯერჯერობით არ გვიმსჯელია იმაზე, თუ რა სახის დახმარებას გავუწევთ პატიმრებს. მაგრამ ეს იქნება ალბათ მორალური და ფინანსური დახმარებაც. მივესალმები ეკა ბესელიას წამოწყებას, რადგან პატიმრების რიცხვი ქვეყანაში 200 000 – ზე მეტია და მათ ოჯახებს არ აქვთ იმის საშუალება, რომ შვილები საკვებით უზრუნველყონ, პატიმართა ნახვის უფლებაც დარღვეულია, იმედი მაქვს, ეს ფონდი ამ პრობლემებს მოაგვარებს, - აღნიშნა ნათელა მაჭავარიანმა და საზოგადოებას პატიმართა დახმარებისკენ მოუწოდა.

 

“ყველას მოვუწოდებ, შეძლებისდაგვარად, გაიღონ ერთი ლარი და დაეხმარონ პატიმრებს. პატიმართა უფლებების დაცვის საქველმოქმედო ფონდის სახელზე იმოქმედებს სატელეფონო ნომერი, რომელზეც დახმარების მსურველებს შეუძლიათ დარეკონ. ასევე ფონდის სახელზე “თიბისი” ბანკში სპეციალური ანგარიშია გახსნილი”, - განაცხადა ნათელა მაჭავარიანმა.

 

მისივე თქმით, საქართველოში პატიმართა მდგომარეობის შესახებ ყველასთვის კარგად არის ცნობილი. “ეს მე საკუთარ თავზე გამოვცადე, ამიტომ ამ კეთილშობილურ საქმეს მივესალმები”.