გამოიკვეთა გარემოება, რომელიც ვფიქრობთ, რომ საინტერესო უნდა იყოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის, ამის შესახებ ჩვენ შსს-ს მივაწვდით ინფორმაციას და დაველოდებით რეაგირებას, - ამის შესახებ საგამოძიებო კომისიის წევრმა ანრი ოხანაშვილმა განაცხადა მას შემდეგ, რაც კომისიამ სამი არასრულწლოვნის გამოკითხვა დაასრულა.
მისი თქმით, ბოლო კვირების განმავლობაში ჩატარებული გამოკითხვების შედეგად ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეში ახალი გარემოება გამოიკვეთა. "ჩვენ ინტენსიურად ვაწარმოებთ გამოკითხვებს. ბოლო კვირების განმავლობაში არაერთი პირი გამოვკითხეთ, მათ შორის არასრულწლოვანი, სრულწლოვანი, თვითმხილველები, ის პირები, ვინც რამე სახის ინფორმაციას ფლობდნენ ამ საქმესთან დაკავშირებით. ამ ყველაფრის შედეგად გამოიკვეთა გარემოება, რომელიც ვფიქრობთ, რომ საინტერესო უნდა იყოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის. ამის შესახებ ჩვენ შსს-ს მივაწვდით ინფორმაციას და შემდგომ დაველოდებით რეაგირებას. ჩვენ ვიცით, რომ შსს ინტენსიურად მუშაობს სხვადასხვა ვერსიაზე და ვიცით ის, რომ მათაც აქვთ გარკვეული სახის გარემოებები, რომელიც მათ გამოკვეთეს. ვნახოთ, საუბარია ერთსა და იმავე თუ სხვდასხვა ტიპის გარემოებებზე", - განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.