ვფიქრობ, „ქართულ ოცნებას“ საპრეზიდენტო არჩევნებზე კანდიდატი არ ეყოლება

ვფიქრობ, „ქართულ ოცნებას“ საპრეზიდენტო არჩევნებზე კანდიდატი არ ეყოლება

პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი თამარ ჩუგოშვილი ფიქრობს, რომ „ქართულ ოცნებას“ საპრეზიდენტო არჩევნებზე კანდიდატი არ ეყოლება.

პირველი არხის კითხვაზე, მმართველი გუნდი როდის მიიღებს გადაწყვეტილებას საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით, ჩუგოშვილი პასუხობს, რომ „ქართულ ოცნებას“ ერთი კვირა დასჭირდება იმისთვის, რომ საბოლოო პოზიცია ჩამოაყალიბოს.

„ვფიქრობ, „ქართულ ოცნებას“ არჩევნებზე საპრეზიდენტო კანდიდატი არ ეყოლება, მაგრამ გადავწყვეტთ, მხარს ვის დავუჭერთ. საარჩევნო კამპანიაში პოლიტიკურად აქტიურად ვიქნებით ჩართული და დავაფიქსირებთ, ჩვენთვის მისაღები რომელი კანდიდატი იქნება, თუმცა ეს პირი პარტიის წევრი არ იქნება”, – აღნიშნა დეპუტატმა.

ჩუგოშვილი ოპონენტების შეფასებებსაც ეხმაურება და ამბობს, რომ მათ მოსაზრებებს პასუხი არჩევნებზე გაეცემა, როცა მმართველი გუნდის მიერ მხარდაჭერილი კანდიდატი არჩევნებს დამაჯერებელი შედეგით მოიგებს.

საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნები ოქტომბერში უნდა ჩატარდეს, თუმცა თარიღი ამ ეტაპზე უცნობია. კონსტიტუციის გათვალისწინებით, პრეზიდენტმა საპრეზიდენტო არჩევნების თარიღი პრემიერ-მინისტრთან შეთანხმების საფუძველზე უნდა გამოაცხადოს.