ფართოდ რეკლამირებულ სპეცოპერაციას კოდური სახელწოდებით „ენვერი“ ფარდა აეხადა. რუსული მხარე იმუქრება, რომ „თავის მოქალაქეებს გაჭირვებაში არ მიატოვებს“. თბილისში ამბობენ, რომ „ომი ნამდვილად არ დაიწყება თავიდან“.
მოსკოვში უკიდურესად აღშფოთებულნი არიან ჯაშუშების დაკავებით და ყოველივე ამას „ანტირუსულ პროვოკაციად“ აფასებენ. ინფორმაციას ამის შესახებ დილიდან მოყოლებული რუსული მედია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში არსებულ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებდა.
„ჩვენ უკიდურესად აღშფოთებულნი ვართ საქართველოში რუსეთის მოქალაქეების დაკავებით და ამჟამად სიტუაციის შესწავლით ვართ დაკავებულნი. ცხადია, რომ ყოველივე ეს ლისაბონში დაგეგმილი ნატო-რუსეთისა და ასტანაში ეუთოს სამიტის წინ გაკეთდა, იმისათვის, რათა მაქსიმალურად მიიპყრონ ყურადღება და ავნონ რუსეთს“, – აცხადებს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში არსებული წყარო.
დღის მეორე ნახევარში რუსეთის საგარეო საქმეთა სამინიტრომ უკვე ოფიციალურ კომენტარი გაავრცელა. როგორც დიპლომატიური უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, „ჯაშუშების ისტორია“ მიხეილ სააკაშვილის რეჟიმის პროვოკაციაა და ეს დრო უბრალოდ არ არის არჩეული“.
„სააკაშვილის რეჟიმი რუსეთთან მიმართებაში ქრონიკული „ჯაშუშომანიით“ არის დაავადებული. ბოლო წლების განმავლობაში ქართულ მხარეს მსგავსი სკანდალების შეთითხვნის ხერხები არაერთხელ გამოუყენებია და ამით შიდა ან საგარეო პოლიტიკური დივიდენდების მიღებას ცდილობდა. ამჯერად პროვოკაციის დრო შემთხვევით არ არის არჩეული, რადგან უახლოეს მომავალში რეზონანსული საერთაშორისო მოვლენები მოხდება. ნატო-ს ლისაბონის სამიტი ქართულ მხარეს აძლევს იმის შესაძლებლობას, რომ სკანდალით მიიპრყოს ყურადღება“, - ნათქვამია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
„პოლიტიკური ფარსი“ უწოდა საქართველოში ჯაშუშობაში ბრალდებული რუსეთის მოქალაქეების დაკავებას რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ გრიგორი კარასინმა.
„თბილისმა უნდა იცოდეს, რომ რუსეთი თავის მოქალაქეებს გაჭირვებაში არ მიატოვებს“, – აცხადებს რუსეთის დუმის საერთაშორისო საქმეთა კომიტეტის ხელმძღვანელი კონსტანტინე კოსაჩოვი.
„ეს ძალიან სერიოზული ვითარებაა. ვინც საქართველოში ახალი პროვოკაცია დაიწყო, უნდა იცოდნენ, რომ რუსეთი თავის მოქალაქეებს გაჭირვებაში არ მიატოვებს“, - აღნიშნა კოსაჩოვმა. მისი თქმით, დაკავებულებს არანაირი ურთიერთობა არა აქვთ სპეცსამსახურებთან.
რუსეთის პრეზიდენტის საზოგადოებრივი საბჭოს წევრის დიმიტრი ორეშკინის შეფასებით კი, საქართველოში რუსეთის ჯაშუშების დაკავება, ქვეყნებს ერთმანეთისგან კიდევ უფრო დააშორებს და საქართველოს დასავლურ სტრუქტურებში ინტეგრირების პროცესს დააჩქარებს .
როგორც ორეშკინმა „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, საქართველოში რუსი მზვერავების დაკავების ფაქტია არ გაკვირვებია. მისივე თქმით, რუს და ქართველ ხალხებს შორის ადამიანურ დონეზე ურთიერთოებებსა და მეგობრობას იმდენად დიდი ისტორია აქვს, რომ სულაც არ იქნებოდა ძნელი, რუსულ დაზვერვას საქართველოს მოქალაქეები გადაებირებინა. ორეშკინის განმარტებით, მას შემდეგ რაც ქართულმა მხარემ რუს ჯაშუშთა მორიგი ჯგუფი დააკავა, ახლა საინტერესოა, რა ნაბიჯებს გადადგამს მოსკოვი.
„ამჯერად რუსეთის ხელისუფლება რუსულ ბაზარზე ვერც „ბორჯომს“ და ვერც საავიაციო მიმოსვლას ვერ აკრძალავს და ვერც რუსეთში მცხოვრებ ქართველებს გააძევებს, ვინაიდან ეს ყველაფერი უკვე ისედაც აკრძალული და გაკეთებულია. იმედია, რუსეთის ხელისუფლებას გაცნობიერებული აქვს, რომ მის მიერ გატარებული საპასუხო ღონისძიებები არაეფექტური იყო“, – აღნიშნავს ორეშკინი, რომლის აზრითაც, რუსეთში კვლავ აქვთ საბჭოთა კავშირის მსგავსი წარმონაქმნის შექმნის იმედი, მაგრამ ვერ აცნობიერებენ, რომ ამგვარი ნაბიჯებით მოსკოვი თავად უწყობს ხელს საქართველოს დასავლეთისკენ სწრაფვას.
„დარწმუნებული ვარ, მზვერავთა დაკავების შემდეგ, საქართველოს დასავლურ სტრუქტურებში ინტეგრირების პროცესს კიდევ უფრო დაჩქარდება“ – დასძინა ორეშკინმა.
„დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერის ნინო ბურჯანაძის შეფასებით, რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობისთვის დაკავებულების საქმის პოლიტიზება არ უნდა მოხდეს.
„ჩვენს სამართალდამცავ ორგანოებს ცუდად უმუშავიათ, თუ ჯაშუშების გამოსავლენად ოთხი წლის განმავლობაში მუშაობდნენ და მხოლოდ ახლა აღმოაჩინეს. ზოგადად კი, თუ ვინმე ჯაშუშურ საქმიანობას ახორციელებს სახელმწიფოს ინტერესების საწინააღმდეგოდ, ასეთი ადამიანი უნდა დააკავონ“, - აღნიშნა ბურჯანაძემ.
ექსპერტ მამუკა არეშიძის შეფასებით, რუსეთთან ჯაშუშობაში ეჭვმიტანილი პირების ბოლო დროს გახშირებული დაკავებები ადასტურებს, რომ მეზობელი ქვეყნის სპეცსამსახურებში „ყველაფერი რიგზე აღარაა“.
„რუსი ჯაშუშების ბოლოდროინდელი დაკავებები, რომელსაც რამდენიმე ქვეყანაში, მათ შორის საქართველოშიც ჰქონდა ადგილი, მოწმობს, რომ რუსეთის სპეცსამსახურებში ყველაფერი რიგზე აღარ არის და აგენტები ადვილად „ვარდებიან“. როგორც ჩანს, მათ სერიოზული პრობლემები აქვთ - სისტემა მოეშალათ. თავად რუსი პოლიტოლოგებისა და პოლიტსპეციალისტების სიტყვებია, რომ ამ კუთხით მდგომარეობა, როგორც „გრუ“-ში, ისე საგარეო დაზვერვაში „ძალიან აჭრილია“, - განუცხადა „ჯი-ეიჩ-ენს“ მამუკა არეშიძემ საქართველოს შსს-ის მიერ რუსეთთან ჯაშუშობაში ეჭვმიტანილი პირების დაკავების საკითხზე კომენტირებისას.
რაც შეეხება აღნიშნულთან დაკავშირებით მოსკოვის მხრიდან მოსალოდნელ რეაქციას, ექსპერტის აზრით, „ადექვატური მოქცევის შემთხვევაში ჯაშუშების დაკავებას განსაკუთრებული რეაგირება არ უნდა მოჰყვეს, თუმცა მოსკოვის მხრიდან არც არაადექვატური ნაბიჯების გამორიცხვა შეიძლება“.
„საქართველოში ნებისმიერი რამ, რომელშიც რაღაც კონტექსტში არის მოხსენიებული რუსეთი, მოსკოვის გაღიზიანებას იწვევს. ამიტომაც, მისი რეაქციის პროგნოზირება რთულია, მაგრამ ომი ნამდვილად არ დაიწყება თავიდან“, - განმარტა არეშიძემ.
საქართველოში რუსეთზე მომუშავე ჯაშუშების დაკავება და მორიგი აგენტურული ქსელის გაშიფვრა უსაფრთხოების სფეროს ექსპერტებს არ უკვირთ. – რუსეთს ყველა სფერო აინტერესებს, რაც საქართველოს ეროვნულ ინტერესებთანაა დაკავშირებული - აცხადებს აფხაზეთის ლეგიტიმური ხელისუფლების უშოშროების ყოფილი მინისტრი, ექსპერტმა ლევან კიკნაძემ.
ექსპერტის შეფასებით, ქართველი სამართალდამცავების მიერ ჩატარებულმა ფართომასშტაბიანმა სპეცოპერაციამ, რომლის შედეგადაც რუსეთის ჯაშუშების ბრალდებით 13 ადამიანი დააკავეს, ცხადყო, რომ რუსეთი ამ სფეროების ირგვლივ მუშაობს და საკმაოდ დიდ არსენალს ამოქმედებს „ძალიან დიდი ძალებით და შესაძლებლობებით“.
ექსპერტი რამაზ კლიმიაშვილი მიიჩნევს, რომ სააკაშვილის მხრიდან ჯაშუშების თემის აგორება მორიგი პროვოკაციაა.
„დღეს რუსეთში სამხედრო დაზვერვის დღეს აღნიშნავენ და სააკაშვილმა ასე ორიგინალურად მიულოცა რუსეთს ეს დღე. თვითონ თვლის, რომ ორიგინალური საჩუქარი გაუკეთა იუბილესთან დაკავშირებით. სიმართლე გითხრათ, ვეღარ გავიგე რეალურად, რამდენი ჯაშუშია დაკავებული. შს სამინისტროში აცხადებენ, რომ 13-იაო, ხოლო რუსთავი 2 გვიმტკიცებს, 18 ჯაშუშიაო. ამ ჩამოთვლილთაგან უმრავლესობა სამხედრო მფრინავია და ესეც ბევრ კითხვას ბადებს, არ მესმის, ამდენი სამხედრო მფრინავი რაში სჭირდებოდათ? ამაზე ბევრი ინფორმაცია მაქვს წაკითხული და მოსმენილი და ამაში ლოგიკას ვერ ვხედავ.
პროვოკაციაა აბა რა არის როდესაც ასეთ საჩუქარს გაუკეთებ მაინცდამაინც იმ დღეს, როდესაც იუბილეს აღნიშნავენ. ჯერ ერთი, ზუსტად არ ვიცით, ეს ხალხი ჯაშუშები იყვნენ თუ არ იყვნენ, ჩვენ ვერ დავარღვევთ უდანაშაულობის პრეზუმფციას და მათ ვერ ვუწოდებთ ჯაშუშებს. ისინი ჯაშუშობაში ეჭვმიტანილები არიან.
ძალიან გამაკვირვა იმ ფაქტმაც, რომ დაკავებულებიდან რამდენიმე გაათავისუფლეს, თუ მართლა ჯაშუშები არიან, რატომ გაუშვეს? როდესაც მიდიხარ ამხელა პროვოკაციაზე, მზად უნდა იყო იმისთვის, რომ რუსეთიც აუცილებლად გიპასუხებს. მზად არის ამისთვის სააკაშვილი? ძალიან მეეჭვება, – აცხადებს კლიმიაშვილი „ათბ.ნიუსთან“ საუბრისას.
შეგახსნებთ, რომ საქართველოს შს სამინისტროს კონტრდაზვერვის დეპარტამენტმა ჩაატარა მასშტაბური ოპერაცია, რომელის შედეგადაც გამოვლინდნენ რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტროს გენერალური შტაბის მთავარი სადაზვერვო სამმართველოსთან ე.წ. გრუსთან ფარულ კავშირში მყოფი პირები.
გატარებული ღონისძიებების შედეგად გამოვლენილი იქნა ათეულობით პირი, რომლებიც თანამშრომლობდნენ ან სხვა და სხვა სახით დაკავშირებულნი იყვნენ რუსეთის ფედერაციის სპეცსამსახურებთან, მათგან 13 პირი იქნა დაკავებული შემდეგი მუხლებით „ჯაშუშობა“ და „უცხოეთის სადაზვერვო სამსახურში შესვლა“. აქედან ოთხი რუსეთის ფედერაციის მოქალაქეა.