აშშ-ს და ჩინეთის მთავრობებს კარგა ხანია უთანხმოება აქვთ იუანის რევალვაციასთან დაკავშირებით. სიტუაცია განსაკუთრებით მიმდინარე წლის გაზაფხულზე გართულდა, როცა ამერიკის მთავრობა პეკინის სავალუტო მანიპულაციებში დადანაშაულებას აპირებდა. იქამდე ჩინელებმა კომპანიების სტრეს-ტესტირება ჩაატარეს, რომელსაც უნდა გაერკვია, თუ როგორი სიტუაცია შეექმნებოდათ ექსპორტიორებს იუანის კურსის ზრდის გამო. შედეგები ერთობ მძიმე აღმოჩნდა და ჩინეთის მთავრობას იუანის რევალვაცია აზრადაც არ მოსვლია.
თავის მხრივ, არც ვაშინგტონს გამოუცხადებია ჩინეთის მთავრობა მანიპულატორად. ერთი მხრივ, ეს ბარაკ ობამას და ვენ ძიაბაოს შეხვედრამ, მეორეს მხრივ კი თებერვალ-მარტში ჩინეთის სავაჭრო ბალანსის ლამის ნულამდე შემცირებამ განაპირობა, რამაც შტატებს ზეწოლის საშუალება აღარ მისცა.
მაგრამ დაპირისპირება ზაფხულში განახლდა, როცა ჩინეთის სავაჭრო ბალანსი და აშშ-ს სავაჭრო დეფიციტი მკვეთრად გაიზარდა. ივნისის ბოლოს ობამას ადმინისტრაციამ ჩინეთი მკვეთრად გააკრიტიკა და სავალუტო მანიპულატორად გამოცხადების საკითხი კვლავ დადგა. პასუხად, ჩინელები თითქოს დანებდნენ და განაცხადეს, რომ სავალუტო პოლიტიკის შეცვლისა და იუანის რევალვაციისათვის მზად იყვნენ, თუმცა, მკაფიო ორიენტირები არ მიუთითებიათ. ანუ, გადაწყვეტილება სრულიად ფორმალურ ხასიათს ატარებდა. თუმცა, ეს საკმარისი აღმოჩნდა იმისათვის, რომ აშშ-ს ბრალდება და მისგან გამომდინარე სანქციები თავიდან აეცილებინათ.
ამის შემდეგ ამერიკული ვალუტის კურსმა კლება დაიწყო, რადგან ჩინეთი სულ უფრო ნაკლებ დოლარს ყიდულობდა და აქცენტს სხვა ქვეყნის ვალუტებზე აკეთებდა. ამასთან, პეკინმა ამერიკული ობლიგაციების შეძენის ნაცვლად აქცენტი ევროპულ და იაპონურ ფასიან ქაღალდებზე გადაიტანა. ამგვარად, ევროს და იენის კურსმა მოიმატა. შედეგად, მართალია, იუანის კურსმა დოლართან მიმართებაში მოიმატა, მაგრამ სხვა ვალუტებთან მიმართებაში მოიკლო. ანუ, ჭკვიანმა ჩინელებმა თითქოს განახორციელეს მცირედი რევალვაცია, მაგრამ მხოლოდ დოლართან მიმართებაში და ამით წაგებული არ დარჩენილან.
ზაფხული ამგვარი საინტერესო თამაშებით დასრულდა, შემოდგომის დასაწყისში კი ამერიკის ეროვნული ეკონომიკური საბჭოს თავკაცი ლოურენს სამერსი და ობამას ადმინისტრაციის უშიშროების მრჩევლის თანაშემწე ტომ დონილონი ჩინეთში ჩავიდნენ, სადაც სხვა მარალჩინოსნებთან ერთად ისინი თვით ქვეყნის მეთაურს ვენ ძიაბაოს შეხვდნენ, რაც ამ ვიზიტის უდიდეს მნიშვნელობაზე მეტყველებს. ზედ ვიზიტის წინ იუანის კურსი დოლართან მიმართებაში გვარიანად გაზრდილი იყო და შეხვედრებმა ერთობ პოზიტიურ ვითარებაში ჩაიარა.
სამაგიეროდ, სიტუაცია გვარიანად დაიძაბა ჩინეთსა და იაპონიას შორის. ამომავალი მზის ქვეყნის მთავრობა ჩინური თამაშის სტრატეგიას ჩაწვდა და ოფიციალური პეკინი გვარიანად გააკრიტიკა. თუმცა, იაპონიას ამერიკამ მხარი არ დაუჭირა და ხმაურიანი სკანდალი არ მომხდარა. იაპონიას ისღა დარჩენოდა, რომ ჩინეთის ნაცვლად დაეწყო ამერიკული ობლიგაციების და იუანების დიდი რაოდენობით შეძენა, რომ როგორღაც საკუთარი იენის კურსი დაებალანსებინა.
იაპონელთა ამ ნაბიჯს ის მოყვა, რომ სიტუაცია ადრინდელ, ზაფხულის დასაწყისის მდგომარეობას დაუბრუნდა. შედეგად, ამერიკელები კვლავ აღელდნენ, ჩინეთი კვლავ გააკრიტიკეს, მსოფლიოს სავაჭრო ორგანიზაციას მიმართეს და ჩინურ მილებზე გადასახადები გაზარდეს. ფინანსთა მინისტრი ტიმოთი გაიტნერი, რამდენიმე დღის შემდეგ კი, თვით პრეზიდენტი ობამა ანტიჩინური განცხადებებით გამოვიდნენ, ხოლო კონგრესსა და სენატში ჩინეთისადმი მძიმე სანქციების დაწესების მოთხოვნით გამოვიდნენ. აღსანიშნავია, რომ ამ პერიოდში ლოურენს სამერსი თანამდებობიდან გადადგა, რაც ამერიკულ-ჩინური ეკონომიკური პოლიტიკის კრახის აღიარებას ნიშნავდა.
მოკლედ, ჩინეთმა დრო ისე მოიგო, რომ იუანის რევალვაცია არ მოუხდენია. ძლიერ დაზარალებული იაპონია იძულებულია იენის დიდი რაოდენობა ბაზარზე გაიტანოს, რომ მისი შემდგომი ზრდა თავიდან აიცილოს. სამაგიეროდ, ამის საშუალება არ აქვს, რადგან სერიოზული პრობლემების წინაშე დგას.
რაც შეეხება ამერიკულ-ჩინურ ურთიერთობას, შტატები კვლავ გაღიზიანებულია. ხოლო ჩინეთი, სავარაუდოდ, დროის მოსაგებად ახალი თამაშის სტრატეგიას ამზადებს.