„რეკლამის ელვისი“ დონი დოიჩი

„რეკლამის ელვისი“ დონი დოიჩი

ამერიკული სარეკლამო სააგენტო გერმანული სახელით Deutche ხასიათით სრულად შეეფერება თავის სახელწოდებას. ამ სააგენტოს მიერ წარმოებულ რეკლამასთან დამოკიდებულებაში მთავარი იდეა „რეალიზმი“ გახლავთ. Deutche ისე ძალიან პოპულარულია, რომ ნებისმიერ დროს შეუძლია ხელში ჩაიგდოს უმსხვილესი კლიენტი.

 

სააგენტოს წარმატების მესაფუძვლე გახლავთ დონი დოიჩი, რომელსაც მეტსახელად „რეკლამის ელვისს“ და „მედისონ ავენიუზე უკანასკნელ ველურ ადამიანს“ ეძახიან. წარმატებული ბიზნეს-კარიერის გარდა დოიჩმა სახელი გაითქვა, როგორც ტელეწამყვანმა და მწერალმა, რომელიც მომავალში კინოსტუდიის დაარსებას და ნიუ იორკის მერის პოსტის დაკავებას აპირებს.

 

მეორე შანსი

დონი დოიჩი დაიბადა 1958 წელს ნიუ იორკის რაიონ კვინსში. დაამთავრა პენსილვანიის უნივერსიტეტის უორტონის ბიზნესის სკოლა. სარეკლამო ბიზნესში მისი მოხვედრა შემთხვევითი არ ყოფილა, რადგან მამამისი დევიდ დოიჩი პატარა სარეკლამო სააგენტო David Deutche Associates-ს ფლობდა. სწორედ იქ დაიწყო მუშაობა დონიმ სწავლის პარალელურად.

 

მაგრამ, 1983 წელს მამა-შვილს შორის განხეთქილება მოხდა. დევიდმა უმცროსი დოიჩი სამუშაოდან დაითხოვა და განრისხებული სააგენტოს დახურვასაც კი აპირებდა. მამის თქმით, ამის მიზეზი ის იყო, რომ შვილს სარეკლამო საქმე არ უყვარდა. დონიმ ლოს ანჯელეს მიაშურა, თუმცა, იქ სამუშაო ვერ იშოვნა და რამდენიმე თვეში მშობლიურ ნიუ იორკში დაბრუნდა.

 

მალე მამამ შვილს მეორე შანსი მისცა და დონიც სააგენტოში დაბრუნდა. ამჯერად მისი საქმე მშვენივრად წავიდა. 1984 წელს დონი ოჯახური ბიზნესის თავკაცი გახდა და ცოტა ხანში მას სახელი შეუცვალა - უბრალოდ Deutche დაარქვა.

 

იქამდე სააგენტო ძირითადად საგაზეთო რეკლამაზე მუშაობდა და მისი წლიური ბრუნვა 3-დან 5 მილიონ დოლარამდე მერყეოდა. ამბიციური დონისათვის ეს საკმარისი არ იყო და მან გადაწყვიტა ბიზნესის გაფართოვებაზე ეზრუნა. მისი პირველი წარმატება გახლდათ კომპანია Pontiac-თან ტელერეკლამის თაობაზე გაფორმებული ხელშეკრულება, რომლის მეშვეობითაც კომპანიის წლიური ბრუნვა გაორმაგდა.

 

მამაკაცთა კლუბი

დოიჩს სამუშაოზე ახალგაზრდა, ენერგიული ადამიანები აყავდა, რომლებსაც კვირაში 100 საათი შეეძლოთ ემუშავათ. სააგენტო დონის განკარგულებაში მთლიანად 1990 წელს გადავიდა, როცა უფროსი დოიჩი პენსიაზე გავიდა. იქედან მოყოლებული სააგენტო შეიცვალა, იგი დონის ხასიათის შესაფერისი - ენერგიული, ინტელექტუალური, არაორდინალური და, შეიძლება ითქვას, ცოტა უხეშიც კი გახდა.

 

Deutche-ში შეიქმნა პროფესიონალიზმისა და პრივატული სიტუაციის ნარევი. ბევრი სააგენტოს „მამაკაცთა კლუბს“ უწოდებდა. კომპანიაში არსებობდა „მამაკაცური საკვების მოყვარულთა კლუბი“, რომლის წევრები სადილად მხოლოდ ხორცს უკვეთავდნენ და ხელით შეექცეოდნენ. ვრცელდებოდა ჭორები, რომ სამუშაო საათებში ოფისში სექსი ჩვეულებრივი მოვლენა იყო. ამბობდნენ, რომ ამ მხრივ განსაკუთრებით სააგენტოს მექალთანე თავკაცი აქტიურობდა.

 

ცხადია, სააგენტოში ქალებიც მუშაობდნენ. როგორც დოიჩი ამბობდა, მამაკაცებს სამუშაოზე ემოციური აბსურდი შემოჰქონდათ, ქალები კი, უბრალოდ, თავიანთ საქმეს აკეთებდნენ.

 

სხვებისგან გამორჩეული

90-იან წლებში Deutche ამერიკის ერთ-ერთი ყველაზე კრეატიული სარეკლამო სააგენტო გახდა. იმ პერიოდში კომპანიის შტატი წელიწადში 100 ადამიანით იზრდებოდა, რაც უდიდესი წარმატება გახლდათ. 90-იანი წლების ბოლოს სააგენტო ტენდერს ტენდერზე იგებდა, რაც Mitsubishi-ის 250 მილიონ დოლარიანი სარეკლამო ბიუჯეტის მიღებით დაგვირგვინდა.

 

აღსანიშნავია, რომ სხვა სარეკლამო სააგენტოებისაგან განსხვავებით Deutche კლიენტებს საკმაოდ უცერემონიოდ ექცეოდა, რაც დონის ხასიათიდან გამომდინარე ხდებოდა. 2003 წელს კომპანიამ ფარმაცევტულ ფირმა Pfizer-თან ურთიერთობა მხოლოდ იმიტომ გაწყვიტა, რომ ამ უკანასკნელმა გაწეული სამუშაოს აუდიტი მოითხოვა.

 

გარდა ამისა, სხვებისაგან განხსვავებით Deutche-ს არასოდეს მოუწვევია რეკლამაში გადასაღებად ცნობილი სახე. დონის სააგენტოს კრედო გახლდათ „იყავი რეალური“. ამგვარმა მიდგომამ სრულად გაამართლა, გამორჩეული, საკმაოდ არაორდინალური სარეკლამო რგოლებით შემკვეთები ყოველმხრივ კმაყოფილი იყვნენ და მათი გაყიდვები გვარიანად იზრდებოდა.

 

2000 წელს დოიჩმა, რომელიც კომპანიის 87 პროცენტს ფლობდა, სააგენტო holding Interpublic Group-ს მიჰყიდა. თუმცა, თავად მის ხელმძღვანელად დარჩა და ადრინდელი კურსი და პოლიტიკა შეინარჩუნა. შედეგად, Deutche ჰოლდინგის ყველაზე მომგებიან განყოფილებად იქცა, მისი წლიური ბრუნვა 3-დან 4 მილიარდ

დოლარამდე მერყეობს, დონი დოიჩის პირადი კაპიტალი კი 1,2 მილიარდ დოლარს აღწევს.