„მარშრუტკებში“ ფეხზე დასადგომი ადგილიც კი აღარ არის

„მარშრუტკებში“ ფეხზე დასადგომი ადგილიც კი აღარ არის

თბილისელები გადაჭედილი სამარშრუტო ტაქსების გამო უკმაყოფილებას ყოველდღიურად გამოთქვამენ. ამ პრობლემამ განსაკუთრებით ზაფხულში იჩინა თავი, როდესაც მგზავრობა სულ უფრო არაკომფორტული გახდა.

მაღალი გადასახადის გამო, თითქმის ყველა მძღოლი, იძულებულია გადაიყვანოს მგზავრთა ბევრად უფრო დიდი რაოდენობა, ვიდრე ეს გათვალისწინებულია, რაც უსაფრთხოდ მგზავრობის რისკს მნიშვნელოვნად ზრდის. მიუხედავად იმისა, რომ ზაფხულია და დედაქალაქი ასე თუ ისე განტვირთულია, პიკის საათებში, სამარშრუტო ტაქსში არათუ დასაჯდომი, არამედ ფეხზე დასადგომი ადგილიც კი არ არის.

„მძღოლებს რომ ვსაყვედურობთ, გვეუბნებიან, რომ “მარშრუტკა” ბოლომდე უნდა შეავსონ, რადგან სხვა შემთხვევაში, მათ საარსებო წყარო არ ექნებათ. სადაა კომფორტი, რომელსაც “თბილისის მიკროავტობუსი” გვპირდებოდა. ერთხელ ისეთ ფაქტსაც შევესწარი: გადაჭედილ მიკროავტობუსში მძღოლი ამბობდა, ორი კაციც უნდა ამოვიყვანო, ჩაიწიეთო.

დამეთანხმებით, ზაფხულის პირობებში ასეთი მიკროავტობუსით მგზავრობა არც თუ ისე სასიამოვნოა, თავი დავანებოთ იმას, რომ ამით ირღვევა უსაფრთხოების ყველა ნორმა. გაჩერებაზე დგომა კი მინიმუმ 15 წუთი გვიწევს, ვინაიდან ახალი მიკროავტობუსების შემოყვანის შემდეგ ხაზებზე “მარშრუტკების” რაოდენობა განახევრდა”, - აღნიშნა ერთ-ერთმა მგზავრმა.

ამ ყველაფერს ემატება ისიც, რომ ზაფხულის ცხელ დღეებში ხალხით გადაჭედილ “მარშუტკით” მგზავრობა, თუ იქ კონდინცირების სისტემა არ მუშაობს, პრაქტიკულად, შეუძლებელია.

“შუადღიდან მოყოლებული სამარშრუტო ტაქსით მგზავრობა შეუძლებელია. როდესაც მძღოლს ვთხოვთ, რომ ჩართოს კონდინცირების სისტემა, ის გვპასუხობს, რომ არ მუშაობს და როცა გააკეთებენ, მაშინ ჩართავს. შესაბამისად, იმ დაპირებულ კომფორტს, რაზეც მერია და კომპანია “თბილისის მიკროავტობუსი” საუბრობს, ვერ ვიღებთ”, - ასეთ უკმაყოფილებას თბილისელები განსაკუთრებით 1-ლი ივლისის შემდეგ გამოთქვამენ. სწორედ ამ პერიოდიდან დაევალათ “მარშრუტკის” მძღოლებს სალონის კონდიცირება.

მძღოლები კონდიციონერის ჩაურთველობის მიზეზად გაუმართავს სისტემას ასახელებენ, “თბილისის მიკროავტობუსში” კი ირწმუნებიან, რომ კონდინცირების სისტემა ყველა მანქანაში მუშაობს და ცხელ დღეებში მძღოლი ვალდებულია ის ჩართოს.

“კომპანიის გადაწყვეტილებით, 1-ლი ივლისაიდან, ყველა სამარშრუტო ტაქსის მძღოლი, ვალდებულია ზაფხულის ყველაზე ცხელ დღეებში (ივლისი და აგვისტო) ჩართოს კონდიცირების სისტემა, რათა მგზავრებმა კომფორტულად შეძლონ გადაადგილება. კომპანია მკაცრად გააკონტროლებს მძღოლების მხრიდან აღნიშნული ვალდებულების შესრულებას. წინააღმდეგ შემთხვევაში დაწესებული იქნება სხვადასხვა სახის სანქციები. კერძოდ, ზეპირი გაფრთხილება, წერილობითი გაფრთხილება, ხელშეკრულების შეწყვეტა და ა.შ.” - აცხადებენ “თბილსის მიკროავტობუსში”.

ორგანიზაციაში  ასევე აცხადებდნენ, რომ სამარშრუტო ტაქსებში ასევე მოგვარდებოდა გადატვირთულობის პრობლემა და მგზავრებს ფეხზე დგომა აღარ მოუწევდათ. ამ საკითხთან სააგენტო “მედიანიუსი” ერთ-ერთი სამარშრუტო ხაზის დისპეტჩერსაც ესაუბრა. მისი თქმით, მძღოლებს ერთი რეისი 15-იდან 20-მდე მგზავრის საფასური უჯდებათ.

“ერთ სამარშრუტო მიკროავტობუსში დასაჯდომი 16 ადგილია, აქედან აღებული თანხა მძღოლებს გადასახადში ეხარჯებათ, ამიტომ იძულებულები ხდებიან, 10-13 ადამიანი ფეხზე დააყენონ იმისათვის, რომ თავადაც რამე დარჩეთ”, - აღნიშნა დისპეტჩერმა და დასძინა, რომ საპატრულო პოლიცია ასეთ გადაჭედილ სამგზავრო ტრანსპორტზე არ რეაგირებს.

მგზავრების გაღიაზიანების საგანი შეღავათიანი ბარათებიცაა, რომლითაც პენსიონერებს წესით მგზავრობის ნახევარი თანხა, კერძოდ 40 თეთრი უნდა გადაეხადათ. პენსიონერები ჩივიან, რომ 40 თეთრის ნაცვლად ისინი ჩვეულებრივ 80 თეთრს იხდიან, ისე როგორც სხვა მგზავრები.