[ნანა ფაჟავა, ზუგდიდი]
2 ნოემბერს, გალში, ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში შექმნილი სამუშაო ჯგუფის მორიგი შეხვედრა ჩაიშალა, თუმცა ქართულმა მხარემ იგი “კვლავ კონკრეტული შედეგის გარეშე დასრულებულად” გამოაცხადა.
სააგენტო “პირველის” ინფორმაციით “როგორც შეხვედრის დროზე ადრე დასრულების შემდეგ, ქართული დელეგაციის წარმომადგენელმა, საქართველოს შსს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსმა, შოთა უტიაშვილმა განაცხადა, ვერცერთ წინასწარ დაგეგმილ საკითხზე საუბარი ვერ მოხერხდა.
შეხვედრის დროზე ადრე შეწყვეტის მიზეზები უტიაშვილს არ დაუკონკრეტებია. მხარეებს ზოგადად რეგიონში არსებულ კრიმინოგენულ ვითარებაზე და ადამიანის უფლებათა დარღვევის ფაქტებზე უნდა ემსჯელათ”.
ის, რაც უტიაშვილმა არ დააკონკრეტა, გალის რაიონში ბაღაფშის პირადმა წარმომადგენელმა რუსლან ქიშმარიამ 3 ნოემბერს “აფსნი პრესში” გამართულ ბრიფინგზე გაახმაურა. ქიშმარიამ და ბაგაფშის მთავრობის საგარეო უწყების წარმომადგენელმა ლანა აგრბამ, რომელიც ასევე მონაწილეობს ჟენევისა და გალის შეხვედრებზე, საერთაშორისო ორგანიზაციები ზუგდიდის ტერიტორიაზე აფხაზეთის მოქალაქეების გატაცების ფაქტებთან დაკავშირებით გულგრილ დამოკიდებულებაში დაადანაშაულეს.
“გვსურს, რომ ამ პროცესში ყველა ჩაერთოს და ექსტრემალური გადაწყვეტილებები მიიღოს, მაგრამ ჩვენთან დაკავშირებით მათ ყოველთვის ერთი პასუხი აქვთ-მანდატი არ აძლევთ შესაძლებლობას. ხოლო როცა საქმე საქართველოს და იქ მაცხოვრებლებს ეხება, ისინი აქტიურად ერევიან, ზეწოლას ახდენენ, ყოველი მხრიდან გვირეკავენ და აფხაზეთში საერთაშორისო კომისიების თანხლებით ჩასვლას მოითხოვენ.
ცნობილი ფაქტია, როცა სამხრეთ კავკასიაში ევროკავშირის წარმომადგენელი პიტერ სემნები ქართველი კრიმინალების გათავისუფლების მოთხოვნით აფხაზეთში პირადად ჩამოვიდა. ჩვენი მოთხოვნების შემთხვევაში კი ისინი თავს არაკომპეტენტურად მიიჩნევენ და ამბობენ, რომ საგამოძიებო ორგანოებს არ წარმოადგენენ. ეს ყველაფერი აფხაზეთთან მათ დამოკიდებულებაზე მეტყველებს”,- განაცხადა ბაღაფშის პირადმა წარმომადგენელმა.
ქიშმარიას ვერსიით შეხვედრის ჩაშლა ქართული მხარის გაღიზიანებამ გამოიწვია, რომელიც აფხაზური მხარის მთავარ მოთხოვნას-გარი ჯოპუას განთავისუფლებას მოჰყვა. აფხაზურმა მხარემ ჯოპუას გაუჩინარებაში საქართველოს შსს მე-2 სამმართველოს სპეცდანაყოფი დაადანაშაულა.
რუსლან ქიშმარია: “9 ოქტომბერს ჯოპუა ტერიტორიის არცოდნის გამო ზუგდიდის რაიონის სოფელ ხურჩაში შემთხვევით აღმოჩნდა. არსებობენ მოწმეები იმისა, თუ როგორ მიუახლოვდნენ “გაზელის” მარკის ავტომანქანას, რომელსაც ჯოპუა მართავდა, ქართველი პოლიციელები, ერთ-ერთი ჩაუჯდა კიდეც და ესაუბრებოდა. ამის შემდეგ ეს ადამიანი უკვალოდ გაქრა. მეორე დღესვე დავუკავშირდი ქართულ მხარეს. შევხვდი სამხარეო პოლიციისა და ზუგდიდის სამმართველოს უფროსებს, რომლებმაც ჯოპუას დაკავება კატეგორიულად უარყვეს.
ჩვენ ასევე დავინტერესდით გალის რაიონში მცხოვრები ნუგზარ ფარფალიას ბედით, რომელიც დაკავებულია და ზუგდიდის პოლიციაში ჰყავთ. ის ნარკოტიკების გავრცელებაში დაადანაშაულეს, რომელიც მას თავად ქართველმა პოლიციელებმა ჩაუდეს”.
სად და რა ვითარებაში შეხვდა ბაღაფშის პირადი წარმომადგენელი სამხარეო პოლიციის უფროსს, თენგიზ გუნავასა და ზუგდიდის პოლიციის უფროსს, რუსლან შამახიას, ქიშმარიას არ დაუკონკრეტებია, მაგრამ მან ქართველი ძალოვანებისაგან ყაჩაღურ თავდასხმაში ეჭვმიტანილის, ტყვარჩელში მცხოვრები არკადი ქაჩაბავას გადაცემა მოითხოვა.
ქიშმარიას ინფორმაციით, ქაჩაბავამ თავდასხმის დროს ადგილობრივი მცხოვრები მოკლა, თვითონ კი დაიჭრა და ზუგდიდის საავადმყოფოში მკურნალობდა. “ქართულმა მხარემ განაცხადა, რომ აფხაზეთი საქართველოა, აფხაზეთის მოქალაქეები კი მათი მოქალაქეები და კრიმინალებს თავად გაასამართლებენ. გაუგებარია, ამას როგორ გააკეთებენ, როცა მოწმეები არ ეყოლებათ. ვფიქრობ, რომ ქართველები ქაჩაბავას გაათავისუფლებენ და მომავალში საკუთარი მიზნებისთვის გამოიყენებენ”, - განაცხადა ქიშმარიამ.
ხუთმხრივ შეხვედრაზე აფხაზურმა მხარემ ქართულ დელეგაციას იმ პოლიციელების ვინაობის დასახელებაც მოსთხოვა, რომლებიც გარი ჯოპუას გაუჩინარების დღეს ხურჩის პოსტზე იმყოფებოდნენ. როგორც ირკვევა ამ მოთხოვნას ერთგვარი ულტიმატუმის ფორმა ჰქონდა, რადგან როგორც ქიშმარია აცხადებს: “ჩვენთვის ცნობილია იმ პოლიციელების ვინაობა, ვინც ჯოპუა დააკავა. ჩვენ იმ პირების დასახელებაც შეგვიძლია, რომლებსაც შემდეგ დაკავებული გადასცეს.
უბრალოდ, ამას დოკუმენტურად ვერ დავადასტურებთ. ის, რომ ჯოპუას ავტომანქანა რამდენიმე დღის განმავლობაში ხურჩის ტერიტორიაზე იდგა, ამას ევროკავშირის დამკვირვებლებიც დაადასტურებენ. ეს იმას ნიშნავს, რომ ჯოპუა გადავიდა ზუგდიდის ტერიტორიაზე და შემდეგ უკვალოდ გაქრა. ვშიშობ, მან დავით სიგუას ბედი არ გაიზიაროს, რომელიც 2007 წელს გალიდან საქართველოში გადაიყვანეს და მის შესახებ დღემდე არაფერი ვიცით. ქართული მხარე სპეცჯგუფის წევრების დასახელებაზე უარს იმ მოტივით ამბობს, რომ განსაკუთრებულ საიდუმლოებას წარმოადგენს.
საიდუმლო ამაში არაფერია, მათ იმის შეეშინდათ, რომ ჩვენ კონკრეტული პირებისა და მოწმეების დასახელება შეგვეძლო. ამ შემთხვევაში კი ისინი ვერაფერს უარყოფდნენ. ვფლობთ ინფორმაციას საქართველოში არსებული დახურული ციხეების შესახებ, სადაც როგორც აფხაზეთის, ისე ოსეთის მოქალაქეები ჰყავთ გამომწყვდეული”,-განმარტავს რუსლან ქიშმარია.
აფხაზური მხარის განცხადებებთან დაკავშირებით “პრესა. გე” განმარტებებს ქართული დელეგაციის წევრებისგან მომავალი ხუთმხრივი შეხვედრის დასრულების შემდეგ ელის.