მიწების მონოპოლია

მიწების მონოპოლია

საქართველოში მონოპოლია სასოფლო-სამეურნეო მიწებზეც იქმნება. გლეხები ჩივიან, რომ მათ მიწების საკუთრებაში გაფორმებისას ბარიერებს ხელოვნურად უქმნიდნენ და დღესაც უქმნიან.

პოლიტიკური პარტია „ახალი მემარჯვენეების” ერთ-ერთი ლიდერის ლევან კალანდაძის განცხადებით, სასოფლო-სამეურნეო მიწების ფლობაში მონოპოლიებია. „სოფლებში მიწის დიდი ფართობები ხელისუფლებასთან დაახლოებული პირების ხელშია. ნასაკირალსა და ბაღდადში ეკონომიკის სამინისტრომ ისე გაყიდა მიწები, რომ ხალხი საქმის კურსშიც არ იყო.

მიწების გარეშე დარჩენილი გლეხები ჩივიან, რომ მათ მიწების საკუთრებაში გაფორმებისას ბარიერებს ხელოვნურად უქმნიდნენ და დღესაც უქმნიან. ადვილი მისახვედრი იყო, რომ საბოლოოდ მიწების დიდი ნაწილი იმ ადამიანების ხელში აღმოჩნდებოდა, ვისაც ხელისუფლება „სწყალობს“. ასე, რომ, მონოპოლიები ამ შემთხვევაშიც ურთულებს ადამიანებს ცხოვრებას“, - განაცხადა კალანდაძემ.

მსგავსი ვირთარებაა მთელი საქართველოს მასშტაბით. შესაბამისად, უმიწოდ დარჩენილი მოსახლეობის პროტესტი დღითიდღე მატულობს.

გარდაბნის რაიონის სოფელ ქესელოს მოსახლეობა ხელისუფლებას იჯარით აღებული მიწების უკანონოდ ჩამორთმევაში ადანაშაულებს და მათ დაბრუნებას მოითხოვს. სოფლის მცხოვრებლები თბილისში ჩამოვიდნენ და ეკონომიკის სამინისტროსთან საპროტესტო აქციაც გამართეს.

აქციის ორგანიზატორის, პარტია “მომავალი საქართველოს” ლიდერის, გიორგი ლაღიძის განცხადებით, 500 ჰექტარი ფართობის სასოფლო-სამეურნეო მიწა სოფლის მოსახლოებას საიჯარო ხელშეკრულებით ჰქონდა აღებული და შესაბამის გადასახადსაც იხდიდა. 4 თვის წინათ მათ დაუკითხავად მიწა აუქციონზე გაიტანეს და გაიყიდა. მიწა მთლიანად შეისყიდა ხელისუფლებასთან დაახლოებულმა პირმა მიხეილ სვიმონიშვილმა, რომელიც ყოფილი სოფლის მეურნეობის მინისტრია.

ლაღიძის ინფორმაციით, აღნიშული ტერიტორიის გაყიდვაში პარლამენტარ არჩილ გეგენავას ძმის ბიზნეს ინტერსებიც იკვეთება, გლეხების უფლებები და ინტერესები კი სრულად არის იგნორირებული.  ამ საკითხთან დაკავშირებით, აქცია ეკონომიკის სამინისტროსთან უკვე სამჯერ გაიმართა, ამასთან პროკურატურაში სარჩელია შეტანილი, თუმცა ხელისუფლებისა და ეკონომიკის სამინისტროს მხრიდან არანაირი რეაგირება არ მოჰყოლია. 

როგორც ლაღიძე აცხადებს, მოსახლეობაზე მუდმივად ხორციელდება ზეწოლა. “დღევანდელ აქციას გაცილებით მეტი ადამიანი უნდა დასწრებოდა. რამდენიმე ასეული ადამიანი მოდიოდა გარდაბნის რაიონიდან, თუმცა პოლიციის ჩარევის შემდეგ ეს ადამიანები  დააყოვნეს და თბილისში ჩამოსვლის უფლება არ მისცეს”, - ამბობს გიორგი ლაღიძე.

ეკა ბოკუჩავა 3 წელია „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოში” საკუთრების უფლების დაცვის საკითხებზე მუშაობს. ორგანიზაცია კონკრეტული პროექტის ფარგლებში მოქალაქეებს საკუთრების უფლების რეგისტრაციის დროს შექმნილი პრობლემების მოგვარებაში ეხმარება.

“დაახლოებით სამი წელია სამეგრელოში და კერძოდ ანაკლიაში საკუთრების უფლების ხელყოფის პრობლემაა. 2009 წელს იყო პირველი ტალღა, როცა სახელმწიფომ თვითნებურად დაირეგისტრირა მოსახლეობის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება. მათ დღემდე არანაირი კომპენსაცია არ მიუღიათ. ახლა როგორც ვიცით, მიმდინარეობს საავტომობილო გზის მშენებლობა და ხდება ამ ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობისთვის თანხების გაცემა”, - ამბობს ეკა ბოკუჩავა.

სახელმწიფოს მიერ ანაკლიის მკვიდრთათვის მიწის ჩამორთმევა, ქვეყნის პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მიერ 2009 წელს, ანაკლიის საკურორტო ზონად გამოცხადებას უკავშირდება, რადგან პროექტის ფარგლებში კომპანია, “ანაკლია-პორტს” საერთო სატრანსპორტო კვანძის მშენებლობა უნდა დაეწყო.

47 ჰექტარი მიწის ფართობის ჩამორთმევას ედავება სახელმწიფოს, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ერგეტაში მცხოვრები ომარ აქუბარდია. საქართველოს სასამართლოს ყველა ინსტანციაში წარუმატებლობის შემდეგ ახლა მის საქმეს ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში (სტრანსბურგი) განიხილავენ. ომარ აქუბარდიას თქმით, შპს “ალექსანდრემ”, რომლის ერთ-ერთი მეწილეც თავად იყო, 2007 წელს გაყიდა 48 ჰექტარი მიწის ნაკვეთი, რომელიც მისმა ვაჟმა, სოსო აქუბარდიამ შეიძინა.

მას შემდეგ სოსო აქუბარდია აღნიშნული მიწის ნაკვეთს კანონიერად, საჯარო რეესტრში რეგისტრირებული ფორმით ფლობდა. უძრავი ქონების შეძენიდან 2 წელიწადში აქუბარდიებმა შემთხვევით შეიტყვეს, რომ მიწის ნაკვეთი მათ საკუთრებაში არ იყო.

როგორც “საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს” კვლევაში აღნიშნულია, ომარ აქუბარდიამ საჯარო რეესტრის მიერ 2009 წლის 3 დეკემბერს გაცემულ ამონაწერში ცვლილებები აღმოაჩინა. ამონაწერის გრაფაში სიტყვა “დაზუსტებული” შეიცვალა სიტყვა “დაუზუსტებელით”. შეცვლილი იყო ნაკვეთის საკადასტრო ნომრებიც. ომარ აქუბარდიამ აღნიშნული პრობლემის მოსაგვარებლად არაერთხელ მიმართა საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს, სადაც ისევე, როგორც საჯარო რეესტრში პასუხობდნენ, რომ “პრობლემა უახლოეს მომავალში გამოსწორდება და უძრავ ქონებას გასხვისება არ ემუქრება”.

ომარ აქუბარდია, როგორც თავად ამბობს “მეტი სიფრთხილისთვის” 2010 წლის მარტში ელექტრონული აზომვითი ნახაზის წარდგენით შეეცადა საჯარო რეესტრში ცვლილებების რეგისტრაციას, მაგრამ საჯარო რეესტრში უარი განუცხადეს. მოგვიანებით, იმავე წელს საჯარო რეესტრისთვის უკვე სავალდებულო გახდა მიწის ნაკვეთის ელექტრონული საკადასტრო აზომვითი ნახაზის წარდგენა. საბოლოოდ აქუბარდიას საჯარო რეესტრში უთხრეს, რომ მისი მიწა ზედდებაშია “რაც ნიშნავს იმას, რომ 47 ჰექტარი მიწა სახელმწიფოსია და შენი ერთი ჰექტარიაო”. ასეთი პასუხის შემდეგ გადაწყვიტა ომარ აქუბარდიამ სასამართლოსთვის მიემართა.

ასეთი განუკითხაობაა თითქმის ყველგან, სადაც მიწებს ყოფილმა ჩინოვნიკებმა, ე.წ. ინვესტორებმა თუ თავად სახემლწიფომ თვალი დაადგა...