პურის ფასი ადგილობრივ მოსავალს ჩამოეკიდა

პურის ფასი ადგილობრივ მოსავალს ჩამოეკიდა

საქართველოში ხორბლის მოსავლის მიღება უკვე დაიწყო. წლეულს ხორბალი 40 ათას ჰექტარზე დაითესა, მოსავალი 38 ათასზე ჰექტარზე მოვა. სოფლის მეურნეობის მინისტრი კასპის რაიონის სოფელ მეტეხში ხორბლის მოსავლის აღების პროცესსაც დაესწრო. ხორბლის მკა სახელმწიფო პროგრამით გადაცემული კომბაინებით მიმდინარეობდა.

ზაზა გოროზიას განცხადებით, წელს ხორბლის კარგ მოსავალს ელოდებიან, რაც დაახლოებით 100 ათასს ტონას შეადგენს. ასეთ მოსაზრებას კატეგორიულად არ ეთანხმებიან სპეციალისტები.  იმისათვის, რომ მოსავლიანობამ დასახელებულ ციფრს მიაღწიოს 1 ჰექტარზე, საშუალოდ, 2,5 ტონა ხორბალი უნდა მოვიდეს. ასეთი მაღალი მაჩვენებელი კი ბოლო წლებში არასდროს დაფიქსირებულა.

შარშან, როდესაც საქართველოში ჯაგერის ტიპის ხორბალი შემოიტანეს და ქვეყანაში საშუალო მოსავლიანობა თვალშისაცემად გაიზარდა, 1 ჰა-ზე 1,6-1,7 ტონა ხორბალი მიიღეს. წელს მსგავსი ღონისძიებები არ განხორციელებულა, ასე რომ გოროზიას უწყება 100 ათას ტონაზე ოცნებას უნდა შეეშვას.

სპეციალისტების ადასტურებენ, რომ მიუხედავად კარგი მოსავლისა, შემცირებული ნათესების გამო, შარშანდელზე ნაკლებ მარცვლეულს მოვიწევთ. წლევანდელი მოსავალი მაქსიმუმ 70-75 ათასი ტონა იქნება.

2009 წელს ხორბალი 57,5 ათას ჰექტარზე დაითესა და ეს იყო წინა 5 წლის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი. 2010 წელს ეს კულტურა 50 ათას ჰექტარზე დაითესა და 77,3 ათასი ტონა ხორბალის მოსავალი მოვიდა, შარშან კი ხორბლის ნათესი ფართობები 40 ათას ჰექტრამდე შემცირდა.

არადა, იაფი ადგილობრივი ხორბალი ახლა ყველაზე მეტად საჭიროა, რადგან საერთაშორისო ბაზარზე ვითარება მეტად დაძაბულია. ბირჟებზე ხორბლის ფასის პერმანენტული ზრდა 5 ივნისიდან დაიწყო. ბოლო მონაცემებით, 1 ბუშელი მარცვლეულის ფასი 8 დოლარს გასცდა. ეს ნიშნავს, რომ მაისიდან მოყოლებული ხობალი 30%-ით გაძვირდა.

ბოლო პერიოდში მსოფლიოში ხორბლის ფასის ზრდა, ძირითადად, იმპორტიორ ქვეყნებში გვალვიანმა ამინდებმა განაპირობა. გაჩნდა მოსავლის შემცირების საფრთხე, რაც პროდუქტის ფასზეც აისახა. უკრაინასა და ევროპის ქვეყნებში გვალვის გამო მოსავლის საკმაოდ დიდ ნაწილი გაფუჭდა.

ხორბლის ფასზე გარკვეულ გავლენას ხორბლის მოსავლის პროგნოზიც ახდენს. მეხორბლეთა საერთაშორისო საბჭოს გათვლებით, 2012-13 წლებში მსოფლიოში ხორბლის საერთო მოსავალი 5 მილიონი ტონით შემცირდება, არსებულ მარაგებში კი 8 მილიონი ტონით. ასეთი პროგნოზის გაკეთება გახდა მიზეზი იმისა, რომ ჩიკაგოს ბირჟაზე ხორბლის ფასმა მოიმატა.

“შარშან მთელ მსოფლიოში ხორბლის რეკორდულად მაღალი მოსავალი მოვიდა, ამიტომ ფასის სტაბილიზაცია ძველი მარაგების ხარჯზე ხდება. ამ დროისთვის მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის მიერ მიმდინარეობს მარაგების დათვლა. ამდენად, მარცვლეულის ბირჟები მოლოდინის რეჟიმში არიან.

ბოლო პერიოდში ხორბლის ფასი ზრდის ტენდენციით ხასიათდება.ეს, რა თქმა უნდა, გარკვეულ გავლენას იქონიებს ფქვილის ფასზე, მაგრამ არა იმდენად, რომ უახლოეს მომავალში პურის ფასის ცვლილება გამოიწვიოს“, - აღნიშნა ამ რამდენიმე დღის წინათ მეხორბლეთა ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა ლევან სილაგავამ.

ხორბლისა და პურპროდუქტების მწარმოებელთა კავშირის ინფორმაციით, ამ დროისთვის ქვეყანა ხორბალს მხოლოდ ყაზახეთიდან ყიდულობს, სადაც ხორბლის დიდი მარაგებია. ყაზახეთი ცდილობს გასული წლის ხორბლის მოსავალი „მოიშოროს”, რათა ხორბლის ახალი მოსავალი დააბინავოს. ამიტომ საქართველოში ხორბალი და ფქვილი არ გაძვირდება.

ამის თქმა იყო და საქართველოში ფქვილის ფასები დიდი სისწრფით ზემოთ დაიძრა. კახეთში 1 ტომარა ფქვილის ფასი 33 ლარიდან 39 ლარამდე გაიზარდა და დისტრიბუტორები ფქვილის გაძვირებას მომავალშიც ელოდებიან. შიდა ქართლში იგივე რაოდენობის ფქვილის ფასმა 40 ლარს მიუკაკუნა. ფაქტობრივად, ფასები მაღლა-მაღლა ყოველდღიურად მიცოცავს. ამ ტენდენციას მხოლოდ ადგილობრივი იაფი ხორბალი თუ დააბალანასებს.

მე-4 პურის ქარხნის დირექტორის მალხაზ დოლიძის განცხადებით, თუ ეს ტენდენცია გაგრძელდა პურის ქარხნების მფლობელები იძულებულები გახდებიან პური გააძვირონ. „ფქვილის ფასი კრიტიკულ ზღვარზეა, ჯერჯერობით, პური არ გაძვირდება, მაგრამ თუ ფქვილის ღირებულებამ ზრდა განაგრძო, იძულებულები ვიქნებით პური ჩვენც გავაძვიროთ”, - ამბობს დოლიძე.