საარჩევნო გარემოს გაუმჯობესება - ოპოზიციური ჰობი, თუ რეალური ინტერესი?

საარჩევნო გარემოს გაუმჯობესება - ოპოზიციური ჰობი, თუ რეალური ინტერესი?

საარჩევნო გარემოზე სასაუბროდ ოპოზიცია და ხელისუფლება მალე მიუჯდება მრგვალ მაგიდას. არასამთავრობოები ამ პროცესების გასაჯაროებას მოითხოვენ, მოტივით, არც ის ვიცით, რას იზამს ხელისუფლება და არც ის - რამდენად შეთანხმებულად იმოქმედებენ 8 პარტიის წრმომადგენლები, ამიტომ პროცესები საზოგადოებამ უნდა აკონტროლოსო.

 

თავისთავად, არასამთავრობო ორგანიზაციების ეს მოთხოვნა მისასალმებელია, რადგან კონტროლი მარტო ხელისუფლების კი არა, ოპოზიციის ქმედებებსაც სჭირდება. მით უმეტეს, რომ საზოგადოება არაერთხელ გამხდარა მოწმე იმისა, მათ შორის არსებული განხეთქილების გამო რამდენი სტრატეგიულად მნიშვნელოვანი პრობლემის გადაწყვეტისთვის ვერ მიუღწევიათ რიგით მოქალაქეებს.

 

თუმცა, აქვე ისიც უნდა ითქვას, რომ განსაკუთრებული სიძლიერითა და მიზანმიმართული, თუ თანმიმდევრული საქმიანობით არც ქართული არასამთავრობოები გამოირჩევიან. ეს მაშინ, როცა, მათგან ბევრი ექს-პრეზიდენტ შევარდნაძის დროს ანგარიშგასაწევი ძალა იყო. საბოლოო ჯამში კი, ამ სხვადასხვა მიმართულების ფრონტებზე არსებული პრობლემები პირდაპირპროპორციულია, სამოქალაქო საზოგადოების ჩამოყალიბების პროცესში არსებულ პრობლემებთან. ანუ ვინც ამ სამოქალაქო საზოგადოების ჩამოყალიბებას უნდა შეუწყოს ხელი, ის თავადაა სუსტი, ან მოსყიდულ-შეშინებული...

 

აქედან გამომდინარე, რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ გამოთქმული სურვილი, ჩაერთოს ხელისუფლებისა და ოპოზიციის მოლაპარაკებებში, რათა ამ პროცესმა დახურულ კარს მიღმა არ ჩაიაროს, კარგი ინიციატივაა. თუ ეს ორგანიზაციები რეალურ გავლენას ვერ მოახდენენ მხარეებზე, იმით მაინც “შეაშინებენ” მათ, რომ “დახურული მოლაპარაკებების” დეტალები, მათ შორის - ოპოზიციის ქმედებების შესახებ, საზოგადოებისთვის ცნობილი გახდება. რა თქმა უნდა, იმედია, ეს ის პროცესი არ არის, როცა, უბრალოდ, თავად არასამთავრობოებს უნდათ ხოლმე, თვალთახედვის არეში მოექცნენ და “ქულები დაიწერონ”.

 

გთავაზობთ, ინტერვიუს ამ ინიციატივის ერთ-ერთი გამხმოვანებელი ორგანიზაციის - “ქართული აკადემიის” წარმომადგენელთან, ნუკრი ქანთარიასთან. აქვე შეგახსენებთ, რომ ამ ორგანიზაციამ ადგილობრივი არჩევნების წინ ალასანიას ალიანსს გამოუცხადა მხარდაჭერა, არჩევნებს შემდეგ კი თავისი რესურსები შესთავაზა ოპოზიციასა და ხელისუფლებას, რომ საარჩევნო გარემოზე საუბარი გაეგრძელებინათ.

 

შეხვედრა დაინიშნა, მაგრამ იქ - არა თუ ხელისუფლების წარმომადგენლები არ მივიდნენ, ნოღაიდელი-ძიძიგური-დავითაშვილის გაერთიანებიდანაც არავინ გამოჩენილა. შემდეგ კახა კუკავამ სულ სხვა ქართული არასამთავრობო ორგანიზაციების ეგიდით მოლაპარაკებების დაწყების იდეა გაახმოვნა და ისიც ჩავარდა, ისევე როგორც -ხელისუფლების გაჟღერებული ფორმატი – დავიწყოთ მოლაპარაკებები კვლავ NDI-სთან ერთად.

 

ბოლოსდაბოლოს, ეს მოლაპარაკებები მაინც შედგება, ოღონდ - უცხოურ ორგანიზაცია - IFS-თან ერთად. თუმცა, უკვე გაჩნდა ეჭვები იმის თაობაზე, რამდენად პატიოსნად ითამაშებენ 8 პარტიის წარმომადგენლები ხელისუფლების წინააღმდეგ და შესძლებს, თუ - არა ვინმეს გადაბირებას “ნაციონალური მოძრაობა”.

 

ბატონო ნუკრი, რატომ გაგიჩნდათ ეჭვი, რომ საზოგადოებისთვის ამ პროცესის დეტალების შესახებ ცნობილი არ გახდება და რეალურად რა მოხდება ამ ფორმატში ხელისუფლება-ოპოზიციას შორის, ვერ გავიგებთ?

 

ნუკრი ქანთარია: “თავიდან “ქართული აკადემიის” ინიციატივით იყო, რომ მეორედ დასხდნენ ამ 8 პარტიის წარმომადგენლები ერთად და დადეს დოკუმენტისაარჩევნო გარემოს შეცვლასთან დაკავშირებით. ამის შემდეგ ერთი რაღაც კონფერენცია იყო და დავესწარით. მერე რაღაც ნელ-თბილად წავიდა პროცესი. ახლა, როცა დიალოგის დაწყების გარკვეული შანსი გაჩნდა, აქ გვინდა, რომ მივიღოთ მონაწილეობა და დავსვათ კითხვები ორივე მხარესთან.

 

ჩვენც უნდა გავერკვეთ, სადამდე აპირებენ ესენი ამ დიალოგის წარმართვას, რა გეგმები აქვთ იმ შემთხვევაში, თუ ხელისუფლებამ დააპირა, ჩაითრიოს ისინი ხანგრძლივ, უვადო და რაღაც ეგეთ მოლაპრაკებებში. საინტერესოა, არა, მიაჩნიათ თუ არა მხარეებს, რომ მოლაპარაკებების პროცესი გამჭვირვალე უნდა იყოს?

 

საზოგადოებამ უნდა გააქტიუროს რვავე პარტია, რომ ეს მოლაპარაკებები არ დაემსგავსოს წინამორბედ პროცესებს. მოგეხსენებათ, რომ 8 პარტია არ არის ერთი მონოლითური ბლოკი, საკმაოდ ჭრელი სპექტრია. უნდა გაირკვეს - ყველას აქვს თუ არა სურვილი, რომ მართლაც მივიდეს ეს საქმე ბოლომდე, თუ თავისთვის უნდათ სარგებელი მიიღონ, მაგალითად – პროცესში იყვნენ ჩართულები ხალხის დასანახად, მერე რომ თქვამნ – ა, ბატონო, დასაქმებულები ვართ.

 

გვინდა, ვიცოდეთ, ჰობია ამათთვის საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებაზე საუბარი, თუ მართლა საქმის გაკეთება უნდათ.

 

საბოლოო ჯამში, ჩვენ გვინდა, ამათ იგრძნონ, რომ მათ უკან დგას ის საზოგადოება, რომელმაც ხელიც მოუწერა, როცა საჭირო იყო. საუბარი მაქვს, 130 ათას კაცზე და ვფიქრობ, ამ 130 ათასის 50% მაინც იქნება აქტიურად დაინტერესებული, როგორ წავა ეს პროცესი.

 

მიგვაჩნია, რომ საარჩევნო გარემოზე საუბარი ნებისმიერ შემთხვევაში აუცილებელია, მაგრამ სად და როდის მთავრდება მარტო საუბარი, გარდა საარჩევნო კოდექისისა - სად არის ზღვარი ამ 8 პარტიისთვის, ესეც გვაინტერესებს. რა არის ის, რომლის დათმობის შემდეგაც უკვე აღარაფერი აღარ არის.

 

ფაქტობრივად, ვარდების რევოლუციის შემდეგ პირველად ხდება, როცა საზოგადოებრივი ორგანიზაციები ცდილობენ ოპოზიციის გაკონტროლება დაიწყონ..

 

-არ ვიცი, ამას ახლა გაკონტროლებას დაარქმევთ, თუ უბრალოდ, იმას, რომ ჩვენ გვინდა, ისინი აქტიურები იყვნენ და იგრძნონ, რომ საზოგადოება მათაც მოსთხოვს პასუხს..

 

ეს არის პრობლემა, რომ ოპოზიცია ან მუდმივად საუბრის დონეზეა რაღაც პოლიტიკურ პროცესებში ჩართული, მერე წყდება ეს პროცესები და .. საბოლოო ჯამში კი, გამოდის, რომ შედეგს არ ვიღებთ, ან იმ შედეგს ვიღებთ, რაც ხელისუფლებას სურს...

 

-დიახ, ამის გამო გვინდა ჩვენც, სწორედ, რომ ჩავერთოთ ამ შეხვედრებში. ეს უფრო სოლიდური და პრინციპული შეხვედრები იქნება.

 

ასეთი მოთხოვნა ზოგადად ქვეყანაში მიმდინარე პროცესებიდან გამომდინარე გაგიჩნდათ, თუ კონკრეტული ფაქტები გაქვთ, რაც ეჭვის გამოთქმის საფუძველს გაძლევთ?

 

-იცით, რა ამ პროცესებში ერთი ამბობდა, რომ ან ხო გვითხარით, ან არადა გავდივართ ქუჩაში, მერე თარიღი დაისვა კონკრეტული, მერე თქვეს, რომ ეს თარიღი შეიცვალა, სხვებმა ეს დაიხვიეს ხელზე. მეორემ კიდევ სხვა მიზეზები გააჟღერა და ა.შ.

 

ჯერ ერთი, ჩვენ ხელისუფლებასთან დიალოგის სამწუხარო ტრადიცია გვაქვს - არასდროს ამას შედეგი არ მოუტანია. ამიტომ, ბუნებრივია, რაღაც ეჭვები არის. ძალიან გვინდა, პროცესი წარმატებულად წარიმართოს და დამთავრდეს, ანუ რაღაც შედეგზე იყოს ორიენტირებული, მაგრამ სამწუხაროდ, ამის პრეცენდენტი არ გვაქვს.

 

გვინდა, ცოტა იმედი მოგვეცს და ჩავერთოთ პროცესში, გავერკვეთ სიტუაციაში, ამათაც ქონდეთ სალაპარაკოდ, რომ ჩვენ მარტო პარტიები კი არ ვართ, ჩვენს უკან ის ხალხი დგას, ვინც ხელი მოგვიწერა და პასუხს აუცილებლად მოგვთხოვენო. აქედან გამომდინარე, ჩვენ იძულებულებიც კი ვართ, ვიყოთ აქტიურები, რათა ესენი გავხადოთ იძულებულნი, იყვნენ აქტიურები და შედეგზე ორიენტირებული.

 

ჩვენ ასეთ კითხვას ვსვამთ – იღებენ ეს პარტიები რაღაც პასუხისმგებლობას თავის თავზე, რომ პროცესს ბოლომდე მიიყვანენ, ანუ აიძულებენ ხელისუფლებას შეცვალოს საარჩევნო გარემო? თუ კი, მაშინ ისიც უნდა გავარკვიოთ, რა აძლევთ მათ ასეთი ოპტიმიზმის საფუძველს.

 

ცვლილებათა პაკეტში მარტო საარჩევნო კოდექსზე არაა საუბარი – მედიაგარემო, სასამართლო, არჩევნები პოლიციის გარეშე და ა.შ. მარტო ის, რომ ერთი ხმა - ერთ ამომრჩეველს და ბიომეტრიული სურათი, არ არის მთავარი. უამრავი სისტემური ცვლილებაა განსახორციელებელი.

 

საინტერესოა ისიც, რა დოზით იქნება საერთაშორისო საზოგადოება ამ პროცესში ჩართული და იგივე - უცხოური დიპკორპუსიც. ხელისუფლება ამბობს, რომ ჩვენ მაინცდამაინც არ ვითვალისწინებთ უცხოელების აზრს, კი ბატონო, მოსმენით ვუსმენთო. ოპოზიციასაც უთხრეს, თქვენ რა საარჩევნო კოდექსი დაწერეთ, ეგ ჩვენ არ გვაინტერესებს, დატოვეთ სახლში და მოდით, ისე ვილაპარაკოთო. მთელი რიგი კითხვებია, რომელთა გამოც, ჩვენ უნდა ჩავერთოთ ამ პროცესში აქტიურად.

 

საერთოდ კო, ჩვენ ამ პროცესის მხარდამჭერები ვართ და არა – რომელიმე პარტიის. პარტიები ჩვენ იმიტომ გვაინტერესებს, რომ შეასრულონ საზოგადოების ეს დაკვეთა. რაც მთავარია, მათ ჩვენი ეს განწყობა კიდევ ერთხელ უნდა იგრძნონ.

 

რაღაც გულგატეხილი საუბრობთ...

 

-გულგატეხილები ნამდვილად არ ვართ. ასე რომ იყოს, მაშინ საერთოდ აღარ ამოვიღებდით ხმას. პირიქით, გვინდა, რომ პროცესი უფრო აქტიური გავხადოთ. რაღაც ეჭვები, რა თქმა უნდა, გაგვაჩნია და მე მგონი, ეს ბუნებრივია, რადგან ძალიან ცუდი გამოცდილება გვაქვს. პარტიებმა საზოგადოებას უნდა დაანახონ, რომ ისინი მზად არიან პასუხისმგებლობა აიღონ თავიანთ თავზე.

 

ერთია დიპლომატია და მეორე ისეთი კომპრომისი, რომელიც არავითარ შედეგზე არ არის ორიენტირებული. გამოიჩინონ, კი ბატონო, დიპლომატია, მაგრამ მთავარია, რაღაცა შედეგი წამოიღონ ხელისუფლებასთან მოლაპარაკებების პროცესიდან და არ დარჩნენ მშრალზე, როგორც აქამდე ყოფილა. ვნახოთ, რამდენად დაიცავენ ისინი თავიანთ შექმნილ დოკუმენტს.