დავით ონოფრიშვილი: „ჩვენი ციფრები ზუსტ მაკროეკონომიკურ გათვლებს ეფუძნება“

დავით ონოფრიშვილი: „ჩვენი ციფრები ზუსტ მაკროეკონომიკურ გათვლებს ეფუძნება“

საქართველოში ცოტა არ იყოს ძნელი წარმოსადგენია საარჩევნო პროგრამების ომი, მაგრამ რაც არ უნდა ძნელი დასაჯერებელი იყოს, რაღაც მსგავსი ჩვენს საარჩევნო სივრცეში მართლაც შეინიშნება. კოალიცია „ქართულმა ოცნებამ“ ის რამდენიმე პრიორიტეტი გამოყო, რომელიც მიაჩნია რომ ყველაზე პრობლემურია, „ნაციონალურმა მოძრაობამ“, ასე არ უნდაო, და უფრო დიდი რიცხვები დაასახელა. რას უნდა ველოდოთ „ქართული ოცნების“ გამარჯვების შემთხვევაში და განსაკუთრებით რომელ სფეროებს მიექცევა ყურადღება - ამ თემებზე კოალიცია „ქართული ოცნების“ საარჩევნო პროგრამების კოორდიანატორი დავით ონოფრიშვილი გვესაუბრება.

დავით ონოფრიშვილი: ბიძინა ივანიშვილი და „ქართული ოცნება“ უკვე რამდენიმე თვეა აცხადებს თავის ძირითად პრიორიტეტებს მომავალი საარჩევნო კამპანიისათვის. ეს ის თემებია,ზოგადად, რაც მიგვაჩნია ქვეყნისთვის ძირითად, მნიშვნელოვან საკითხებად და ეს ასახულია კიდეც საარჩევნო კამპანიის პრიორიტეტებში.

ეს არის დასაქმება, სოფლის მეურნეობა, ჯანდაცვა, სადაც ხელისუფლებაში ბიძინა ივანიშვილის მოსვლისთანავე საქართველოს თითოეული მოქალაქე მიიღებს ჯანდაცვის დაზღვევის პაკეტს და შეეძლება, სხვადასხვა სახის ხელმისაწვდომი სამედიცინო მომსახურება მიიღოს, როგორიცაა ოჯახის ექიმი, მოსახლეობის პროფილაქტიკური გამოკვლევები, სასწრაფო სამედიცინო დახმარება ჰოსპიტალური მომსახურების გარკვეული ნაწილი, ონკოლოგიურ დაავადებათა თერაპია, მათ შორის სხივური მკურნალობა და ა.შ.

ჩვენი პროგრამა ეფუძნება საბაზრო ეკონომიკის ძირითად პრინციპებს, მაგრამ იქნება სოციალურად ორიენტირებული, რადგანაც წინა ხელისუფლებამ პრაქტიკულად არაფერი არ გააკეთა მოქალაქეების სოციალური დაცვის თვალსაზრისით. პენსიები გაუტოლდება საარსებო მინიმუმს, რაც დღეს გახლავთ 160 ლარი და ზოგადად, სოციალური დახმარებებიც იქნება მიზნობრივი. ადამიანებს ექნებათ იმის განცდა, რომ ეს არის რეალურად დახმარება გარკვეულ ეტაპზე, იქამდე ვიდრე მოხდება მათი დასაქმების პრობლემების გადაწყვეტა.

რამდენადაც გაცხადებულია, სოფლის მეურნეობაში ერთი მილიარდი ლარი ჩაიდება. რას მოხმარდება ეს თანხა?

- უმნიშვნელოვანესი მიმართულება იქნება სოფლის მეურნეობა, რადგან ეს სრულიად მოტოვებული სფერო გახლავთ. ჩვენ მივიჩნევთ, რომ სწორედ სოფლის მეურნეობაა ის უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტი. მუშახელის 54% სწორედ სოფლად ცხოვრობს და სიღარიბეც ყველაზე უფრო მწვავედ სწორედ აქ იგრძნობა.

ბიძინა ივანიშვილმა კარგა ხნის წინ გააკეთა განცხადებები იმის შესახებ, რომ სოფლის მეურნეობა იქნება ერთ-ერთი პრიორიტეტი. სხვათა შორის, ადრე სთავაზობდა კიდეც ხელისუფლებას ერთი მილიარდის გადაცემას სოფლის მეურნეობაში ჩასადებად, მაგრამ უარი მიიღო.

დღეს, როგორც კოალიციის ლიდერი, ბიძინა ივანიშვილი აცხადებს, სოფლის მეურნეობაში ჩაიდება ერთი მილიარდი ლარი. რეალურად ეს თანხა მიზნობრივად იქნება მიმართული სოფლის მეურნეობის განვითარებისათვის - გლეხებს, ფერმერებს მიეცემათ ისეთი შესაძლებლობა, რაც მათ დღეს არ გააჩნიათ. ეს არის დაბალპროცენტიანი სესხები, ეს იქნება სეზონური, ერთწლიანი თუ ორწლიანი კრედიტები იმისათვის, რომ განავითარონ თავისი ფერმა თუ მიწის ნაკვეთი.

ხელი შეეწყობა მიწების კონსოლიდირებას, კოოპერირებას, ცხადია - ნებაყოფილობის საფუძველზე, რაც იწვევს მიწის ეფექტურად გამოყენებას. შეიქმნება საკონსულტაციო ცენტრები, რომლებიც გაუწევენ სოფლად მცხოვრებ ფერმერებს სხვადასხვა სახის კონსულტაციებს.

ისე არ იქნება, როგორც დღეს არის, როცა გლეხებმა არც იციან, სად მივიდნენ და ვის მიმართონ, თუ რა სჯობს დაითესოს, რა უფრო მომგებიანია ან, რეალურად, რა შეიძლება გასაღდეს ბაზარზე. მათ შესაბამისად ხელი შეეწყობათ თავიანთი პროდუქციის გასაღებაში და ცხადია, მოწესრიგდება სასოფლო ინფრასტრუქტურა.

დღეს ბევრ ადგილას არ აქვთ მორწყვის საშუალება, დაწესდა არაადეკვატური გადასახადი, არის არხები, სადაც წყალი ვერ გადის იმიტომ, რომ წლებია, გაუსუფთავებელია. უამრავი რამ არის გადასაჭრელი, რაც სწორედ ამ თანხის დახმარებით მოხდება.

ეს არის საკმაოდ რეალისტური პროგრამა და დაფუძნებულია ყველა იმ გათვლებზე, რაც შემუშავებულია უამრავი ექსპერტის, სპეციალისტის და პროფესიონალების მიერ და არანაირად არც სცილდება იმ ბიუჯეტს, რაც თუნდაც დღეს არსებობს.

რეალური პრობლემა, რაც დღეს გლეხს აქვს, მიწის დამუშავების სიძვირეა, ამ კუთხით რას შეიძლება ველოდოთ?

- საწვავის მაღალი ფასი სერიოზული პრობლემაა არა მხოლოდ სოფლისათვის, არამედ მთელი მოსახლეობისთვის. ყველამ იცის, რომ საწვავის ფასი საქართველოში არაადეკვატურად მაღალია, ვიდრე თუნდაც ჩვენს მეზობელ ქვეყნებში, იგივე - სომხეთში, სადაც ტრანზიტით შედის საწვავი საქართველოდან.

ეს უფრო ფართო თემაა, ვიდრე ამ შემთხვევაში სოფლის მეურნეობა. ჩვენი კვლევებით, არასამთავრობო ორგანიზაციების კვლევებით, ფაქტებით არის უკვე დადასტურებული, რომ ოლიგოპოლია, უფრო სწორი იქნება, ვთქვათ - კარტელური შეთანხმება ამ სფეროში, იწვევს, ერთი ლიტრი საწვავის როგორც მინიმუმ, 30-40 თეთრით გაძვირებას.

ამ ოდენობით ფასის შემცირება შესაძლებელია, როდესაც „ქართული ოცნება“ მოახდენს ამ მონპოპოლიების დემონოპოლიზებას. მონოპოლიების დაშლა ნიშნავს იმას, რომ ბაზარზე გაჩნდება კონკურენცია და კონკურენტუნარიან ბაზარზე ყველა ეცდება რეალურ, ანუ ნაკლებ ფასად გაყიდოს პროდუქცია.

გავიხსენოთ თუნდაც, რომ 5-7 წლის წინ საწვავის იმპორტს ათობით კომპანია ახორციელებდა, რომლებიც მიზანმიმართულად გაანადგურეს, ხან კარტელური შეთანხმების, ხანაც დაშინებისა და ბიზნესების წართმევის წყალობით.

ჟურნალისტურ გამოძიებებში, არასამთავრობო ორგანიზაციების კვლევებში, ნათლად არის ნაჩვენები, რომ ქვეყანაში ნავთობპროდუქტების ერთი ან ორი შემომტანია და ფასებს ერთმანეთს უთანხმებენ. ეს ყველაფერი ერთმანეთზეა გადაბმული და წარმოიდგინეთ, რამხელა შვება იქნება ეკონომიკისათვის და თითოეული მოქალაქისთვის თუნდაც მხოლოდ მონოპოლიების დაშლა.

უცხოეთში არსებობს მოსავლის დაზღვევის ინსტიტუტი, რაც ერთის მხრივ ბანკების მოტივაციას ზრდის სოფლის მეურნეობაში კრედიტების გასაცემად და მეორე მხრივ გლეხებსა და ფერმერებს დამატებით გარანტიებს აძლევს, რომ სტიქიური უბედურებების შემთხვევაში ულუკმაპუროდ და ვალებში არ დარჩებიან. საქართველოში თუ არის შესაძლებელი, რომ ამ მიმართულებით რაიმე ნაბიჯები გადაიდგას?

- მოსავლის დაზღვევა დღეს ფართოდ არ არის გავრცელებული, რაც ცხადია, პრობლემატურია. ეს ინსტრუმენტები ხელს შეუწყობდა გლეხებს და ფერმერებს. ამასთანავე, შესაძლებელია, ხელი შევუწყოთ იმასაც, რომ მაგალითად, გლეხებმა, რომლებსაც მცირე მიწები აქვთ, შეძლონ დაზღვევის თანხების გადახდა. რაც შეეხება საპროცენტო განაკვეთებს, სოფლის მეურნეობისთვის ეს ძალიან მაღალია. წარმოუდგენელია, ასეთი მაღალი საპროცენტო განაკვეთებით რაც დღეს სოფლის მეურნეობაშია, ბევრი მსურველი ნამდვილად არ იქნება, რადგან წარმოებას აზრი არა აქვს.

სოფლის მეურნეობის განვითარების ფონდი, რომელიც ფერმერს ბიზნესის დაწყებაში დაეხმარება, რაც ყველაზე რთულია, რადგან არ არსებობს საამისო რესურსი, ასეთ ფერმერებზე დაბალი საპროცენტო განაკვეთებით გასცემს სესხებს.

„ქართული ოცნება“ ფიქრობს, რომ კარგი იქნება, შეიქმნას მცირე და საშუალო საოჯახო ბიზნესის განვითარების ფონდი, რომელიც ასევე, მეორე წყარო იქნება დაფინანსების, საბაზრო, მაგრამ შედარებით დაბალ პროცენტში გასცემს სესხებს.

ჩვენ ვფიქრობთ, რომ ასეთი ორი წყაროს არსებობა აიძულებს კომერციულ ბანკებს, არარეალურად მაღალი საპროცენტო განაკვეთები კონკურენციის საფუძველზე დაწიონ. ეს სერიოზული სტიმული იქნება ქვეყნის ეკონომიკისთვის, როდესაც შესაძლებლობა იქნება, ბიზნესი რეალურად მომგებიანი გახდეს.

თქვენ თქვით, რომ გლეხებს ხელს შეუწყობთ შექმნილი პროდუქციის გასაღებაშიც, ეს რას გულისხმობს?

- ხელისუფლებამ უმძიმეს მდგომარეობაში ჩააგდო სოფლის მეურნეობა. განახევრებულია ნათესი ფართობები, განახევრებულია მოსავლიანობა სხვადასხვა მარცვლეული კულტურების. მარტო ხორბლის წარმოება საქართველოში ბოლო რამდენიმე წლის მანძილზე 80%-ით არის შემცირებული.

მონოპოლიურმა ფასებმა აქაც იჩინეს თავი. რატომ არის ხორცი ასეთი ძვირი? იმიტომ, რომ წარმოებაა შემცირებული და, ამავე დროს, შემოღეს შეზღუდვები, რომ საქონელი დაიკლას მხოლოდ რამდენიმე ადგილას და ხელოვნური მონოპოლიები შექმნეს. შესაბამისად, ხორცის გასაყიდი ფასი გაძვირადა 14-18 ლარამდე, რაც წარმოუდგენელად ძვირია ამ პროდუქტზე ისეთი ქვეყნისთვის, როგორიც საქართველოა.

ეს პრობლემები იწვევს იმას, რომ დღეს ბიზნესს დასინტერესება არ აქვს. არც ეს შუალედური საბითუმო რგოლები იქმნება, რომ ვინმემ ადგილზე, გლეხისგან პროდუქციას შეიძინოს და ექსპორტზე გაიტანოს.

ჩვენ ხელს შეუწყობთ, რომ წარმოიქმნას ის შუალედური, საბითუმო რგოლი, რომელიც სამწუხაროდ, საქართველოში 20 წელია ვერ შეიქმნა. სასურველია, ეს კერძო სტრუქტურა იყოს, თუმცა შეიძლება ის ჯერ სახელმწიფო იყოს და შემდგომ განკერძოვდეს.

ამის გარდა, ჩვენ ვეცდებით, რომ გაიხსნას რუსული ბაზარი ქართული პროდუქციისათვის. მიუხედავად იმისა, რომ საქართველომ ხმა მისცა რუსეთის მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში გაწევრიანებას, დღეს გორის ვაშლი მაინც ვერ ხვდება რუსულ ბაზარზე და ამის შემცვლელი ბაზარი კი, ფაქტობრივად, ვერც წარმოიქმნა. იგივე შეიძლება ითქვას სხვა სასოფლო-სამეურნეო პროდუქციაზე.

ქართული პროდუქტების ბაზრებზე გატანა ვერ ხერხდება, რასაც გლეხებს ნუ დავაბრალებთ. ეს პრობლემები ხელისუფლების უყურადღებობამ და სოფლის მეურნეობის დაუფინანსებლობამ წარმოქმნა.

„ქართულ ოცნებას“ აქვს სოფლის მეურნეობის განვითარების კონკრეტული გეგმა, თუ როგორ უნდა აღორძინდეს ქართული სოფელი და აგროსასურსათო სექტორი, როგორ დასაქმდეს მოსახლეობა სოფლად.

დღეს „ნაციონალური მოძრაობა“ რაღაც მილიარდებზე ლაპარაკობს, რომელიც თურმე სოფლის მეურნეობაში უნდა ჩადოს, როდესაც დაინახეს, რამდენად რეალისტურ დაპირებებს დებს ძლიერი, ოპოზიციური და, რეალურად, ხელისუფლებაში მოსვლისათვის გამზადებული კოალიცია „ქართული ოცნება“, დაიწყეს ამისი კოპირება და იგივეს გამეორება. ერთ წელიწადში კი არა, მთელი რვა წლის განმავლობაში ერთად აღებული, მთლიანად ერთი მილიარდი ლარიც კი არ დაუხარჯავთ.

როცა ჩვენ ვამბობთ, რომ ამ თანხას ერთ წელიწადში გავიღებთ, ეს არის რეალური. გაძლიერდება გლეხიც და სოფელიც, ეს კი მათ კეთილდღეობას გააუმჯობესებს, დასაქმებასა და სოფლად ნორმალურ ცხოვრებას შეუწყობს ხელს.

ეს ნამდვილად შესაძლებელია, მაგრამ ამაზე ხომ არავინ არ ფიქრობდა! ეს იყო მიტოვებული დარგი და საქართველო ერთადერთი ქვეყანაა მეზობელ ქვეყნებს შორის, სადაც სოფლის მეურნეობის პროდუქციის შემცირებაა ბოლო წლების განმავლობაში, 20-25 პროცენტამდე შემცირდა ამ კუთხით წარმოება. ყველგან ზრდაა სოფლის მეურნეობაში, ზოგან მეტი, ზოგან ნაკლები, მაგრამ - ზრდაა, ჩვენთან კი პირიქით - მცირდება, ამან სერიოზული დარტყმა მიაყენა როგორც საქართველოს ეკონომიკას, ასევე სოფლის მეურნეობას და სოფლად მცხოვრებ მოსახლეობას.

რაც შეეხება დასაქმებას, ეს ასე უცებ არ ხდება, რომ სამინისტრო შექმნა და ხალხი დასაქმდეს...

- მსოფლიოს არც ერთ ქვეყანაში არ არის, რომ სამინისტრო ასაქმებდეს ხალხს. მსგავსი რამ არ მომხდარა. დღეს სახელმწიფო სექტორში, ვითომ „ქამრების შემოჭერის“ პოლიტიკის ფონზე, ბიუროკრატიული აპარატი მაინც გაზრდილია, სახელმწიფო სექტორი სრულად გადავსებულია, იქ ვერავის დაასაქმებენ და საბჭოთა იდეოლოგიით გაჟღენთილი დღევანდელი ხელისუფლება თვლის, რომ ასეთი სამინისტროს შექმნით ხალხს კერძო სექტორში დაასაქმებს. ეს იდეა ახლავე განწირულია წარუმატებლობისათვის.

ამისათვის არსებობს სულ სხვა მიდგომები, საბაზრო მექანიზმები, რომელიც საერთოდ დაივიწყა სოციალისტურად მოაზროვნე ხელისუფლებამ. დასაქმების საკითხი ვერასდროს ვერ გადაწყდება დადებითად, სანამ საქართველოში არ იქნება ნორმალური საბაზრო კონკურენცია, სანამ საქართველოში იქნებიან მონოპოლისტი სტრუქტურები, სანამ საქართველოში არ იარსებებს თუნდაც კანონი მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობის შესახებ, რომელიც გააუქმეს, ისევე, როგორც გააუქმეს ანტიმონოპოლიური კანონმდებლობა. ვიდრე ტერორი ხორციელდება ბიზნესზე, ამ ხელისუფლებას არ ძალუძს დასაქმების პრობლემის გადაწყვეტა. ეს უკვე ახალი პოლიტიკური ძალის „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლის პერიოდში განხორციელდება.

რამდენჯერმე ითქვა, რომ ბიძინა ივანიშვილი აპირებს საკუთარი ფინანსური რესურსებიც კი გაიღოს გარკვეული სფეროებისთვის, რამდენად რეალურია ეს და საიდან აპირებთ იმ რესურსების მოზიდვას, რაც სხვადასხვა სექტორში ჩაიდება?

- პენსიები, ჯანმრთელობის დაზღვევაც და სხვა სფეროებიც დაფინანსდება ბიუჯეტიდან. ბიუჯეტში ამისი საშუალება ყოველთვის არსებობდა, გგონიათ, ამ ყველაფრის გათვალისწინება წლევანდელ ან შარშანდელ ბიუჯეტში არ შეიძლებოდა? მაგრამ ეს იყო და არის დღევანდელი ხელისუფლების პოლიტიკური ნება. რადგან მათთვის პრიორიტეტია კონცერტების გამართვა, გართობა, სეირნობა, ძვირადღირებულ სასტუმროებში გაჩერება. მილიონობით თანხებია მივლინებებში გახარჯული.

ბიუჯეტში რომ ჩაიხედოთ, „სხვა ხარჯებში“ მილიარდ ლარზე მეტია გაწერილი, რომელიც ყოველწლიურად იზრდება. შარშან თუ 600 მილიონი იყო, წელს უკვე მილიარდზე მეტია. ეს ის ხარჯებია, რომელიც მოსახლეობამ არ იცის, სად მიდის და რომელიც არამიზნობრივად იხარჯება ხელისუფლების ვიწრო წრის კონკრეტულ გადაწყვეტილებებზე, რომელიც არავინ არ იცის, რას ხმარდება.

ჩვენი პროგრამები ერთობლიობაში დაახლოებით მილიარდნახევარიან დაფინანსებას მოიცავს, რომლის ნაწილი ბიუჯეტის ზრდის ხარჯზე, ნაწილი კი არამიზნობრივი ხარჯების შემცირებით გამოიძებნა.

ანუ ეკონომიკაში დამატებითი თანხების შემოტანა არ იგეგმება და ინფლაციური საფრთხეებიც არ იქნება მოსალოდნელი?

- საფრთხე უკვე შეიქმნა „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან, რომელმაც არარეალური ციფრები დაასახელა თავის პროგრამაში, რომელიც ორ რაღაცას ეფუძნება: ან გადასახადები უნდა გაზარდონ ან ფულის დიდი მასა დაბეჭდონ, რაც ინფლაციას ნიშნავს, და ასე მიაღწიონ „შედეგს“.

ჩვენი ციფრები ზუსტ მაკროეკონომიკურ გათვლებს ეფუძნება და არანაირი ინფლაციური საფრთხეები მოსალოდნელი არ არის.