2011 წელს შემოსული თითქმის 3 მილიონი ვიზიტორიდან, რომელთა შესახებ ტურიზმის ეროვნული სააგენტო საუბრობს, რეალურად ტურისტი მხოლოდ 5–10 %–ია – ასეთ შეფასებებს commersant.ge–სთან საუბარში ტურიზმის რამდენიმე ექსპერტი აკეთებს. თუმცა მათი ნაწილის თხოვნით, მათ ვინაობას არ ვასახელებთ. ისინი აცხადებენ, რომ სააგენტო „ტურისტის“ ცნების არასწორ ინტერპრეტაციას ახდენს.
როგორც commersant.ge–ს ტურიზმის ექსპერტმა ნიკა კვარაცხელიამ განუცხადა, ტურიზმის ეროვნულმა სააგენტომ სიტყვა ,,ტურისტის” არასწორი გაგება დაამკვიდრა, ვინაიდან სააგენტო ტურისტად ყველა იმ პიროვნებას მიიჩნევს, ვინც 24 საათის განმავლობაში საქართველოს საზღვრები გადმოკვეთა. რეალურად კი, ექსპერტის განმარტებით, ტურისტი ის პიროვნებაა, ვინც ქვეყნის საზღვარს გადმოლახავს და აქ ტრანსპორტისა და სასტუმროს მომსახურებას და საკვებს შეიძენს. კვარცხელიას შეფასებით, 2016 წლისთვის საქართველოში 7 მილიონი ტურისტის შემოსვლა არარეალურია, ვინაიდან ქვეყანა ინფრასტრუქტურულად ამისთვის მზად არ არის.
შეგახსენებთ: სწორედ აღნიშნული მაჩვენებლის მიღწევას გულისხმობს ახალი სამთავრობო გეგმა „მეტი სარგებელი ხალხს“ 4 წლის განმავლობაში. ,,ინფრასტურქტურაში არა მარტო სასტუმროების, არამედ აეროპორტების კეთილმოწყობაც იგულისხმება, დღეს კი საქართველოში არსებული სასტუმროები და აეროპორტები წელიწადში 7 მილიონი ტურისტის მომსახურებას ვერ უზრუნველყოფს,“ – აცხადებს კვარაცხელია.
მისივე თქმით, იმისათვის, რომ ქვეყანამ ამ რაოდენობის ტურისტის მიღება შეძლოს, თითოეულმა ახალმა აეროპორტმა 50–100 თვითმფრინავის მიღება მაინც უნდა შეძლოს, თანხების ის რაოდენობა კი, რომლებსაც ამ ეტაპზე ტურისტები საქართველოში ხარჯავენ, იმის გარანტიას არ იძლევა, რომ 2016 წელს ქვეყანა 7 მილიონი ტურისტის მიღებას შეძლებს.
ცნობისთვის: ტურიზმის სააგენტოს პროგნოზით, 2012 წელს საქართველოში ტურისტების ნაკადი პროგნოზირებულ მაჩვენებელს 15-20%–ით გადააჭარბებს.
სააგენტოს ცნობით, ეს ნიშნავს, რომ წელს ქვეყანას 4 მილიონზე მეტი ვიზიტორი ესტუმრება. მათივე განცხადებით, 2012 წლის პირველ კვარტალში საქართველოში შემოსული ტურისტთა რიცხვი გასული წლის იმავე პერიოდთან შედარებით 53%–ით უკვე გაიზარდა. სააგენტოს ინფორმაციით, წლიდან წლამდე ქვეყანაში ვიზიტორთა ნაკადი სტაბილურად 40%–ით მატულობს, რაც საკმარისი საფუძველია იმის სათქმელად, რომ ქვეყანას 2016 წლამდე 7 მილიონი ტურისტი ესტუმრება.
ტურიზმის კიდევ ერთი ექსპერტის განცხადებით, რომელმაც commersant.ge–ს კომენტარი საკუთარი ვინაობის დაუსახელებლობის პირობით მისცა, ტურისტების შემოსვლის სტატისტიკა დღეს იმით ითვლება, თუ რამდენმა ადამიანმა გადმოკვეთა საქართველოს საზღვარი, 2011 წელს კი 3 მილიონამდე ადამიანი შემოვიდა, თუმცა აქედან პროცენტულად ტურისტი ძალიან მცირე, დაახლოებით, 5–10 % თუ იქნება. როგორც სპეციალისტი ჩვენთან საუბარში განმარტავს, ამ მომენტისთვის საქართველოში არ არსებობს იმდენი განთავსების საშუალება, რომ ქვეყანამ 7 ან თუნდაც 5 მილიონი ტურისტი მიიღოს.
ტურიზმის ექსპერტი მარინა მეტრეველი ხელისუფლებას იმ მეთოდოლოგიის განმარტებას სთხოვს, რომლითაც ტურიზმის ეროვნული სააგენტო ტურისტების რაოდენობის ითვლის.