კახა ბენდუქიძის შეფასებით, ახალი სამთავრობო პროგრამა ანტილიბერალური არ არის

კახა ბენდუქიძის შეფასებით, ახალი სამთავრობო პროგრამა ანტილიბერალური არ არის

ახალი სამთავრობო პროგრამა ანტილიბერალური არ არის. მასში არის შემოსავლების გადანაწილების გაძლიერებული ელემენტები, რაც მე მეჩვენება არაეფექტურად და შეიძლება გაკეთდეს სხვანაირად, თუმცა მე ამას სოციალიზმს არ დავარქმევდი – ამის შესახებ თავისუფალი უნივერსიტეტის დამფუძნებელმა კახა ბენდუქიძემ ტელევიზია ,,PIK’’–ში, გადაცემა ,,50 წუთში’’ სტუმრობისასა გააკეთა.

,,უმუშევრობის დაძლევა ხელოვნური მეთოდებით შეუძლებელია, ყველაზე ეფექტური გზა გრძელვადიან პერიოდში არის ეკონომიკური ზრდა, სხვა რამე არის ილუზია. მაგრამ არის მოკლევადიანი გზები - მაგალითად დამსაქმებელს სურს მოძებნოს შესაბამის კვალიფიკაციის თანამშრომელი და მის მოძიებაში მას მიეხმაროს სტრუქტურა, ამ შემთხვევაში დასაქმების სამინისტრო. ეს სამინისტრო ეკონომიკურ ზრდას უნდა ემსახურებოდეს და არა პირიქით’’ – აცხადებს ბენდუქიძე.

მისი შეფასებით – ,,დღევანდელი მდგომარეობა ქართულ სოფელში მიმზიდველი არ არის, თუმცა ვერ ვიტყვი რომ ბევრ ქვეყანაში მიმზიდველია. სადაც ეს ჩანს მიმზიდველად, ეს არის ძირითადად სტიმულირების შედეგი. რაც დღეს იწარმოება პროდუქტი სოფლის მეურნეობაში, მისი წარმოება შესაძლებელია ადამიანების უფრო ნაკლები რაოდენობით.ჩვენ უნდა ვიფიქროთ სად დასაქმდება ტექნოლოგიების შედეგად გამოთავისუფლებული ხალხი. მთავრობის პროგრამის განხორციელებისას პრობლემაა ის, რომ საქართველოში სოფლებში აქვთ მცირე მიწის ნაკვეთები, ოჯახზე საშუალოდ 1 ჰექტარი, მაშინ როდესაც, მაგალითად აშშ –ში არის 67 ჰექტარი. ამიტომ მსგავსი სტიმულირება, ჩარევა ან ტექნოლოგიები, რომელი მუშაობს სხვაგან აქ რთული იქნება.’’

კახა ბენდუქიძის განცხადებით, 4 მლრდ. ლარის ჩადება სოფლის მეურნეობაში - ეს არის არის სუბსისდირება, ეს არის სოფლის განვითარების პროგრამა. ,,ეს უფრო ფართო საკითხია, ვიდრე კონკრეტული მეურნეოების განვითარება, რადგან მოიცავს ინფრასტრუქტურის, გადამამუშავებელი წარმოებების განვითარებას. „მე ვფიქრობ, რომ უფრო მეტი ინიციატივა უნდა გადავიდეს კერძო სექტორზე და სახელმწიფო ნაკლებად იყოს წარმოდგენილი. სუბსიდირებაზე აქ საუბარი არ არის, ეს რომ მოხდეს, სწორედ ეს მოკლავს პირველ რიგში ამ სექტორს,’’ - ამბობს ბენდუქიძე.

მისი თქმით, ის მშვიდად მაშინ იქნება, როდესაც პოლიტიკურ სისტემაში იქნებიან პარტიები, რომლებიც გაუწევენ ერთმანეთს ოპონირებას, მაგრამ თავში არ მოუვათ, დათმონ ქვეყნის ინტერესები. „საქართველოში დროა საჭირო, რომ ადამიანებმა დაივიწყონ საბჭოთა წარსული, რომლის მიმართაც ნოსტალგია ისევ არსებობს.’’ – აცხადებს კახა ბენდუქიძე.