როდის დასრულდება ქუთაისში ზარ-ზეიმით გახსნილი თეატრის რეაბილიტაცია

როდის დასრულდება ქუთაისში ზარ-ზეიმით გახსნილი თეატრის რეაბილიტაცია

ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის დრამატული თეატრის შენობა, რომლის აღდგენითი სამუშაოები 2011 წლის ნოემბერში დაიწყო, მიმდინარე წლის ორ მაისს პრეზიდენტმა ზარ-ზეიმით გახსნა. იმხანად თეატრში პრეზიდენტთან შესახვედრად მიწვეულ სპეციალურად არჩეულ საზოგადოებას ეგონა, რომ თეატრის რეაბილიტაცია დასრულებული იყო და მისი პირვანდელი სახის დაბრუნებისათვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოყოფილი 2.048.321 ლარი მიზნობრივად დაიხარჯა. თეატრის სრულ რეაბილიტაციაში კი იგულისხმებოდა შენობის სახურავის შეკეთება, ისტორიული ჩუქურთმებიანი ფასადის, ეკლარის ქვის პერანგის გაწმენდა, საძირკვლის გამაგრება, აგრეთვე, იარუსების, პარტერის და ჰოლის აღდგენა, საგრიმიოროებისა და სარდაფის გარემონტება და ა.შ.

"მე მიხარია, რომ დღეს ქუთაისელებს ახალი, რეაბილიტირებული და გახსნილი თეატრიდან მივესალმები, ეს არის თეატრი, რომელიც ყველაზე დიდია ქვეყნის მასშტაბით. რეაბილიტირების პროექტის ფარგლებში სრულიად განახლდა თეატრის ყველა კუთხე-კუნჭული, რაც მისასალმებელია. მსგავსი მასშტაბური რეაბილიტირება ამ თეატრის ისტორიაში არ ყოფილა", - განაცხადა თეატრის გახსნის საზეიმო ცერემონიაზე პრეზიდენტმა სააკაშვილმა.

განახლებულ თეატრში, რომლის რეაბილიტაციაზეც მილიონები დაიხარჯა, საზეიმო გახსნიდან სულ რამდენიმე დღის შემდეგ ნიკოლოზ ოსტროვსკის სპექტაკლის "შემოსავლიანი ადგილის" პრემიერის მსვლელობისას სცენაზე წვიმა დაიწყო. ეს ისე მოულოდნელი და წარმოუდგენელი რამ იყო, თეატრის ხელმძღვანელობამ ისღა მოიფიქრა, ეთქვა, პრემიერის დროს სახურავის ლუკი ღია დაგვრჩენია და წყალი იქიდან ჩამოვიდაო.

დავინტერესდით თეატრის აღდგენისას შესრულებული სამუშაოების ხარისხით და მისი ახლოდან დათვალიერება გადავწყვიტეთ. ნანახმა ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა: შენობის უკანა კედელი ამორტიზირებულია, ასეთივე მდგომარეობაშია მსახიობების გასახდელები, ხოლო მეორე იარუსზე თვეების წინ დაწყებული სამუშაოები ახლაც დაუსრულებელია. ქუთაისის კეთილმოწყობის სამსახურის უფროსი ლევან ჭანჭალეიშვილი კი ამბობს: "პროექტის ფარგლებში არ იყო გათვალისწინებული თეატრის სრულად რეაბილიტირება, ამიტომ ბუნებრივია, სამუშაოები კვლავ შესასრულებელია. თანხა რომელიც შენობის სარეაბილიტაციოდ გამოიყო, საკმარისი არ აღმოჩნდა მთლიანად თეატრის მოსაწესრიგებლად".
ჩვენი მეორე რესპონდენტისგან კი სრულიად საპირისპირო პასუხი მივიღეთ: "ყველაფერი, როგორც გაწერილი იყო, ისე მიმდინარეობს", - ამბობს თეატრის მმართველი გიორგი სიხარულიძე.

P.S. ქუთაისში ლამის ტრადიციად იქცა ნახევრადგახსნილ შენობებზე ლენტის გაჭრა. მისი ნათელი მაგალითია თუნდაც პარლამენტის შენობა. როდის დასრულდება ლადო მესხიშვილის თეატრის რეაბილიტაცია და ვის მოუწევს თვეების წინ პრეზიდენტ სააკაშვილის მიერ ერთხელ უკვე გახსნილ თეატრს ხელმეორედ გახსნა, ჯერჯერობით უცნობია.