გალის რაიონის საზღვრისპირა სოფლის ოცდაათი მკვიდრი გუდაუთაში, სკოლის მშენებლობაზე უფასოდ ამუშავეს. ხელფასის მოთხოვნის შემდეგ დევნილებს დაპატიმრებით დაემუქრნენ და იქიდან კუდამოძუებულები გამოაძევეს. დაზარალებულებმა თავს იმით უშველეს, რომ დამქირავებელთან დავა არც უცდიათ და დაპირებული 500 დოლარის სანაცვლოდ თავისუფლება მიიღეს.
ამის შესახებ გალელმა დევნილებმა "რეზონანსს" თავად შეატყობინეს და ისაუბრეს იმ პირობებსა და მდგომარეობაზე, რაშიც მათ გუდაუთაში შრომა და ცხოვრება უწევდათ.
ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა აფხაზეთში ქართველებს უფასოდ, მონებივით ამუშავებენ. რაც უნდა გასაკვირი იყოს, მიმზიდველი დაპირებებით თავბრუდახვეული დევნილები სამუშაოებზე საკუთარი სურვილით და რისკით მიდიან. ძირითადად მშენებლობებზე მუშაობენ და დაპირებული თანხის სანაცვლოდ, ხან განახევრებულ საფასურს იღებენ, ხანაც გამოქცევით შველიან თავს.
გალელი დაზარალებულების ინფორმაციით, აფხაზეთის ნაკლებად დასახლებულ ადგილებში სეპარატისტული მთავრობის წარმომადგენლები ძირითადად აგარაკებს იშენებენ. მათი უმრავლესობა მაღალჩინოსანი პოლიციელია.
"მუშახელის საოცარი დეფიციტია, ამიტომ დანაკარგის შევსებას ადგილობრივი ქართველებისა და იაფად დაქირავებული ჩინელებისა და ტაჯიკების ხარჯზე ცდილობენ. არ ვიცი, საიდან მოხვდნენ ეს ადამიანები იქ, მაგრამ ფაქტია, რომ საკმაოდ ბლომად არიან. მათი უმრავლესობა გამოუცდელია, მაგრამ იაფად ამუშავებენ და იყენებენ.
სამაგიეროდ, ქირაობენ ან იძულებით ამუშავებენ ქართველებს, რომლებსაც მშენებლობებზე მუშაობის გამოცდილება ნამდვილად აქვთ. ვისაც ერთი გავლენიანი ნაცნობი აფხაზი მაინც ჰყავს, დაპირებული თანხის სრულად აღებას თუ ვერ ახერხებს, ნახევარს მაინც უხდიან.
ყველამ ვიცით მოსალოდნელი რისკის შესახებ, მაგრამ მშენებლობებზე წასვლას მაინც ვბედავთ. გუდაუთაშიც ამ მიზნით ჩავედით. იქ სკოლის მშენებლობაზე უნდა გვემუშავა და 500 დოლარი აგვეღო. იმდენად მიმზიდველი შემოთავაზება იყო, რომ თავი არ დაგვიზოგავს.
ერთი თვე ვიმუშავეთ და თანხის გადახდის დრო რომ მოვიდა, პროვოკაციაზე წამოვიდნენ. დაგვაშინეს, რომ გუდაუთაში უნებართვოდ ვიმყოფებოდით და ტყვეებად აგვიყვანდნენ. ამიტომ თანხის მოთხოვნაზე სიტყვა აღარც დაგვცდენია, უკან მოუხედავად გამოვიქეცით", - ამბობს ოკუპირებული გალის რაიონის მკვიდრი.
"მშენებლობაზე შარშანაც ვმუშაობდი. მაშინ ნაცნობმა წამიყვანა, რომელსაც აფხაზი ნათესავი ჰყავდა და ამის გამო გავრისკეთ. იმ პერიოდშიც 500 დოლარი უნდა მიმეღო, მაგრამ 250 დოლარი გადამიხადეს და ამითაც კმაყოფილი დავრჩი.
წელს ჩემი თანასოფლელები მიდიოდნენ სამუშაოზე და მათთან ერთად ბედი მეც ვცადე. სამწუხაროდ, ოცდაათივე მოგვატყუეს, დაპირებული თანხა არ გადაგვიხადეს და აქეთ მოგვდეს შარი.
დიდი მცდელობის მიუხედავად, ვერ გავიგე, როგორ მოხვდნენ მშენებლობაზე ჩინელები და ტაჯიკები, რომლებიც იქ ბლომად იყვნენ. ქართველებთან ურთიერთობა აკრძალული ჰქონდათ და არ გვეკონტაქტებოდნენ. ამასთან, სამშენებლო სფეროში გამოცდილებაც არ ეტყობოდათ, ძირითად სამუშაოებს ჩვენ ვასრულებდით.
საკმაოდ რთული დავალებების შესრულება გვიწევდა. გადიდგულებული აფხაზები მონებივით გვექცეოდნენ და ხშირად საჭმელიც არ გვქონდა. რთულ პირობებში ვმუშაობდით. ამის ასატანადაც მზად ვიყავით, რომ ნახევარი გადაეხადათ, მაგრამ მწარედ შევცდით", - ამბობს კიდევ ერთი დაზარალებული გალელი, რომლის ვინაობას, მისივე უსაფრთოების მიზნით, არ ვასახელებთ.
გალელებმა ისიც გვითხრეს, რომ გუდაუთასა და ოჩამჩირეში მშენებლობები აქტიურ ფაზაშია და, უმეტესწილად, აგარაკები შენდება, იშვიათ შემთხვევაში - სკოლა და საბავშვო ბაღი.
"მშენებლობას აფხაზი მილიციელები აკონტროლებდნენ. რამდენიმე მაღალჩინოსანი მილიციელი სახლს თავადაც იშენებდა, რიგითები გავლენიანი აფხაზების მითითებებს ასრულებდნენ. არ ვიცით, ვის სჭირდება იქ სკოლა, როდესაც სოხუმისა და გაგრის გარდა, სხვა რაიონებში მოსახლეობა თითზე ჩამოსათვლელია.
შეიძლება ამ ტერიტორიების დასახლებას აპირებენ, თუნდაც რუსი სამხედროების ჩამოყვანას, რომლებიც ბოლო დროს აფხაზეთის მთელ ტერიტორიაზე უკვე ოჯახებთან ერთად ცხოვრობენ. ამაზე საუბარი ადრეც იყო, მაგრამ მთავრობას რეალურად რა აქვს გადაწყვეტილი, სიმართლეს კიდევ დიდხანს ვერ გავიგებთ", - ამბობს გალის რაიონში თვითნებურად დაბრუნებული დევნილი.
სეპარატისტული მთავრობის სამშენებლო ინტერესებზე საუბრობენ აფხაზეთის ექსპერტთა კლუბშიც. ექსპერტ ირაკლი ცქიტიშვილის ინფორმაციით, ოკუპირებულ ტერიტორიაზე მიმდინარე მშენებლობების მასშტაბები მცირეა და მასში ქართველებთან ერთად, რუსეთიდან ჩამოყვანილი უცხოელებიც მონაწილეობენ. მისი განმარტებით, ადგილობრივებთან ერთად, მშენებლობებზე ჩაჰყავთ ზუგდიდელებიც და კარგად უხდიან, თუმცა გარიგება ყოველთვის არ ამართლებს.
"მშენებლობის მასშტაბები შეზღუდულია, მაგრამ ამ სფეროში აქტიურობა მაინც არის, ძირითადად, საცხოვრებელი ტიპის შენობებია, რომელზეც ქართველები მუშაობენ. რამდენადაც ვიცი, სპეციალურად ჩაჰყავთ ზუგდიდელებიც, რომლებსაც გამოცდილება აქვთ და კარგადაც უხდიან. თუმცა, ხდება პირიქითაც და სამუშაოდ ჩასულები სულ ადვილად შესაძლებელია, საფრთხეში აღმოჩნდნენ.
როგორც ოდითგანვე სჩვევიათ, აფხაზები ფიზიკურ შრომას ნაკლებად ეტანებიან, ბუნებით ზარმაცი ადამიანები არიან. ამიტომ მუშახელის დეფიციტი იქ მუდმივადაა. ელემენტარულად, რემონტის გამკეთებლებიც კი არ ჰყავთ და იძულებული არიან, ქართველებს გაურიგდნენ.
სამწუხაროდ, მათ ნდობა ხშირად არ შეიძლება და დაზარალებულებს კი აფხაზური კანონმდებლობა არ იცავს. ქართველი, რომელიც სამუშაოდ მიდის გუდაუთასა თუ აფხაზეთის დანარჩენ ტერიტორიაზე, ნებისმიერი შედეგისთვის უნდა იყოს მზად", - აცხადებს ირაკლი ცქიტიშვილი.
რაც შეეხება სხვა ეროვნების ადამიანების შრომის გამოყენებას, ექსპერტის ინფორმაციით, ისინი ჩინელები, ტაჯიკები და უზბეკები არიან, რომლებიც რუსულ კომპანიებს ჩაჰყავთ აფხაზეთში და იაფ მუშახელად იწოდებიან.