სოფლის მეურნეობის მინისტრი მორიგ პირობას იძლევა, ამჯერად ხორცის გაიაფების თაობაზე. ბაკურ კვეზერელმა პურზე ფასის დაწევა ვერ მოახერხა და ახლა, ხორცპროდუქტებს მიადგა. მისი თამამი პროგნოზით, ხორცი მინიმუმ ერთი კვირის განმავლობაში რამდენიმე ლარით უნდა გაიაფდეს.
კვეზერელის თქმით, გარკვეულმა სპეკულაციურმა ჯგუფებმა ხელოვნურად გაზარდეს ფასები და ეს დროებითია. როგორც კვეზერელმა აღნიშნა, ხორცის ფასზე ხელოვნური დანამატი 20%-დან 25%-მდეა და არის შესაძლებლობა, რომ ეს ფასები ძველს ნიშნულს დაუბრუნდეს, ხოლო ნოემბერ-დეკემბერში კი, მინისტრი ხორცის ფასების უპრეცედენტოდ დაწევას ვარაუდობს.
როგორც კვეზერელი აღნიშნავს, ხორცის მინიმალური ფასი შეადგენდა 2,50-დან 3,50-მდე ლარს, თუმცა ის მომხმარებლამდე რამდენიმე შუამავლის მეშვეობით აღწევდა, რაც ფასს ხელოვნურად ზრდიდა. სასაკლაოდან გაცემული ხორცის საშუალო ფასი კი 8 ლარამდეა.
„სახელმწიფო არ დაუშვებს, რომ ხალხის ხარჯზე მოხდეს გარკვეული სპეკულაციური ჯგუფების გამდიდრება და ყველა ბერკეტს გამოვიყენებთ იმისათვის, რომ ფასები ძველ ნიშნულს დავუბრუნოთ“, - განაცხადა კვეზერელმა.
„ხორცის ბაზარზე ადმინისტრირება გავამკაცრეთ, რასაც ზოგიერთი არაკეთილსინდისიერის მხრიდან მოყვა ხორცის ფასების ხელოვნური ზრდა, მაგრამ ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ეს რგოლი მოვაშოროთ და ხორცის ფასი ძველ მაჩვენებელს დაუბრუნდეს. ბაზარზე არსებული საქონლის ხორცის ფასები არის ხელოვნური და ჩვენ შევისწავლით ყველა იმ რგოლს, რომელმაც ხელოვნურად გააძვირა ხორცის ღირებულება“, - განაცხადა კვეზერელმა.
მინისტრის თქმით, მას შემდეგ, რაც ძალაში შევიდა აკრძალვა და თბილისის მასშტაბით გასაყიდი სარეალიზაციო ხორცის დაკვლა და მისი დამუშავება ლიცენზირებულ სასაკლაოებში გახდა აუცილებელი, ამის შემდეგ გადამყიდველებმა (საუბარია 70-მდე ინდ მეწარმეზე), ხორცის ფასი ხელოვნურად გააძვირეს.
მინისტრი არაკეთილსინდისიერი მეწარმეების სქემასაც შიფრავს და აცხადებს, რომ ადრე როდესაც გლეხს უნდოდა, საქონლის ხორცის გაყიდვა საქონელს ყიდულობდა მეორე ადამიანი, რომელსაც დაკლული საქონლის ხორცი მიჰქონდა ან რაიონულ ბაზარში ან უშუალოდ ჩამოჰქონდა თბილისში არაჰიგიენურ პირობებში და ღამით ხდებოდა ვაჭრობა ხორცზე. დილით კი უკვე მეორე რგოლი ერთვებოდა ამ საქმეში და ეს მეორე რგოლი ხორცით ამარაგებდა სარეალიზაციო ქსელებს, ანუ მაღაზიებს. ამის შემდეგ კი ხორცის ფასი კიდევ იზრდებოდა, რადგან მაღაზიაც მოგების მიზნით გარკვეულ საფასურს უმატებდა ხორცს.
ამიერიდან ხორცის დაკვლა მოხდება მხოლოდ სასაკლაოებზე, სადაც ცოცხალი ხორცი დაახლოებით 2,50 ლარიდან 3,50 ლარამდეა ხარისხის მიხედით, ხოლო დამუშავებისა და გადამუშავების შემდეგ სასაკლაოდან გამოტანილი ხორცის ღირებულება 7,40 ლარს შეადგენს.
მინისტრის განმარტებით, მომავალი კვირიდან ხორცის ბაზარზე ფასების დასტაბილურებას გამოიწვევს ისიც, რომ თავად ნატახტარში მდებარე სასაკლაოს მფლობელი კომპანია „იბერმითი“ შემოვა ბაზარზე, რომელიც თბილისის მასშტაბით რამდენიმე სუპერმარკეტს გახსნის, სადაც ხორცის ღირებულება სასაკლაოდან გამოტანილი საქონლის ხორცის ღირებულების ტოლფასი იქნება. მინისტრი პირობას დებს, რომ ნოემბერსა და დეკემბერში ხორცის ფასი უპრეცენდენტოდ დაბალი იქნება.
როგორც ბაკურ კვეზერელი განმარტავს საქონლის ხორცთან დაკავშირებით ამოქმედებული გამკაცრებული ადმინისტრირების შემდეგ გამკაცრებული ადმინისტრირება ამოქმედდება ღორისა და ცხვრის ხორცის ექსპორტთან მიმართებაშიც.
შეგახსენებთ, რომ სოფლის მეურნეობის სამინისტრო ადმინისტრირებას საქონლის ხორცთან მიმართებაში 2010 წლის 18 ოქტომბრიდან აამოქმედა, რომლის შემდეგაც ბაზარზე საქონლის ხორცის ღირებულებამ თითქმის 14 ლარს მიაღწია.
იმავდროულად, მთავრობა პირობას დებს, რომ სასაკლაოების ამოქმედების ვალდებულებით, გლეხურ შიდამეურნეობებს პრობლემები არ შეექმნება. პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ ალეკო ცინცაძემ განაცხადა, რომ ამ ვალდებულებით გლეხებს არ აეკრძალებათ სახლებში ხორცის გასაღება და „ერთმანეთში“ გაყიდვა.
გლეხებს არ აუკრძალავენ ხორცის იქვე, სახლთან გაყიდვას, თუმცა ისინი ქალაქში ჩასვლას და შეუმოწმებელი ხორცის ქალაქის ბაზრებში გაყიდვას, ვეღარ შეძლებენ. „ეს ხდება მოსახლობის ჯანმრთელობის დასაცავად“, - განაცხადა ცინცაძემ. კომიტეტის სხდომაზე ასევე აღინიშნა, რომ ახალი კანონმდებლობა გლეხებს უკვე მზა პროდუქტის, კერძოდ ყველისა და მაწვნის გაყიდვაში პრობლემებს არ შეუქმნის.