ქობალიას ფუნქციები გილაურმა გაითავისა

ქობალიას ფუნქციები გილაურმა გაითავისა

ეკონომიკის განვითარების სამინისტროს ფუნქციები ნიკოლოზ გილაურის სტრუქტურაზე გადანაწილდა. „საქართველოს ეროვნული საინვესტიციო სააგენოს შესახებ“ და „ინვესტიციების სახელმწიფო მხარდაჭერის შესახებ“ კანონებში ცვლილებები პარლამენტმა დაჩაქარებული წესით განიხილა და სასწრაფოდ დაამტკიცა.

აქამდე ეროვნული საინვესტიციო სააგენტოს საქმიანობის სახელმწიფო კონტროლს, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ახორციელებდა და სააგენტოს დირექტორს თანამდებობაზე მინისტრი ნიშნავდა და ათავისუფლებდა.

გუშინდელი გადაწყვეტილებით კი, სააგენტოს სახელმწიფო მაკონტროლებელი არ ეყოლება და მის მიერ განხორციელებული საქმიანობის კოორდინაციისა ზედამხედველობის ფუნქცია, მთლიანად სააგენტო სამეთვალყურეო საბჭოს გადაეცა. შესაბამისად, სააგენტოს დირექტორის მოხსნა-დანიშვნის, მისი დებულების დამტკიცების უფლებაც, სამეთვალყურეო საბჭოს ექნება. 

სამეთვალყურეო საბჭოს გადაეცა სააგენტოს ბიუჯეტის განსაზღვრის პრეროგრტივაც, რასაც ადრე მთავრობა ახორციელებდა. საბჭო იქნება პასუხისმგებელი სააგენტოს მიერ ქონების გასხვისების თუ დატვირთვის გადაწყვეტილებაზე, სესხსი აღებაზე, თავდებად დადგომაზე, საშტატო განრიგის განსაზღვრაზე, საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის აღრიცხვა-ანგარიშგების დამტკიცებაზე და ა.შ.

„საპარტნიორო ფონდში“ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული საწარმოების აქციების სრული ინვესტირება მოხდება. აქამდე, საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს უნდა უზრუნველეყო ფონდის კაპიტალში შპს „ნავთობისა და გაზის კორპორაციის“ 24% წილის, შპს „ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციული ოპერატორის“ 49% წილის და შპს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ 49% წილის ინვესტირება. „საპარტნიორო ფონდის“ წესდების დამტკიცებისა და კაპიტალის ფორმირების შესახებ მთავრობის დადგენილებაში შეტანილი ცვლილებებით კი, აღნიშნულ კომპანიებს „საპარტნიორო ფონდის“ კაპიტალში აქციათია 100%-ის ინვესტირება მოუწევთ. 

ცვლილებებით გადაწყდა, რომ „საპარტნიორო ფონდის“ კაპიტალში მოხდება სს „თელასის“ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული აქციების 24,529% (19 904 783 ცალი ჩვეულებრივი აქცია) ინვესტირებაც. გარდა ამისა, ცვლილებების მიხედვით, აღნიშნული ინვესტირების განხორციელებისთანავე „საპარტნიორო ფონდმა“ უნდა უზრუნველყოს სს „ნავთობისა და გაზის კორპორაციის“, სს „ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციული ოპერატორის“, სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემისა“ და სს „თელასის“ აქციონერის ყველა უფლებამოსილების საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროსათვის გადაცემა (მართვის უფლებით გადაცემა), გარდა აქციების გასხვისების, დივიდენდის განაწილების, სამეთვალყურეო საბჭოს შექმნის, გაუქმების, წევრთა არჩევისა და გამოწვევის უფლებამოსილებისა.

მთავრობის დადგენილებაში ცვლილება ნიკა გილაურმა პრემიერ-მინისტრის თანამდებობიდან გათავისუფლების და „საპარტნიორო ფონდის“ ხელმძღვანელად დანიშვნის შემდეგ შეიტანა. დადგენილებას გილაური ხელს როგორც პრემიერ-მინისტრობის მოვალეობის შემსრულებელი აწერს.

რაც შეეხება სამეთვალყურეო საბჭოს შემადგენლობას, აქამდე იგი 9 წევრისგან შედგებოდა. საბჭოს შემადგენლობა კი შეირჩეოდა როგორც ცენტრალური, ისე ავტონომიური რესპუბლიკების აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებებისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლებისგან, რომლებსაც თანამდებობაზე ნიშნავდა და თანამდებობიდან ათავისუფლებდა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი.

ცვლილებების თანახმად, სააგენტოს სამეთვალყურეო საბჭოს შემადეგნელობაში შევა „საპარტნიორო ფონდის” აღმასრულებელი დირექტორი და ეკონომიკისა და ფინანასთა მინისტრების თითო-თითო მოადგილე. კანონით განისაზღვრა, ასევე, რომ საგენტოს სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე, „საპარტნიორო ფონდის“ აღმასრულებელი დირექტორი იქნება.

ზოგადად, საინვესტიციო სააგენტოს უფლება აქვს, იყოს ინვესტორის წარმომადგენელი ადმინისტრაციულ ორგანოებთან და სხვა პირებთან ურთიერთობებში. ამ მიზნით, ინვესტორსა და სააგენტოს შორის იდება ხელშეკრულება, რომელიც განსაზღვრავს წარმომადგენლობის ფარგლებს. ინვესტორსა და სააგენტოს შორის დადებული ხელშეკრულებით, სააგენტო ეხმარება ინვესტორს საინვესტიციო საქმიანობისთვის საჭირო ყველა ლიცენზიის ან ნებართვის აღებაში, ან სხვა წარმომადგენლობითი უფლებამოსილების განხორციელებაში.

სააგენტო აღნიშნულ უფლებამოსილებებს ახორციელებს ანაზღაურებად საწყისებზე, გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის ინვესტიციების განხორციელების შემთხვევისა.  მომსახურების საფასურს აქამდე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო განსაზღვრავდა. ამიერიდან კი მომსახურების განსაზღვრაც, სამეთვალყურეო საბჭოს ფუნქცია გახდა.

ეს ყველაფერი იმიტომ მოგახსენეთ, რომ „საპარტნიორო ფონდის“ ხელმძღვანელად პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა 2 დღის წინათ ყოფილი პრემიერ-მინისტრი ნიკოლოზ გილაური დანიშნა.