ხელისუფლება ბოლნისის რაიონის მოსახლეობის მოწამვლის ხელისშემწყობია. უკვე მრავალი წელია რეგიონში დაავადებათა სტატისტიკის ზოგადი მაჩვენებლები საგანგაშოა. სიმსივნეების ოფიციალური სტატისტიკა ბოლნისში 4-ჯერ გაიზარდა, კაზრეთში ყოველი 10 ადამიანიდან ცხრა პროფესიული დაავადებით იღუპება. მიუხედავად ამისა, ეს ყველაფერი 13 მილიონის გადახდით გაიქვითება.
პარტიის ლიდერის გია გაჩეჩილაძის თქმით, მათ მოიპოვეს ენერგეტიკის სამინისტროსა და სააქციო საზოგადოება “მადნეულს” შორის გაფორმებული ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც “მადნეულს გარემოსდაცვისა და ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის სფეროში ჩადენილ და განხორციელებულ ქმედებაზე სახელმწიფო ან ადგილობრივი თვიმმართველობის ორგანოების მიმართ არ დაეკისრებათ სამოქალაქო ან ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა”.
ხელშეკრულების პირობები 2014 წლის 7 აპრილამდე მოქმედებს და ამ ხნის გამავლობაში “მადნეულის” მფლობელმა რუსულმა კომპანიამ “კაპიტალ ჯგუფმა” ბიუჯეტის სასარგებლოდ კომპენსაცია 13 მლნ ლარი უნდა გადაიხადოს.
გაჩეჩილაძე აცხადებს, რომ მადნეულის კომბინატის ტოქსიკური ელემენტებით დაბინძურებულია მდინარე კაზრეთულას წყალი, რომლითც ირწყვება ბოლნისის 15 სოფლის სავარგულები, შესაბამისად, ბინძურდება ნიადაგი და სასოფლო სამეურნეო პროდუქტები, რასაც ადასტურებს ოფიციალური კვლევებიც.
ამიტომაც მწვანეთა პარტია 2012 წლის 30 მარტს პარლამენტის მიერ “გარემოს დაცვის შესახებ” კანონში შეტანილ ცვლილებებს აპროტესტებს, რომლის მიხედვითაც თუ მეწარმე განსაზღვრულ თანხას გადაიხდის, მის მიერ გარემოს დაცვის სფეროში ჩადენილი ყველა დანაშაული კანონიერად ჩაითვლება და მას არანაირი პასუხისმგებლობა აღარ დაეკისრება.
მწვანეები აღნიშნული კანონის ფარგლებში მოქცეულ “პირველ უკანონო შეთანხმებაზე” მიუთითებენ: თუ “კაპიტალ ჯგუფი” გადაიხდის 13 მილიონ ლარს, მას ეპატიება ბოლნისის რაიონის ბუნებისა და მოსახლეობის ჯანმრთელობისადმი დღემდე მიყენებული ყველა ზიანი.
“გარემოს ეროვნული სააგენტოსა და გერმანიის კვლევითი ჯგუფის მიერ დადგენილია, რომ მდინარე მაშავერა და კაზრეთის სარწყავი არხის წყლები დაბინძურებულია ადამიანის ჯანმრთელობისთვის საშიში მაღალტოქსიკური მძიმე ლითონებით, ამ წყლით კი ირწყვება 15 სოფლის სავარგულები”, - განაცხადა გაჩეჩილაძემ და დასძინა, რომ გერმანელმა მეცნიერებმა დაადასტურეს, რომ ნიადაგის დაბინძურებამ მძიმე ლითონების სასოფლო-სამეურნეო პროდუქტებში გადატანა გამოიწვია. ასეთი საკვების ხანგრძლივი მოხმარება ადამიანის ორგანიზმში პათოლოგიურ ცვლილებებსა და სხვადასხვა სახის დაავადებებს იწვევს.
ექიმები აღნიშნავენ, რომ ბოლნისის მუნიციპალიტეტში დაავადებათა სტატისტიკის ზოგადი მაჩვენებლები საგანგაშოა. საქართველოში ბოლო ათი წლის განმავლობაში სიმსივნეების ოფიციალური სტატისტიკა ბოლნისში 4-ჯერ გაიზარდა, კაზრეთში ყოველი 10 ადამიანიდან ცხრა პროფესიული დაავადებით იღუპება და თანაც ადრეულ ასაკში.
საქართველოს მწვანეთა პარტია მოითხოვს, რომ გაუქმდეს 2012 წლის 15 მაისს რუსულ კომპანია “კაპიტალ ჯგუფთან” გაფორმებული შეთანხმება, დაისაჯონ ეკოციდის (საქართველოს განადგურების) მომწყობი სუბიექტები და საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ დააჩქაროს “მწვანეთა პარტიის” სარჩელის განხილვა 2012 წლის 20 მარტს მიღებული კანონის გაუქმებასთან დაკავშირებით.
სხვათა შორის, კომპანიები “მადნეულისა” და “კვარციტის” რუსებიდან ისევ რუსებზე გადაყიდვა ახლახანს მოხდა. შესაბამისად, “ჯეოპრომაინინგის” ნაცვლად, ქართულ ოქროს ამჯერად “კაპიტალ ჯგუფი” დაეპატრონა.
“კაპიტალ ჯგუფის” აქციონრები რუსეთში ცნობილი ბიზნესმენები - დიმიტრი კორჟევი და დიმიტრი ტროიცკი არიან. “მადნეული” კი რამდენიმე წელია, რუსი გენერალოვისა და კახა ბენდუქიძის გარდა, ბიზნესმენ თუ პოლიტიკოს კობა ნაყოფიას სახელთანაც ასოცირდებოდა.
“კაპიტალ ჯგუფის” აქციონერები კი რუსეთის უმდიდრესი ადამიანების რიცხვში არიან. ასე რომ, მათ ძველი ეკოლოგიური დანაშაულობების ჩამოსარეცხად ცამეტიოდე მილიონის ლარის გადახდა არ გაუჭირდებათ.