რეიტინგული მანევრი დატერორებული ბიზნესის ფონზე

რეიტინგული მანევრი დატერორებული ბიზნესის ფონზე

საქართველოში მცირე ბიზნესი დატერორებულია, საგადასახადო კოდექსში ადმინისტრირების ნაწილი კიდევ უფრო გამკაცრდა, გაიზარდა ჯარიმები. ბიუჯეტში მობილიზებულ შემოსავლებში ერთ-ერთი დიდი წილი ჯარიმებს უჭირავს. მაღალი საპროცენტო განაკვეთების გამო, ბიზნესისთვის კრედიტების მიღება კვლავ მიუწვდომელია. ყოველივე ამის ფონზე, საქართველომ საუკეთესო ბიზნესგარემოს მქონე ქვეყნებს შორის ისევ წინ წაიწია.

 

საერთაშორისო საფინანსო კორპორაციისა (IFC) და მსოფლიო ბანკის ერთობლივ კვლევაში - „ბიზნესის წარმოება 2011 -მეწარმეებისთვის გარემოს გაუმჯობესება“ ბიზნესის წარმოებისთვის გარემოს გაუმჯობესების თვალსაზრისით, საქართველო საერთაშორისო რეიტინგში ერთი საფეხურით დაწინაურდა. კერძოდ, საქართველო მე-12 ადგილზე გადავიდა შარშანდელი მე-13-დან, რომელზეც საქართველო მეთოდოლოგიაში შეტანილი ცვლილებების შედეგად აღმოჩნდა.

 

„საქართველო კვლავაც რჩება აღმოსავლეთ ევროპის ერთადერთ ქვეყნად, რომელიც მოწინავე თხუთმეტი ქვეყნის სიაში შედის და სამაგალითოა ბიზნესის რეგულირების რეფორმების ტემპის თვალსაზრისით“, - აღნიშნულია კვლევაში. იქვე ნათქვამია, რომ საქართველომ რეფორმები გაატარა ბიზნესის რეგულირების შემდეგ სფეროებში: ბიზნესის დახურვა, კონტრაქტების აღსრულება, კრედიტის აღება (იურიდიული უფლებები) და ინვესტორების დაცვა.

 

ექსპერტების განცხადებით, კვლევის ამ ნაწილში ერთი რამ არის ცხადი, ხელისუფლება ბიზნესის რეგულირებას მართლაც ახდენს, თუმცა არა იმ კუთხით, როგორც კვლევაშია მითითებული. ბიზნესის წნეხზე ახალი საგადასახადო კოდექსის გამკაცრებული ადმინისტრაციული ნაწილიც მიუთითებს.

 

კვლევაში ასევე მითითებულია, რომ ქვეყანამ გააუმჯობესა გადახდისუუნარობის შემთხვევაში გასატარებელი პროცედურები და წესრიგში მოიყვანა აუქციონებზე გაყიდვის წესი. „საჯარო აუქციონების პროცედურების ზუსტი გაწერით საქართველომ გაამარტივა კონტრაქტების აღსრულება, დანერგა კერძო აღსრულების ოფიცრის ინსტიტუტი და თანამედროვე ფორმატში მოაქცია დავების გადაჭრის სისტემა.

აქ შეიძლება ვიგულისხმოთ ის, რომ შეიქმნა მოვალეთა რეესტრი, სადაც მოხვედრილ ადამიანს, ფაქტობრივად, კრიმინალის სტატუსი ენიჭება, ქვეყნიდან გასვლა არ შეუძლია, ხოლო თუ რამე ქონება აქვს აუქციონზე რამდენიმე დღეში გაუყიდიან.

 

„გირაოს ცენტრალიზებული რეესტრის სისტემის დანერგვით, რომელიც ონლაინ-რეჟიმშია ხელმისაწვდომი, საქართველომ კრედიტების ხელმისაწვდომობა გააუმჯობესა. საქართველოში გაძლიერდა ინვესტორთა დაცვის მექანიზმებიც - ამჟამად სასამართლო პროცესის შემთხვევაში ინვესტორებს უფრო მეტად მიუწვდებათ ხელი კორპორაციული ინფორმაციაზე“, - მითითებულია კვლევაში.

 

მრეწველთა ერთ-ერთი ლიდერის ზურაბ ტყემალაძის განცხადებით, იმისთვის, რომ საწარმოები გაიხსნას ბიზნესმენს საბრუნავი თანხა სჭირდება. ასევე ხელისუფლების მხარდაჭერა, საკრედიტო რესურსზე ხელმისაწვდომობა და კანონმდებლობის სრულყოფა, აქედან კი, ბიზნესის განსავითარებლად არც ერთი არსებობს.

 

„ბიზნესის განსავითარებულად, ახალი საწარმოების გასახსნელად საჭიროა საბრუნავი თანხა, საკრედიტო რესურსი, საგადასახადო პოლიტიკის შეცვლა. ასევე ადგილობრივი მწარმოებლისა და იმპორტიორისთვის თანაბარი უფლებების მინიჭება. საქართველოში კი ეს არ არსებობს, ხელისუფლებისთვის ადგილობრივი ბიზნესის განვითარება პრიორიტეტი არ არის“, - ამბობს ტყემალაძე.

 

„ბიზნესის წარმოება 2011“-ის ავტორის, სვეტლანა ბაგაუდინოვას განცხადებით, ის ქვეყნები, რომლებიც ფინანსურმა კრიზისმა ყველაზე მეტად დააზარალა - განსაკუთრებით კი აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნები - ბოლო წლების განმავლობაში მარეგულირებელი სფეროს რეფორმების გატარებისას ძირითად მიზნად ისახავენ, რათა მცირე და საშუალო ბიზნესს ფეხზე დადგომა და სამუშაო ადგილების შექმნა გაუადვილონ.

 

ბაგაუდინოვას თქმით, გატარებულ რეფორმებს შორის ფართოდ იყო გავრცელებული ბიზნესის დაწყების, რეორგანიზებისა და გადასახადების გადახდის გამარტივებისკენ მიმართული ღონისძიებები. ამ ქვეყნებში მოხვდა საქართველოც.

 

გადასახადის გადახდის პროცედურა როგორ გამარტივდა, ეს ყველა მეწარმემ კარგად იცის, რომელთა ნაწილი ან ციხეშია, ან კიდევ საპროცესო გარიგებებით „გათავისუფლებული“ სახლში უმუშევრად ზის.

 

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, საქართველოში დასაქმებულთა მაჩვენებელი არ შეცვლილა და ისევ მაღალია. თუ სოფელში თვითდასაქმებულებსაც ჩავთვლით, საქართველოში უმუშევრობა 16%-ის ფარგლებში მერყეობს, ხოლო თუ ამ მაჩვენებელს სოფელში ე.წ. თვითდასაქმებულებსაც მივუმატებთ, დაახლოებით, უმუშევრები მოსახლეობის 50%-ია.

 

ექსპერტების განცხადებით, საქართველოში ბიზნეს გარემო არ გამარტივებულა, მეწარმეებისთვის ყველაზე მნიშვნელოვანია გამარტივებული საგადასახადო კოდექსი, რომელიც ხელისუფლებამ კიდევ უფრო გაამკაცრა.

 

ექსპერტის დავით ნარმანიას განცხადებით, მთავრობისთვის პრიორიტეტი მხოლოდ საბიუჯეტო შემოსავლები რომაა, საგადასახადო კოდექსის ადმინისტრაციული ნაწილის გამკაცრებაც ცხადყოფს.


“ხელისუფლება მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერაზე ბევრს საუბრობს, თუმცა სპეციალისტების განცხადებით, ამ მიმართულებით არაფერი კეთდება. ქვეყნის ბაზრის დიდი წილი მსხვილ ბიზნესს უჭირავს, ხოლო მცირე და საშუალო ბიზნესი მინიმალური წილით არის წარმოდგენილი“, - აღნიშნავენ ექსპერტები.