საქართველოს „შრომის კოდექსთან“ დაკავშირებით მთავრობისა და ოპოზიციის შეფასებები ისევ რადიკალურად განსხვავებულია. თუ ოპოზიცია მას „უვარგისს“ უწოდებს, ხელისუფლებაში ისევ თვლიან, რომ კოდექსი „პროგრესულია“ და მის შეცვლაზე არც ფიქრობენ. არადა, „შრომის კოდექსში“ გარკვეული მუხლების შეცვლას ხელისუფლებას არა მარტო ოპონენტები, არამედ საერთაშორისო საზოგადოებაც სთხოვს, თუმცა მიუხედავად ამისა, მის შეცვლაზე რატომღაც არავინ ფიქრობს.
„შრომის კოდექსის“ ავ-კარგიანობაზე საუბარი ანტიკრიზისული საბჭოს სხდომაზეც იყო. „მრეწველების“ ერთ-ერთი ლიდერის ზურაბ ტყემალაძემ ამ თემაზე ჯანდაცვის მინისტრს სანდრო ურუშაძეს ესაუბრა და კიდევ ერთხელ განუმარტა, რომ „საქართველოს შრომის კოდექსი უვარგისია“. მაგრამ, როგორც ტყემალაძე აცხადებს, მინისტრისგან მიიღო პასუხი, რომ „კოდექსი ძალიან პროგრესულია“.
„მინისტრის შეხედულებასთან დაკავშირებით, რომელიც შრომის კოდექს შეეხება, სხვა მოსაზრება მაქვს და შემიძლია გითხრათ, რომ ის უვარგისია“, - აღნიშნა ტყემალაძემ.
გარდა ურუშაძისა, „შრომის კოდექსი“, განსაკუთრებით კი კოდექსის ის მუხლები, რომელსაც საერთაშორისო ორგანიზაციები, ევროკავშირი და პროფკავშირები აკრიტიკებენ, მისაღები და მოქნილია პრემიერი გილაურისთვისაც. ყოველ შემთხვევაში, იმ პუნქტს, რითაც ინვესტორს თუ სხვა დამქირავებელს დაქირავებული თანამშრომლის გათავისუფლება ადვილად შეუძლია, პრემიერი სულ სულ რამდენიმე თვის წინათ რევოლუციურსაც უწოდებდა.
„როდესაც საქართველოში ინვესტორი ჩამოდის და ამ კოდექსს კითხულობს, ქართული მუშა-ხელის დაქირავებისთვის მზადყოფნას გამოთქვამს. თუმცა, როდესაც იგივე ინვესტორი სხვა ქვეყანაში ჩადის და იმ ქვეყნის შრომის კანონმდებლობას კითხულობს, უარს ამბობს იმ ქვეყნის მუშა-ხელის აყვანაზე, რადგან შემდეგ მათი სამსახურიდან გათავისუფლება გაუჭირდება“, - აცხადებდა გილაური.
არადა, პროფკავშირები უკვე რამდენიმე თვეა ხელისუფლებისგან სწორედ ამ „დისკრიმინაციულად“ წოდებული მუხლის შეცვლას ითხოვენ, რომლითაც დამქირავებელს დაქირავებულის სამსახურიდან გათავისუფლება ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე შეუძლია. პროფკავშირმა დღემდე შედეგს ვერ მიაღწია და კოდექსის შეცვლაზე ახლაც არავინ ფიქრობს.
აღსანიშნავია, რომ რევოლუციური მთავრობის მიერ შექმნილი შრომის კოდექსი კრიტიკის ქარცეცხლში ჯერ კიდევ მაშინ მოექცა, როდესაც კანონპროექტი საჯაროდ გამოქვეყნდა. დღის სინათლეზე გამოსულ კოდექსის პირვანდელ ვარიანტს, რომელიც შემდგომ თითქმის უცვლელად დაამტკიცეს კანონმდებლებმა, არაერთი უარყოფითი შეფასება მოჰყვა.
ექსპერტები მაშინაც და დღესაც აცხადებენ, რომ კოდექსი დისკრიმინაციულია და ის მთლიანად თუ არა ნაწილობრივ აუცილებლად უნდა შეიცვალოს. განსაკუთრებულ კრიტიკას კი ის მუხლი იმსახურებს, რომლის თანახმად დამსაქმებელს დასაქმებულის სამსახურიდან გათავისუფლება ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე შეუძლია.
ქართული შრომის კოდექსი ნოვაციური აღმოჩნდა საერთაშორისო საზოგადოებისთვისაც, რომელიც ხელისუფლებას ამჯერად თითქმის უკვე უპირობოდ ურჩევს მის შეცვლას. მაგალითად, იყო და არის საუბარი იმაზეც, რომ საქართველოს, შესაძლოა, GSP პლუსის სავაჭრო რეჟიმიდან გარიცხონ. თანაც არა სავაჭრო დარღვევების გამო, არამედ დისკრიმინაციული შრომითი კოდექსის გამოისობით.
ცნობისათვის, GSP პლუსის საშეღავათო სისტემა მოიცავს, დაახლოებით, 6 500 სასქონლო ჯგუფს, რომელთა ექსპორტის დროსაც მოქმედებს ნულოვანი ან მიზერული საბაჟო გადასახადი. ასეთი შეღავათი ენიჭება განვითარებად ან სუსტად განვითარებულ ქვეყნებს. მაგრამ სიტემაში შესვლის უმნიშვნელოვანესი პირობაა გაეროს და შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის 27 კონვენციის რატიფიკაცია და გამოყენება.
შეიცვლება თუ არა დისკრიმინაციულ კანონად აღიარებული შრომის კოდექსი და წაიღებს თუ არა უკან ხელისუფლება „ამაყად მიღებულ“ კანონს, დღეს ამაზე პასუხის გაცემა, რა თქმა უნდა, პროფკავშირებში უჭირთ. თუ ანტიკრიზისულ საბჭოს სხდომაზე ჯანდაცვის მინისტრის ურუშაძის მიერ გაკეთებულ განცხადებას გავითვალისწინებთ, გამორიცხული არ არის, რომ კოდექსში „დისკრიმინაციულად“ წოდებული მუხლები კიდევ დიდხანს დარჩეს.