სახელისუფლებო პროგრამის რეალისტურობაზე, იმაზე, თუ რამდენად ჰგავს პრემიერ-მინისტრ ვანო მერაბიშვილის პროგრამა "ქართული ოცნების" ლიდერის ბიძინა ივანიშვილის პროგრამას და სავარაუდოდ, რომელი მათგანი შეიძლება უფრო მიმზიდველი აღმოჩნდეს ამომრჩევლისთვის, "ინტერპრესნიუსი" ანალიტიკური ცენტრის "ეკომეტრის" ხელმძღვანელს რევაზ საყევარიშვილს ესაუბრა.
- ბატონო რევაზ, როგორ შეაფასებდით მმართველი გუნდის წინასაარჩევნო პროგრამას, რომელიც პრემიერ-მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა პარლამენტს წარუდგინა?
- მმართველი გუნდის წარმოდგენილი ეკონომიკური პროგრამა ისევე ზოგადი იყო, როგორც ყველა მისი პროგრამა, თუმცა უკანასკნელ გეგმაში გაცილებით მეტი იყო ციფრები, ვიდრე იგივე პროგრამაში "საქართველო სიღარიბის გარეშე". ციფრების სიმრავლიინტერპრესნიუსი"ს მიუხედავად, ამ პროგრამის რევოლუციურობა და რეალისტურობა ბევრ კითხვებს ბადებს. მიუხედავად იმისა, რომ ჯამში ეს ციფრები შთამბეჭდავად ჟღერს, ქართულ ეკონომიკაში მნიშვნელოვან ცვლილებებს არ უნდა ველოდოთ, ვინაიდან ჩნდება კითხვები ციფრების ნაწილში, თუ საიდან მოდის და საიდან გაჩნდა მათთან დაკავშირებული გათვლები.
ითქვა, რომ უახლოესი 4 წლის განმავლობაში 4 მილიარდ ინვესტიციაზე მეტს მოველით. ანუ, საშუალოდ ქვეყანაში წელიწადში ერთი მილიარდი შემოვა. წელიწადში თითქმის მილიარდი ბოლო ორი წლის განმავლობაშიც შემოდიოდა. ამაზეა ჩამოკიდებული 80 ათასი ახალი სამუშაო ადგილის თემა. ესეც პრობლემური საკითხია, რადგან კონკრეტული ციფრებია წარმოდგენილი პროგრამაში მოყვანილ კონკრეტულ პროექტებთან მიმართებაში. ასევე, კითხვის ნიშნები ჩნდება თუ რა გათვლებს ეფუძნება ეს მონაცემები, როდესაც ამბობენ, რომ ესა თუ ის აქტივობა შედეგად მოიტანს ათეული ათასობით სამუშაო ადგილის შექმნას. ამ გეგმით, თურმე ტურისტების რაოდენობა 7 მილიონამდე უნდა გაიზარდოს. ძნელია იმის თქმა, თუ რა გათვლებს ეფუძნება ამგვარი რამ. პირადად მე ვერ ვხედავ იმას, რომ საქართველოს დღეს 7 მილიონი ტურისტის გამტარობის საშუალება ჰქონდეს. დღევანდელი მდგომარეობით საქართველო 7 მილიონ ტურისტს ვერ მოემსახურება და საეჭვოა, რომ 2-3 წელიწადში ეს შესაძლებელი იყოს. არადა, სამთავრობო პროგრამაში ტურიზმის სექტორში 140 ათასი სამუშაო ადგილია ნავარაუდევი.
საუბარია იმაზე, რომ უნდა დაიგოს 5 ათასი კილომეტრი გზა, რაც 40 ათას ადამიანს სტაბილურად დაგვასაქმებინებს. საუბარია 15 ახალ ელექტროსადგურზე, რომელიც ასევე 13 ათას სამუშაო ადგილს შექმნის. შესაძლოა, გზების დაგებაზე დასაქმება რაღაც გათვლებს ეფუძნებოდეს, მაგრამ რაც შეეხება ელექტროსადგურების მშენებლობას, იმის გათვალისწუინებით, რომ ამ პროცესს სახელმწიფო აფინანსებს, გამოდის, რომ მთავრობა ისევე როგორც წინა წლებში, დარჩება ქვეყნის ეკონომიკაში მთავარი ინვესტორი. ეს არ არის კარგი მოვლენა, ვინაიდან როდესაც კერძო სექტორი არ იჩენს აქტივობას, იქ რაიმე შეუქცევად ეკონომიკურ ზრდაზე საუბარი ძალიან რთულია.
ამ კონტექსტში საგულისხმოა ის, რომ მთავრობა იღებს ვალდებულებას - საქართველოში აშენდება 500-ზე მეტი სოფლის მეურნეობის ახალი საწარმო. არ ვიცი, თუ რატომ იღებს ამის ვალდებულებას მთავრობა, ვინაიდან საწარმოების შექმნა კერძო სექტორის პრეროგატივაა. როდესაც სახელმწიფო ქმნის საწარმოებს, რაიმე კერძო ინიციატივაზე და ზოგადად ეკონომიკის ზრდის ეფექტურობაზე საუბარი ზედმეტია. როგორც წესი, სახელმწიფო საწარმოები ეფექტურობით არ გამოირჩევიან, არც გრძელვადიანი განვითარების პერსპექტივა გააჩნიათ. რაც შეეხება ე.წ. 1000 ლარიან ვაუჩერს, რომელიც სახელმწიფო პროგრამის მნიშვნელოვანი ნაწილია - ითქვა, რომ ეს თანხა 4 წლის განმავლობაში იმოქმედებს და მოქალაქეს წელიწადში 250 ლარის ექვივალენტის დახარჯვა შეეძლება. ელემენტარული არითმეტიკით, წელიწადში 250 ლარი თვეში 20 ლარიან დახმარებას ნიშნავს. არის შესაძლებლობა, რომ ერთიანი ხარჯი გაიწიოს, მაგრამ ყველა შემთხვევაში ხელისუფლების მხრიდან მოქალაქისთვის თვეში 20 ლარით დახმარება გამოდის.
- ექსპერტთა ნაწილი მიიჩნევს, რომ ხელისუფლების დაპირებების შესრულება იმ შემთხვევაშია შესაძლებელი, თუ ქვეყანაში მონოპოლიები აღარ იქნება, მათი არსებობის შესახებ მერაბიშვილმა იცის და სავარაუდოდ, ხელისუფლებას ძალაუფლების შესანარჩუნებლად მათთვის კარგად ცნობილი მონოპოლისტების შევიწროება მოუწევს. რამდენად მართებულად მიგაჩნიათ ამგვარი მოსაზრება?
- მონოპოლიები არსად არ იქმნება ხელისუფლების ხილული თუ ფარული თანხმობის გარეშე. მონოპოლია იქმნება იქ, სადაც ხელისუფლება არ ებრძვის მათ. საქართველოში შექმნილია ისეთი ვითარება, როცა მონოპოლიებთან ბრძოლა ფორმალურადაა დაწყებული. იმავე კანონში "კონკურენციის შესახებ", რომელიც ევროკავშირის სერიოზული ზეწოლის შემდეგ იქნა მიღებული, ნათქვამია, რომ მონოპოლისტი მხოლოდ იმ შემთხვევაში ხარ, თუ ბაზრის 40% გიკავია. აქედან გამომდინარე, თავად კანონმდებლობითაც მონოპოლიებთან ბრძოლა წახალისებული არ არის.
ის, რომ ქვეყანაში მონოპოლიები რეალურად არსებობს, ამის შესახებ ხელისუფლების პირველი პირიც დროდადრო საუბრობს. მან არაერთხელ ახსენა მონოპოლიები ფარმაცევტულ სფეროში, სადაც მისივე თქმით, ფასები ხელოვნურადაა გაზრდილი. საუბარი იყო ასევე ნავთობიმპორტიორებში კარტელის არსებობაზე და ასე შემდეგ. ამ თემაზე ბევრი საუბრის მიუხედავად, ჩვენ რეალურად ჯერჯერობით არ გვინახავს, რომ სახელისუფლებო რიტორიკამ მოპოლიების არსებობაზე გავლენა მოახდინა. რამდენად მოხდება ეს, ამჯერად საკმაოდ რთული სათქმელია, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში, თუ ხელისუფლებამ მონოპოლიებთან ბრძოლა დაიწყო, მაშინ ერთმნიშვნელოვნად უნდა მოშალოს ის ბიზნესსქემები, რომლითაც ცალკეულ დარგებში მუშაობა მიმდინარეობდა. ეს ეხება როგორც ფარმაცევტულ სფეროს, ისე ნავთობპროდუქტებებს და სხვა სფეროებსაც.
-ზოგიერთი ექსპერტი მიიჩნევს, რომ მერაბიშვილის მერ წარმოდგენილი პროგრამა სოციალისტურია. თქვენ როგორ შეაფასებდით 1000 -არიანი ვაუჩერის დარიგების პერსპექტივას, იგივე 100 დოლარიან პენსიაზე საუბარს? სხვათა შორის, ყოფილი სსრკ-ს ქვეყნებში საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე დაბალი პენსიაა და იგი 60 დოლარს არ აღემატება, მაშინ როცა მეზობელ სომხეთში დღეისათვის პენსია 82 დოლარს შეადგენს...
- არის თუ არა სახელისუფლებო პროგრამა სოციალისტური, დღეს აქტიურად განიხილება. ფაქტი ფაქტად რჩება - 2008 წლიდან მოყოლებული, მას შემდეგ, რაც პრემიერ-მინისტრი ლადო გურგენიძე გახდა, საქართველოს ბიუჯეტი და მთავრობის პოლიტიკა სულ უფრო და უფრო მეტად სოციალურად ორიენტირებულ ხასიათს ატარებს. სოციალური ხარჯები შეუქცევადად იზრდება. დღევანდელი ბიუჯეტის საკმაოდ დიდი ნაწილი, დაახლოებით მეხუთედი შრომის, ჯანდაცვისა და სოციალურ სამინისტროზე მოდის. ეს კი იმაზე მიუთითებს, რომ სახელმწიფო სოციალურ სფეროს საკმაოდ სერიოზულ თანხებს ახმარს. ბოლო დროს საკმაოდ პოპულარული გახდა სხვადასხვა ტიპის ერთჯერადი ვაუჩერების დარიგებაც. თავისთავად ცხადია, რომ სოციალური ხარჯების ზრდა და იგივე მერაბიშვილის პროგრამაში ამ სფეროსთვის მნიშვნელოვანი ყურადღების მიქცევა სოციალისტური ეკონომიკის აჩრდილის გაჩენის ასოციაციას ბადებს, მაგრამ ერთია პროგრამაში რა წერია და მეორე, სინამდვილეში რა მოხდება. როდესაც საუბარია იმაზე, რომ 4 წელიწადში საქართველოს ბიუჯეტი იქნება 40 მილიარდი, ერთი შეხედვით, საკმაოდ დიდი ციფრებია, მაგრამ დღეს ბიუჯეტი 8 მილიარდია. შემდეგ ოთხ წელიწადში ის სრულიადაც რომ არ გაიზარდოს, 33-34 მილიარდი ისედაც იქნება. თუ გავითვალისწინებთ იმასაც, რომ ეკონომიკა გაიზრდება, საგამხდელო ბაზა მეტ შემოსავალს შემოიტანს და მეორე მხრივ მთავრობა აღარ იტყვის უარს ახალი ვალების აღებაზე და საკუთარი საბიუჯეტო ხარჯების შესავსებად, ძალიან ბუნებრივია, რომ მომავალ 4 წელიწადში ბიუჯეტი 40 მილიარდამდე გაიზრდება. ახლა 40 მილიარდი იმიტომაც გვეჩვენება საკმაოდ დიდად, რომ მასზე აქამდე ასე საუბარი არ ყოფილა. ჩემი აზრით, ახლა ძალიან მარტივი გზა იქნა ნაპოვნი, ვინაიდან პროგრამა 4 წელზეა გათვლილი და ყველა ციფრი მართლაც თვალისმომჭრელად გამოიყურება.
- აშკარაა, რომ ხელისუფლების პროგრამა მას შემდეგ გაჩნდა, რაც ბიძინა ივანიშვილმა საზოგადოებას საკმაოდ საინტერესო და მიმზიდველი პროგრამა წარუდგინა. წინასაარჩევნო პერიოდია და შეჯიბრობითობა გამოსარიცხი არაა, მაგრამ რით ჰგავს ხელისუფლების პროგრამა ივანიშვილისას და რით განსხვავდება? და კიდევ, თქვენი აზრით, რომელი უფრო რეალისტური და უფრო მიმზიდველი შეიძლება აღმოჩნდეს ამომრჩევლისთვის და რატომ?
- რაც შეეხება რეალისტურობას. არ არის საკმარისი მხოლოდ ციფრების დასახელება. ჩვენ დიდი გამოცდილება გვაქვს იმისა, რომ საბიუჯეტო სახსრები სრულიად არაფექტურად გამოიყენება. თუ ვიტყვით, რომ 4 წელიწადში 40 მილიარდი დაიხარჯება, ეს სულაც არ ნიშნავს, რომ ეს 40 მილიარდი მაინცადამაინც მიზანმიმართულად დაიხარჯება და გამოიღებს იმ შედეგს, რაც არის ჩაფიქრებული. ჩვენ ამ ციფრების მიღმა ვერ ვხედავთ იმ მექანიზმებს, რომლითაც ხელისუფლება აპირებს ამ თანხების დახარჯვას, ანუ რა მიმართულებით მოხდება მათი ინვესტირება, რომელ სექტორში და რა საჭიროებისთვის. ასეთ ფონზე, ძალიან რთულია იმაზე მსჯელობა, თუ რამდენად ეფექტიანი იქნება იგი მოქალაქეებისთვის.
რაც შეეხება მსგავსებას და სხვაობას. სახელისუფლებო პროგრამა ივანიშვილის გეგმიდან პირდაპირ კოპირებულს ჰგავს. სოფლის მეურნეობაში ივანიშვილის ფონდის მიერ 1 მილიარდის ჩადებას ხელისუფლებამ 4 წელიწადში 4 მილიარდის ჩადებით უპასუხა. ივანიშვილის დაპირებებს ხელისუფლებამ დაახლოებით ასე უპასუხა - ჩვენ არანაკლების გაკეთებას გპირდებით. ჩვენ არანაკლებ ფულს ჩავდებთ - როგორც ჩანს, ასეთი იყო სახელისუფლებო პროგრამის მთავარი ლეიტმოტივი. ივანიშვილის პროგრამაში და გამოსვლებში საკმაოდ დიდი ადგილი უკავია დასაქმებას, ჯანდაცვას და სოფლის მხარდაჭერას, რაც მერაბიშვილმა პრაქტიკულად გაიმეორა და თავის მხრივ ყურადღება სოციალურ პროგრამებზე გაამახვილა. ამასვე უკავშირდება იგივე 1000 ლარიანი ვაუჩერების დარიგება და პენსიების გაზრდაზე საუბარი და სხვა. სახელისუფლებო პროგრამა სწორედაც რომ ივანიშვილის გეგმის სამ უმნიშვნელოვანეს პრობლემას უკავშირდება, რომელზეც პირველად ივანიშვილმა ისაუბრა.
რაც შეეხება იმას, თუ რომელ პროგრამას უფრო მოიწონებს საზოგადოება, ამაზე საუბარი ძალიან ძნელია. მთავრობამ აიღო დევნილთა ბინებით უზრუნველყოფის ვალდებულება. ამას რომ ამბობდეს ძალა რომელიც ხელისუფლებაში აპირებს მოსვლას, გასაგები იქნებოდა, ვინაიდან არ ვიცით რისი გამკეთებელია და შესაძლებელია ხალხმა მართლაც დაიჯეროს. მაგრამ როცა ამას დევნილებს პირდება მთავრობა, რომელმაც ყველა შესაძლო ადგილიდან ყოვლად არაადამიანური მეთოდებით გამოყარა დევნილები და ზოგიერთი მათგანი წინააღმდეგობის მოტივით დააჯარიმა და დააპატიმრა კიდეც, საუბარი იმაზე, რომ მომავალში დევნილებს ბინებით დააკმაყოფილებს, ნაკლებად დამაჯერებლად ჟღერს. მთავრობის პროგრამისა და დაპირებების პრობლემა იმაშია, რომ მათ მმრათველობას არც თუ ისე სახარბიელო წინაისტორია აქვს. რაც შეეხება ივანიშვილის პროგრამისადმი დამოკიდებულებას, საქმეც იმაშია, რომ იგი თავისი პროგრამით პოლიტიკურ სცენაზე სულ ახლახან გამოჩნდა. თავისი პოლიტიკური ამბიციების შესახებ ივანიშვილმა სულ ახლახან განაცხადა, იგი ხელისუფლებაში ჯერ არ ყოფილა და თავისი პროგრამის განხორციელებას მას შემდეგ გვპირდება, როცა ხელისუფლებაში მოვა. ამიტომ ამ პროგრამების შედარება ამ თვალსაზრისითაა ძალიან რთული.
ივანიშვილის პროგრამაზე, განსაკუთრებით სოფლის მეურნეობასთან დაკავშირებით, გარკვეულ წარმოდგენას იძლევა ის საქმიანობა, რომელიც მისმა "აგროჰოლდინგმა" განახორციელა. ამ კომპანიის წარმატებული საქმიანობა არა ერთხელ გამხდარა აღნიშვნის საფუძველი. ასე რომ, ივანიშვილსა და მის ბიზნესჯგუფს სოფლის მეურნეობაში კარგი გამოცდილება აქვთ. თუ ამის ცხოვრებაში გადმოტანა ივანიშვილის კოალიციის არჩევნებში გაიმარჯვების შემთხვევაში მოხდება, შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ეს პროექტი მეტ-ნაკლებად წარმატებული იქნება.