როგორ დაასაქმებს დასაქმების მინისტრი დაუსაქმებლებს

როგორ დაასაქმებს დასაქმების მინისტრი დაუსაქმებლებს

საქართველოს პარლამენტმა „2012 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებები დაამტკიცა. ამ ცვლილებების მიხედვით, ახალი უწყების, დასაქმების სახელმწიფო მინისტრის აპარატისთვის დაფინანსება 950 ათასი ლარით განისაზღვრა. რას ელის საზოგადოება დასაქმების მინისტრისგან, როდიდან და როგორ აპირებს ახალი უწყება საქართველოში უმუშევრობის დაძლევას?

სად შეიძლება შევხვდეთ დასაქმების მინისტრს? როდიდან შეძლებს დასაქმების მინისტრი უმუშევართა მიღებას? უკვე დაიწყო მუშაობა დასაქმების მინისტრმა? როგორ აპირებს დასაქმების მინისტრი უმუშევართა დასაქმებას? ეს იმ კითხვების არასრული ჩამონათვალია, რომელიც უკვე რამდენიმე დღეა აქტიურად ისმის. დასაქმების სახელმწიფო მინისტრი პაატა ტრაპაიძე საზოგადოებას 2 ივლისს საქართველოს ახალმა პერმიერ-მინისტრმა ივანე მერაბიშვილმა ტელევიზიით წარუდგინა.

”ბატონი პაატა არასდროს არ ყოფილა პოლიტიკაში ჩართული, მაგრამ მას აქვს ძალიან დიდი გამოცდილება დასაქმების დარგში. მას აქვს აშენებული ათეულობით - და შეიძლება ასეულობით - კილომეტრი გზა, უამრავი ხიდი და გვირაბი. მარტო ერთ საწარმოში პაატა ტრაპაიძემ საქართველოს 700 მოქალაქე დაასაქმა. მის მიერ შექმნილი სამინისტრო მუშაობას უახლოეს დღეებში შეუდგება და შექმნის უმუშევართა ბაზას, აღწერს საქართველოში არსებულ ყველა უმუშევარს, ის დაეხმარება იმ ადამიანებს, რომლებიც სამსახურს ეძებენ”, - განაცხადა ახალმა პრემიერ-მინისტრმა.

ისევე როგორც საზოგადოების უმრავლესობა, არც 50 წლის ვარდო იცნობდა დასაქმების სახელმწიფო მინისტრს პაატა ტრაპაიძეს:


”დასაქმების მინისტრი პირველად ტელევიზორში ვნახე და ისე ფიზიკურად, რომ შევხედე, მომეწონა.”

ფიზიკური მონაცემების მიღმა, უნდა ითქვას, რომ პაატა ტრაპაიძე სამშენებლო კომპანია „კავკასუს როუდ პროჯექტის“ ხელმძღვანელია. როგორც კომპანიის ოფიციალურ ვებსაიტზეა მითითებული, კომპანიის მიერ აშენებულ ობიექტებს შორისაა სატრანსპორტო კვანძები გმირთა მოედანზე, მესტიის აეროპორტის ასაფრენ-დასაფრენი ბილიკი, სპორტულ-დასასვენებელი კომპლექსი ილიას ტბაზე, ანაკლია-განმუხურის ხის საფეხმავლო ხიდი მდინარე ენგურზე, ასევე ქუთაისში პარლამენტის ადმინისტრაციული შენობა. თუკი ამ ორ უკანასკნელ ნაგებობაზე შევჩერდებით, უნდა გავიხსენოთ ანაკლიის ხიდის, ასე ვთქვათ, წარუმატებელი პროექტი, ხიდისა,რომელიც საზეიმო გახსნიდან რამდენიმე დღეში ქარმა მნიშვნელოვნად დააზიანა. რაც შეეხება პარლამენტის ადმინისტრაციულ შენობას, რამდენიმე კვირის წინ, მისი ერთ-ერთი კედლის ჩამოშლის შედეგად, ერთი ადამიანი დაიღუპა და რამდენიმე დაშავდა. სხვათა შორის, ეს უკანასკნელი ფაქტი შეახსენა 4 ივლისს ”ქართული დასის” ლიდერმა ჯონდი ბაღათურიამ პრემიერ-მინისტრს პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას:

”ძალიან კომიკურია, სატირალი რომ არ იყოს. დასაქმების მინისტრად დანიშნეთ კაცი, რომელიც აწარმოებს ქუთაისში პარლამენტის მშენებლობას - პარლამენტისა, რომლის ფლიგელებიც ინგრევა. ამ ნგრევას ადამიანის სიცოცხლე შეეწირა. თქვენ კი ეს კაცი დააწინაურეთ იმის გამო, რომ მშენებლობაზე უსაფრთხოების ზომები არ დაიცვა. რისი დამსაქმებლები ხართ? სწორედ თქვენ ახორციელებთ რეპრესიას ბიზნესზე”, - განაცხადა ჯონდი ბაღათურიამ.

დაკისრებული მოვალეობის პირნათლად შესრულებას გეგმავს დასაქმების სახელმწიფო მინისტრი პაატა ტრაპაიძე:

”ეს დიდი პატივი და გამოწვევაა და ჩვენ გავაგრძელებთ იმ მიმართულებით მუშაობას - გადაულახავი პრობლემა არ არსებობს. თუკი ქვეყანას ასე სჭირდება და პრემიერ-მინისტრი თვლის, რომ მე საჭირო ვარ ამ თანამდებობაზე, მე უნდა ვიმსახურო იქ, სადაც ქვეყანას სჭირდება. გეგმები ძალიან ბევრია. ჩვენ ვითანამშრომლებთ ყველა პოლიტიკურ პარტიასთან. თუკი მათ რაიმე წინადადება ექნებათ, მე ღია ვარ მათ მოსასმენად. ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ საქართველოს თითოეულმა მოქალაქემ, განურჩევლად ეროვნებისა, რელიგიისა და პოლიტიკური შეხედულებებისა, მიიღოს ის, რასაც თვითონ თვლის საჭიროდ”, - განაცხადა დასაქმების მინისტრმა პაატა ტრაპაიძემ.

დასაქმების მინისტრი შექმნის დასაქმების გეოგრაფიას, რაც უმუშევრობის სტატისტიკის ზუსტ მაჩვენებელს მოგვცემსო, გვიხნის გია ხუროშვილი, მთავრობის საპარლამენტო მდივანი. მისივე თქმით, პაატა ტრაპაიძე სამოქმედო გეგმას მთავრობას ერთი კვირის მანძილზე წარუდგენს:

”სახელმწიფო მინისტრი განთავსდება სახელმწიფო კანცელარიის შენობაში. ახლა მინისტრმა უნდა წარადგინოს საშტატო განრიგი. რაც ყველაზე მთავარია, წარმოადგინოს ის სტრატეგია, რომლითაც მინისტრი აპირებს მისთვის დაკისრებული ამოცანის შესრულებას და, რა თქმა უნდა, ეს პროცესი საზოგადოებისათვის იქნება გამჭვირვალე. უახლოეს მომავალში დაიწყება გამოკითხვა, თითქმის ყველა ოჯახში გამოიკითხებიან ადამიანები და შედგება თითოეული უმუშევარი ადამიანის ანკეტა.”


შეძლებს დასაქმების სახელწმიფო უწყება უმუშევართა დასაქმებას? - ამ კითხვით რადიო თავისუფლებამ რიგით მოქალაქეებს მიმართა:

- პიარის სურნელი დაჰკრავს ამ ამბავს.
- მგონია, რომ მოაგვარებენ უმუშევრობის პრობლემას. ჯერ ახლები არიან. ვნახოთ, რა იქნება.
- დასაქმების სამინისტროს შექმნა ცუდი არ უნდა იყოს. მთავარია, როგორ იზრუნებენ ისინი დასაქმებაზე.
- ადგილები არ არსებობს, რომ დაასაქმო ადამიანი და, აბა, როგორ უნდა დაასაქმონ?
- როცა დამასაქმებენ, მაშინ გავიგებ რეალურია თუ არ არის რეალური.

”უმუშევართა კავშირი დასაქმებისათვის” ხელმძღვანელი თამარ იოვაშვილი დასაქმების სახელმწიფო მინისტრის პოსტის შექმნას მიესალმება, თუმცა იქვე იმასაც ამბობს, რომ ეს ინიციატივა უფრო წინასაარჩევნო პიარს ჰგავს, ვიდრე შედეგზე გათვლილ მიზანს:

”ამ ამბავს თან უნდა ახლდეს ძალიან მყარი საკანონმდებლო ბაზა, ანუ შრომის კოდექსში უნდა შევიდეს ცვლილებები, უნდა შეიქმნას დასაქმების კანონი, რადგან სხვანაირად არაფერი გამოვა. მაგალითად, დღემდე არ არის საქართველოში განსაზღვრული უმუშევართა სტატუსი.”

დემურ გიორხელიძე, ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში, მიიჩნევს, რომ ახლად შექმნილი უწყება საქართველოში დასაქმებას ვერ უზრუნველყოფს და, მისი ვარაუდით, ის მხოლოდ უმუშევართა რეგისტრატორის ფუნქციას შეასრულებს:

”დასაქმებას უზრუნველყოფს მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარება, ეკონომიკის განვითარება. საქართველოს რეალობაში კი ისეა დაკნინებული მცირე და საშუალო ბიზნესი, ისეთი უფლებააყრილია, რომ ამ პირობებში უმუშევრობის დაძლევა წარმოუდგენელი იქნება.”

აქვე გეტყვით იმასაც, რომ დასაქმების სამინისტრო მთელ რიგ ევროპულ თუ აღმოსავლურ ქვეყნებში ფუნქციონირებს. ასეთ ქვეყნებს შორის არის დანია, შვედეთი, ნიდერლანდები. რაც შეეხება საქართველოში უმუშევართა ოფიციალურ სტატისტიკას, საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, საქართველოს აქტიური მოსახლეობის 16.3 % უმუშევარია. თუმცა, საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის აღმასრულებელი დირექტორის ზაზა ჭელიძის თქმით, ამ ეტაპისათვის თვითდასაქმებულების პროცენტული წილი საკმაოდ მაღალ მაჩვენებელს აღწევს და თუკი დასაქმებულად მხოლოდ დაქირავებით დასაქმებულები ჩაითვლებიან, მაშინ უმუშევრობის დონე 16 პროცენტზე გაცილებით მაღალი - 60-65 პროცენტი - იქნება.