რა პრობლემებს შეუქმნის აბიტურიენტებს ეროვნული გამოცდების ცენტრის მესამედ შეცვლა

რა პრობლემებს შეუქმნის აბიტურიენტებს ეროვნული გამოცდების ცენტრის მესამედ შეცვლა

"საკადრო ცვლილებებზე მეტად მე სხვა საკითხი უფრო მაღელვებს. მოგეხსენებათ, მერვე წელიწადია, რაც ეროვნული გამოცდები ეწყობა, ასე რომ, მისი გამართვის განსაზღვრული გამოცდილება არსებობს. ესეც რომ არ იყოს, გამოცდების პროცედურა საკმაოდ მარტივია - ტექნიკური მხარე მთლიანად მოგვარებულია, ტესტები დაბეჭდილია და ისღა რჩება, რომ ბავშვები აუდიტორიაში შეიყვანონ და ბოლოს ტესტები შეაგროვონ. მაგრამ მთავარი გასწორების პროცესია და სწორედ აქ შეიძლება შეიქმნას უამრავი პრობლემა, განსაკუთრებით იქ, სადაც აბიტურიენტის აზროვნება და შემოქმედებითი უნარი იზომება", - აცხადებს "ქართული აკადემიის" წევრი გელა დოლიძე გაზეთ "ალიასთვის" მიცემულ ინტერვიუში, სათაურით რა პრობლემებს შეუქმნის აბიტურიენტებს ეროვნული გამოცდების ცენტრის მესამედ შეცვლა?!

"მოგეხსენებათ, უნარების ტესტებში პასუხები შემოხაზულია და გასწორება არავითარ პრობლემას არ წარმოადგენს, მაგრამ სხვა საგნებში საჭიროა კვალიფიციური კადრი, რაც ადრე გამოცდების ეროვნულ ცენტრს არ აკლდა - როგორც სხვა დანარჩენი, ესეც საიდუმლო ინფორმაცია გახლავთ, ამიტომ ზუსტ ციფრს ვერ დაგისახელებთ, მაგრამ როგორც ვიცი, გამსწორებლების ნაწილმა მაია მიმინოშვილს გამოუცხადა სოლიდარობა და წავიდა, ნაწილი კი თვითონ დაითხოვეს. თემატური ჯგუფების უმეტესობა, რომლებიც გასწორებას ხელმძღვანელობდნენ, დაირღვა. ქართულის ჯგუფიდან ვიცი, რომ თუ გამსწორებელი სპეციალურად მომზადებული არ არის, ეროვნულებზე ვერ გაასწორებს. აქედან გამომდინარე, ნამუშევრების გასწორების თვალსაზრისით პრობლემებს ველოდები. თუ გავითვალისწინებთ, რომ წლეულს უმაღლეს სასწავლებლებში ბევრი ადგილია და მხოლოდ აბიტურიენტების 5-10% დარჩება კონკურსს მიღმა, გასწორებისას დაშვებულ შეცდომებს დიდი ვნებათაღელვა არ მოჰყვება", - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას გელა დოლიძე.

"სამწუხაროდ, აბიტურიენტების უმეტესობას ცოდნაზე მეტად დიპლომი აინტერესებს, ამიტომ სადმე თუ "შეყოფენ" თავს, სავსებით კმაყოფილი დარჩებიან. ამ ფაქტორის გათვალისწინებით, ვფიქრობ, ხელისუფლებას არც ამ პრობლემის დამალვა გაუჭირდება, როგორც ტრადიციულად ახერხებს ხოლმე", - დასძენს რესპონდენტი და შეკითხვას - "ჯერჯერობით და შესაძლოა საბოლოოდაც ცენტრის დირექტორის მოვალეობას ლოჯისტიკის დეპარტამენტის უფროსი მერამ თოფურია ასრულებს. თქვენი აზრით, რამდენად გაართმევს თავს ის ამ მოვალეობას?" - პასუხობს:

"ხატია დეკანოიძის ფონზე, თოფურია ნამდვილი ფრთიანი ანგელოზია, მაგრამ თავისთავად მის კანდიდატურას უარყოფითად შევაფასებდი. არ შემიძლია არ აღვნიშნო, რომ მერაბ თოფურია კვალიფიციური კადრია, გამოცდილი ადამიანი და ცენტრში მოსვლამდე უნივერსიტეტში სამეცნიერო საქმიანობას ეწეოდა. თავისთავად ლოჯისტიკა "ზავხოზობაზე" მეტს ნიშნავს და ეს ადამიანი გამოცდების ყველა ორგანიზაციულ საკითხს წყვეტდა. ანუ რამდენად იქნება თითო ნაკადში გამსწორებელი, სად უნდა დასხდნენ, რა უნდა გააკეთონ და ა.შ. თავის მოვალეობას მშვენივრად ასრულებდა და არ მგონია, ცენტრის ხელმძღვანელობა გაუჭირდეს".