ტურიზმი 2012 - ყველაფერი ისე იქნება როგორც პრეზიდენტს უნდა!

ტურიზმი 2012 - ყველაფერი ისე იქნება როგორც პრეზიდენტს უნდა!

საქართვლოს მთავრობა არნახული ტურისტული ნახტომისთვის ემზადება. მართალია, შარშან 3 მილიონიანი ტურისტული გეგმა ვერ შესრულდა, მაგრამ წლეულს თადარიგი უკვე დაჭერილია. ყველაფერი ისე იქნება როგორც პრეზიდენტს უნდა.

გაეროს „ტურიზმის მსოფლიო ორგანიზაციამ“ გამოაქვეყნა ანგარიში „ტურიზმის მაჩვენებლები 2012“, რომელშიც საუბარია მსოფლიოში ტურიზმის ზრდის ტენდენციის შესახებ. მასში აღნიშნულია საქართველოში ტურისტული ნაკადის საგრძნობი მატებაც, რამაც 2011 წელს, 2010 წელთან შედარებით, 39 პროცენტი შეადგინა.

„ტურიზმის მსოფლიო ორგანიზაციის“ ანგარიშის თანახმად, ტურიზმი მთელ მსოფლიოში თითქმის 5 პროცენტით გაიზარდა და 2011 წელს ტურისტების რიცხვმა 983 მილიონს მიაღწია.

ზრდის დინამიკით განსაკუთრებით გამოირჩევა ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ზოგიერთი ქვეყანა. ამ რეგიონშია გაერთიანებული საქართველოც, რომლის ტურისტული ნაკადის ზრდის მაჩვენებელი 39 პროცენტია. ეს მაჩვენებელი მეზობელ აზერბაიჯანში 22 პროცენტს შეადგენს, სომხეთში - 11-ს, ხოლო რუსეთში კი - 12 პროცენტია.

საქართველოს ტურიზმის ეროვნული სააგენტო კი მთლად ცხელ ინფომარციას გვაწვდის. მისი ხელმძღვანელის მაია სიდამონიძის განცხადებით, 2012 წლის პირველ ნახევარში უცხოელი ვიზიტორების ნაკადი თითქმის გაორმაგდა:

„არის საგრძნობი ზრდა. წელს, პირველ კვარტალში დაფიქსირდა 41-პროცენტიანი ზრდა, ხოლო, მაისის ჩათვლით, უკვე 48 პროცენტია მატება. რაც შეეხება ზაფხულის ტურისტულ სეზონს, უკვე აქტიურ ფაზაშია. ველოდებით, რომ მხოლოდ ზაფხულში მილიონზე მეტი ტურისტი ჩამოვა საქართველოში“, - აცხადებს სიდამონიძე.

ზაფხულში, საზღვაო სეზონზე მთავრობა სომხების გარდა ახალი მიზნობრივი ჯგუფი ჰყავს - უკრაინელი და რუსი ტურისტები. თუმცა, მათავარია, არა ის, რასაც საქართველოს მთავრობაში ფიქრობენ, არამედ ის, რასაც ამ ქვეყნებში საქართველოზე ფიქრობენ.

აღმოჩნდა, რომ უკრაინელი ტურისტებისთვის ყველაზე პოპულარული ქვეყნები თურქეთი და რუსეთია, საქართველო კი ტოპ ათეეულში ვერ მოხვდა და 2011 წელს ჩვენს ქვეყანას მხოლოდ მხოლოდ 6000-მდე უკრაინელი ტურისტი ეწვია. უკრაინის სასაზღვრო მონაცემების მიხედვით 2011 წელს უკრაინიდან უცხოეთში 20,3 მლნ ადამიანი გავიდა, მათ შორის ტურისტული მიზნით 1,6 მლნ ადამიანი. 2010 წელთან შედარებით საზღვარგარეთ 30%-ით მეტმა უკრაინელმა დაისვენა.

შედარებისთვის, თურქეთს 2011 წელს 427 ათასი უკრაინელი ეწვია. როგორც ტურისტები აღნიშნავენ ამ ქვეყანაში მათ იზიდავთ დასვენების შედარებით დაბალი ფასი და მომსახურების მაღალი ხარისხი, მაგალითისთვის ანტალიაში საგზურის ყიდვა 450 დოლარად შესაძლებელია, სადაც შედის ავიაბილეთები, სასტუმრო, სამედიცინო დაზღვევა. გარდა ამისა, უვიზო მიმოსვლის რეჟიმი.

მეორე ადგილზეა რუსეთი, 241 ათასი ვიზიტორით, უკრაინელები ძირითადად სოჭში, ბაიკალზე, ანაპაში, გელენჯიკში და ტუაპსეში ისვენებენ.

მესამე ადგილზეა ეგვიპტე - 208 ათასი ტურისტი, მეოთხეზე -პოლონეთი - 114 ათასი. ათეულში არიან: რუმინეთი - 67 ათასი, არაბეთა საემიროები - 53 ათასი, საბერძნეთი - 47 ათასი, გერმანია - 46 ათასი, ისრაელი - 42 ათასი, ჩეხეთი - 41 ათასი.

საქართველო 26-ე ადგილზეა და ოფიციალური მონაცემებით, 5694 უკრაინელი ტურისტი ეწვია, უკრაინელები, ძირითადად, ზამთრის კურორტზე გუდაურში და ზაფხულში ბათუმში ისვენებენ.

ჩამონათვალში მოხვდნენ კავკასიური ქვეყნები, აზერბაიჯანი - 2211 ტურისტი და სომხეთი - 2206 ტურისტი.

რაც შეეხაბ სტუმრებს ცივი ჩრდილოეთიდან, საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები კმაყოფილებას ვერ ფარავენ რუსეთის მოქალაქეების ნაკადის ზრდის გამო, რაც შესამჩნევი გახდა საქართველოს მიერ სავიზო რეჟიმის ცალმხრივად გაუქმების შემდეგ.

რუსი ტურისტების რაოდენობის მატებასთან ერთად, რუსეთისზოგიერთი ტურისტული კომპანიის მხრიდან გაჩნდა პრეტენზიებიც. რადიო „კომერსანტისთვის“ მიცემულ ინტერვიუში რუსეთის კომპანიის „ვ მირე ფანტაზიის“ ერთ-ერთმა ხელმძღვანელმა, ალა არტიომენკომ, ქართველი ტუროპერატორები გააკრიტიკა:

„რუს ტურისტებს მსოფლიოს საუკეთესო კურორტები აქვთ შემოვლილი და მაღალი კლასის სერვისს მოითხოვენ, რასაც საქართველო ამ ეტაპზე ვერ უზრუნველყოფს. საქართველოში მოქმედი სააგენტოები არაორგანიზებულობით გამოირჩევიან, მათ ძალიან შეზღუდული შეთავაზებები აქვთ, ტურისტებს კი მაქსიმალურად ბევრი ადგილის ნახვა სურთ. მაშინ უნდა გვითხრან, რომ მათთვის პრიორიტეტი უკრაინა და უცხოეთის ქვეყნებია და ჩვენც შესაბამისად ვიმოქმედებთ“.

ალა არტიომენკო ამბობს, საქართველოს ტუროპერატორებისთვის რუსი ტურისტები პრიორიტეტს არ წარმოადგენენ და ამაზე ისიც მეტყველებს, რომ შეთავაზებები მხოლოდ ინგლისურ ენაზე აქვთ.

მიუხედავად ასეთი სტატისტიკისა და შეფასებებბისა, ტურიზმის ეროვნულ სააგენტოში თავის ჩვენებას აწვებიან.

„ის პრეტენზიები, რომლებიც გაისმა რუსული ტურისტული სააგენტოებიდან და მათი მთავრობის წარმომადგენლებისგან, ჩვენთვის არ არის გასაკვირი, იქიდან გამომდინარე, რომ ძალიან ბევრს არ სიამოვნებს, რომ ამდენი მოქალაქე შემოდის საქართველოში. მაგრამ ჩვენ ვისმენთ უფრო მათ კომენტარებს, ვინც აქ შემოდის და ვინც აქ შემოდის, მიდის კმაყოფილი და დადებითი ემოციებით დატვირთული“, - აცხადებს სააგენტო ხელმძღვანელი მაია სიდამონიძე.