„ცენტრ პოინტის“ სამართლამემკვიდრეები მობინადრეებს სულს ხდიან

„ცენტრ პოინტის“ სამართლამემკვიდრეები მობინადრეებს სულს ხდიან

„ცენტრ პოინტის“ მიერ დაზარალებულები დეველოპერულ კომპანია „დექსუსთან“ იურიდიული ურთიერთობების გაწყვეტას გეგმავენ. დაზარალებულებმა აქცია კომპანიის ოფისის წინ გამართეს. მათი განმარტებით, „დექსუსი“ დაზარალებულებს ბინების ჩაბარების სანაცვლოდ, თანხის დამატებას სთხოვს. ასეთ შემთხვევაში, დაზარალებულები „დექსუსის“ საჭიროებას ვეღარ ხედავენ და აცხადებენ, რომ თუ თანხას დაამატებენ, თავად დაასრულებენ მშენებლობას.

„დაზარალებულ მენაშენეთა ასოციაცია“ კომპანია „დექსუსს“ დანაშაულებრივ და უკანონო ქმედებებში პერმანენტულად ამხელს. გუშინდელ აქციაზე დაზარალებულებს შპს „დექსუსის“ წარმოამდგენლებთან შეხვედრა სურდათ, მაგრამ კომპანიის თანამშრომლებმა მათთან საუბარი არ მოისურვეს.

აქციის მონაწილეები კომპანიის თანამშრომელთა ავტომანქანებს წინ გადაუდგნენ და გზა გადაუკეტეს. დაზარალებულებმა მანამდე არ გაათავისუფლეს გზა, სანამ „დექსუსის“ თანამშრომლებმა რამდენიმე მათგანთან მოლაპარაკება არ დაიწყეს.

დაზარალებულების თქმით, 6200 ოჯახი, დაახლოებით 30 ათასი ადამიანი რამდენიმე წელია ელოდება „დექსუსის“ მიერ აშენებული ბინების მიღებას. მათ მთლიანობაში დაახლეობით ნახევარი მილიარდი ლარი აქვთ „დექსუსის“ ანგარიშზე გადარიცხული. თუმცა, კომპანიის თანამშრომლები აცხადებენ, რომ თანხები არამიზნობრივად დაიხარჯა, ამიტომ მენაშენეებისგან დაამტებით თანხებს მოითხოვენ.

„დექსუსის“ ხელმძღვანელობა აქციის მონაწილეთა საინიციატივო ჯგუფს და ადვოკატ მარინა კორძაძეს შეხვდა. როგორც ადვოკატმა შეხვედრის შემდეგ განაცხადა, „დექსუსი“ 7 ივლისს დამფუძნებელთა საერთო კრების მოწვევას აპირებს. კორძაძის თქმით, კრება უკანონოდ იკრიბება, თუმცა მან აქციის მონაწილეებს ამ კრებაზე დასწრებისაკენ მოუწოდა.

დაზარალებულები აქციის გამართვას 6 ივლისს კანცელარიასთან გეგმავენ.

„დექსუსში“ აცხადებენ, რომ თანამშრომლობას არავისთან შეწყვეტენ.

„სამწუხაროა, რომ მომხმარებელთა იმ მცირე ნაწილმა, რომლებიც ჯერ არ დათახმდნენ ჩვენს პირობებს, გადაწყვიტეს არატრადიციული ფორმით მოქმედება, თუმცა ჩვენ თანამშრომლობას არავისთან არ შევწყვეტთ და რეაბილიტაციას დადგენილი გეგმით განვაგრძობთ.

1800-მდე მომხმარებელს მშენებლობა უკვე დავუსრულეთ. ზაფხულის პერიოდში განსაკუთრებულად აქტიურად მიმდინარეობს ჩვენს ობიექტებზე სამშენებლო სამუშაოები, კერძოდ ცენტრ პოინტის 6 ობიექტზე: სავაჭრო ცენტრი „უნი მოლი“, საცხოვრებელი კომპლექსი „უნი ჰაუსი“, ლიკანი, ბაკურიანი, მარიჯანის და დიღმის მასივის ობიექტებზე, მიმდინარე წელს კლიენტების 2/3, რომლებიც დათანხმდნენ ჩვენს პირობებს დაკმაყოფილდებიან.

ის, რომ „დექსუსის“ რეაბილიტაციის გეგმა წარმატებულია და შეჩერებული მშენებლობების განახლებას და დასრულებას ვუზრუნველყოფთ, ამას ადასტურებს ის ფაქტი, რომ ბიზნეს ჯგუფი ვალენსიას-ისნის სავანის მობინადრეები თავად მოვიდნენ ჩვენთან გამოსავლის ძიებაში, მათ ობიექტზე სამშენებლო სამუშაოები უკვე აქტიურ ფაზაშია და რამდენიმე თვეში დავუსრულებთ მშენებლობას. მშენებლობა დაუსრულდება ყველას, ვინც დათანხმდება ჩვენს პირობებს“, - აცხადებს კომპანია „დექსუსის“ დამფუძნებელი ირაკლი კილაურიძე.

2-3 კვირა ისე არ გავა, რომ „ცენტრ პოინტის“ პირმშოს - „დექსუსის“ ირგვლივ რაიმე სახის საპროტესტო გამოსვლა არ განხორციელდეს. ამ ორი კვირის წინათ ბათუმის „მაგნოლიის“ მობინადრეები კომპანია „დექსუსს“ ხელშეკრულების პირობების დარღვევაში ადანაშაულებდნენ.

მობინადრეები აღნიშნავდნენ, რომ ბინები ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების მიხედვით ე.წ. თეთრი კარკასით უნდა ჩაბარებოდათ, თუმცა საბოლოოდ უტიხრო ბინები მიიღეს.

მეორე მობინადრის განმარტებით, ის საჯარო რეესტრში ბინასაც კი ვერ იფორმებს საკუთარ სახელზე, რადგან ბინის ღირებულების 18% არ აქვს გადახდილი, რომელიც ხელშეკრულებით გათვალისწინებული არ იყო.

„რადგანაც „დექსუსმა“ „ცენტრ პოინტის“ ბინები გადაიფორმა, ყველა ვალდებულება, რაც მას ჰქონდა თავისთავად უნდა შეესრულებინა. თუმცა, ყველა მობინადრეს ახალი ხელშეკრულების გაფორმება მოგვთხოვეს, რითაც, ფაქტობრივად, მოსახლეები მოტყუებულები დარჩნენ. ასე გვითხრეს, თუ ხელს არ მოაწერთ ხელშეკრულებას, ყველაფრის გარეშე დარჩებითო.

ჩვენ რაშიც გვქონდა ფული გადახდილი, ანუ ე.წ. თეთრ კარკასში, ის არ ჩაგვბარებია. ამის ნაცვლად მივიღეთ უტიხრო ბინები გაყვანილობისა და ყოველგვარი შელესვის გარეშე“, - განაცხადა სააგენტო „ივერონს“ ერთ-ერთმა მობინადრემ.