ერთი ნაბიჯი წინ, ორი - უკან!

ერთი ნაბიჯი წინ, ორი - უკან!

4 წლის განმავლობაში სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის, ჯანმრთელობის დაცვისთვის, ვაუჩერებსა და საპენსიო უზრუნველყოფისთვის დაახლოებით 13,5 მილიარდი ლარი დაიხარჯება, - ასეთია ახალი პრემიერ-მინისტრის, ვანო მერაბიშვილის დაპირება. ერთია, რამდენად შესწევს სახელმწიფო ბიუჯეტს ამ რაოდენობის თანხის გადახდა. და კიდევ, ექსპერტები ამას სოციალიზმისკენ გადადგმულ ნაბიჯად აფასებენ. 

ჩვენი ხელისუფლება უკვე მერამდენე წელია "მოჯადოებულ წრეზე" დადის. მსგავსი დაპირებები მთავრობას 2003 წელსაც ჰქონდა, მას შემდეგაც, რაც "რევოლუციური" მთავრობა საქართველოს მოქალაქეებს 100-დოლარიან პენსიას უკვე წლებია ჰპირდება, არც უმუშევრების დასაქმებაა ახალი და არც სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის 100 საწარმოს გახსნა ან ხელმისაწვდომი ჯანდაცვა.

ახლა კი ამას ახალი პრემიერი მერაბიშვილი გვპირდება, რომ ჯანმრთელობის დაცვის მიზნით, ბიუჯეტიდან 4 წლის განმავლობაში 3 მილიარდი ლარი გამოიყოფა. ამავე პერიოდში სოფლის მეურნეობას 4 მილიარდი ლარი მოხმარდება, ხოლო 2013 წლიდან პენსია 100 დოლარი (165 ლარი) იქნება.

ახალი ის არის, რომ მერაბიშვილის თქმით, საქართველოში ყველა ოჯახი მომავალი წლიდან ოთხ წელზე გაწერილ 1000-ლარიან ვაუჩერს მიიღებს. საქართველოში დაახლოებით 1,1 მილიონი ოჯახია, ანუ 1,1 მილიარდი ლარი ვაუჩერებისთვის დაიხარჯება (წელიწადში 1 კაცისთვის 250 ლარი, თვეში - 20,80 ლარი). მთავრობის ინფორმაციით, თითოეული ოჯახი თავად გადაწყვეტს, რაში გამოიყენოს ეს თანხა, კომუნალური გადასახადებისთვის თუ შვილისთვის სახელმძღვანელოების შესაძენად.

სოფლის მხარდაჭერის მიზნით ხელისუფლება ამ სფეროში მომავალი 4 წლის განმავლობაში 4 მილიარდ ლარს დააბანდებს. გვპირდებიან, რომ შეიძენენ 2 ათას კომბაინს, ტრაქტორსა და სხვა აგრეგატს, აშენდება და განვითარდება 500 სასოფლო-სამეურნეო საწარმო. 4 წლის განმავლობაში მინიმუმ 90 ათასი ჰექტარი მიწა გახდება სასოფლო-სამეურნეო სამუშაოებისთვის გამოსადეგი. მერაბიშვილის თქმით, ხელისუფლება დასავლეთ საქართველოში 35 ათას ჰექტარ მიწას "ჭაობებს ხელიდან გამოსტაცებს" და სასოფლო-სამეურნეო სავარგულად აქცევს.

გამოდის, სოფლის მეურნეობისთვის - 4 მილიარდი, ჯანდაცვისთვის - 3 მილიარდი, პენსიისთვის - 5,471 მილიარდი, ვაუჩერისთვის - 1,1 მილიარდი, ჯამში 4 წელიწადში ბიუჯეტს 13,5 მილიარდის გაღება მოუწევს.

სოსო არჩვაძე, ექსპერტი ეკონომიკურ საკითხებში: "4 წელიწადში 13 მილიარდი ლარი ფანტასტიკური თანხა არ არის, მაგრამ დაისმის კითხვა, თუ სახელმწიფო ბიუჯეტს ამ ოდენობის ხარჯის გაწევა შეეძლო, სად იყო მთავრობა აქამდე? იქნებ ოპტიმალური გზები გამოგვეძებნა? 

დიფერენცირებული, რეპრესიული დენის ტარიფის გამო მოსახლეობა ყოველთვიურად 20 ლარით მეტს იხდის. ეს არის ზუსტად იმ მოცულობის თანხა, რომელსაც მთავრობა ვაუჩერის სახით მოსახლეობას აძლევს. იქნებ სჯობდა სამართლიანი ფასწარმოქმნისთვის მიგვეხედა? 

მოსახლეობის შემოსავლების დიდი ნაწილი საკუთარი შრომითი საქმიანობის შედეგად უნდა ფორმირდებოდეს და ადამიანები მთავრობის კეთილ ნებაზე არ უნდა იყვნენ დამოკიდებული. გარდა ამისა, სოციალური პროგრამების დაფინანსების გაზრდა ნიშნავს ერთი ნაბიჯი წინ და ორი უკან, სოციალიზმისკენ.

სოციალური პროგრამების გაზრდა საბაზრო ეკონომიკის პრინციპებში არ ჯდება. მოსახლეობას შემოსავლის საკუთარი შრომით მიღების შესაძლებლობა უნდა ჰქონდეს და შემდეგ თვითონ გადაწყვეტს, რაში დახარჯოს ეს ფული. თუ სოციალური პროგრამების დაფინანსების ზრდა გაგრძელდება ქვეყანაში, სოციალიზმის ნიშნები გაჩნდება".