არჩევნები და ადგილობრივი მოსავალი პურის ფასს დაიჭერს

არჩევნები და ადგილობრივი მოსავალი პურის ფასს დაიჭერს

თუ მსოფლიო ბაზარზე მორიგი ნახტომისებული ზრდა არ დაფიქსირდა, საქართველოში ზაფხულის განმავლობაში პურპროდუქტები არ გაძვირდება. თანაც წელს არჩევნებია და პურის გაძვირება ხელისუფლებისთვის ყელში დანის გამოსმის ტოლფასი იქნება.

მიუხედავად იმისა, რომ საქართველო იმპორტზე დამოკიდებული ქვეყანაა და მომწოდებლებმა ხორბალზე ფასები გაზარადეს, ჯერჯერობით, მდგომარეობა საგანგაშო არ არის.

საერთაშორისო ბაზრებზე ხორბალი გაძვირდა. ბოლო მონაცემებით, ჩიკაგოს ბირჟაზე ხორბლის ფასმა რეკორდულად მოიმატა. სოიოს ფასი ტონაზე 18,5 დოლარით გაიზარდა, ანუ ღირებულებამ ტონაზე 525 დოლარი შეადგინა. ხორბალი კი 18%-ით გაძვირდა, რაც სპეციალისტების თქმით, ბოლო 2 წლის მაქსიმუმია.

საერთოდ, ბოლო ერთი თვის განმავლობაში ჩიკაგოს ბირჟაზე ფასების ნახტომისებური მატება დაფიქსირდა, თუმცა ბოლო დღეებში ხორბლის ფასები 5%-ით დაეცა.

ივნისის შუა რიცხვებიდან მოყოლებული ხორბლის ფასი ერთ ტონაზე 50 დოლარით არის გაძვირებული. ჯერჯერობით, საქართველოში ხორბალსა და ფქვილზე ფასები არ შეცვლილა, თუმცა, მწარმოებლების ნაწილის შეფასებით, თუ საერთაშორისო დინამიკა ზრდისკენ წავა, ფასების კორექტირება საქართველოშიც მოხდება.

მსოფლიო ბაზარზე ხორბლის ფასის პერმანენტული ზრდა 5 ივნისიდან დაიწყო. ამ პერიოდიდან მოყოლებული ჩიკაგოს ბირჟაზე 1 ტონა ხორბლის ფასი 51,7 დოლარით, ლონდონის ბირჟის მონაცემებით კი 32,2 დოლარითაა მომატებული.

ბოლო პერიოდში მსოფლიოში ხორბლის ფასის ზრდა, ძირითადად, იმპორტიორ ქვეყნებში გვალვიანმა ამინდებმა განაპირობა. გაჩნდა მოსავლის შემცირების საფრთხე, რაც პროდუქტის ფასზეც აისახა.  მაგალითად, უკრაინასა და ევროპის ქვეყნებში გვალვის გამო, მოსავლის საკმაოდ დიდ ნაწილი გაფუჭდა.

გარდა ამისა, ხორბლის ფასზე გარკვეულ გავლენას ხორბლის მოსავლის პროგნოზიც ახდენს. მეხორბლეთა საერთაშორისო საბჭოს გათვლებით, 2012-13 წლებში მსოფლიოში ხორბლის საერთო მოსავალი 5 მილიონი ტონით შემცირდება, არსებულ მარაგები კი - 8 მილიონი ტონით.

მეხორბლეთა ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი ლევან სილაგავა საუბრისას განმარტავს, რომ ბოლო პერიოდში მსოფლიო ბაზარზე ხორბლის ფასის ზრდის ტენდენცია შეიმჩნევა, მაგრამ ამას სისტემატური ხასიათი არ აქვს, ამიტომ ეს ადგილობრივ ბაზარზე გავლენას ნაკლებად მოახდენს. ამასთან, საქართველო უკვე წლებია, ძირითადად, რუსულ, უკრაინულ და ყაზახურ ხორბალს მოიხმარს, ამდენად ჩიკაგოს ბირჟაზე დაფიქსირებული ზრდა ჩვენთა ნაკლებ გავლენას იქონიებს.

„მსოფლიო ბაზარზე ხორბლის ფასის ზრდა სისტემატიური არაა.  საქართველოს ხორბლის მარაგები აქვს, ამდენად საერთაშორისო ბაზარზე ფასის ცვლილება ჩვენთან პროდუქტებზე ფასების ცვლას არ იწვევს. გარდა ამისა, ჩვენ გეოგრაფიულად მიბმული ვართ რუსეთზე, უკრაინასა და ყაზახეთზე. თუმცა, წლეულს საქართველოში უკრაინული ხორბალი საერთოდ არ შემოსულა, რადგან ერთსა და იმავე ხარისხის ხორბალზე რუსეთს და ყაზახეთს უფრო დაბალი ფასი აქვთ, ვიდრე უკრაინას“, - აცხადებს სილაგავა.

პურპროდუქტების ასოციაციის ხელმძღვანელის მალხაზ დოლიძის განმარტებით, ბოლო პერიოდში საქართველოში ფქვილის ფასი გაზრდილია, თუმცა, ეს, ჯერჯერობით, პურის ფასზე არ ასახულა. მისი თქმით, საქართველოში პურის ფასი გაიზრდება თუ ერთი ტომარა ფქვილის ფასი 35-37 ლარს გადააჭარბებს. დღეს კი ერთი ტომარა ფქვილის ფასი, საშუალოდ, 33 ლარია.

„ბოლო პერიოდში საქართველოში ფქვილმა დაახლოებით 2 ლარით მოიმატა. თუ ადრე ტომარა 31 ლარი ღირდა, დღეს მისი ყიდვა 33-34 ლარადაა შესაძლებელი, მაგრამ ეს ჯერჯერობით პურის ფასზე არ ასახულა.

საერთოდ, პურის გაძვირება მტკივნეული საკითხია, ამიტომ მეწარმეები ფქვილზე ფასის მატების დროს ცდილობენ, რომ ფასი სხვადასხვა მეთოდებით დაარეგულირონ“, - ამბობს დოლიძე.

სპეციალისტთა თქმით, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში ხორბლის ადგილობრივ მოსავალს მცირე წილი უჭირავს, ის გარკვეულწილად მაინც განსაზღვრავს ფასს. ახლა კი ხორბლის აღების დრო უკვე საქართველოშიც მოვიდა და ადგილობრივ ბაზარზე ფასი მეტ-ნაკლებად სტაბილური იქნება.