წინასაარჩევნოდ მმართველი პარტია და მისი მთავარი ოპონენტი ივანიშვილის "ქართული ოცნება" ერთმანეთს მემარცხენე შინაარსის დაპირებებში ეჯიბრებიან. ივანიშვილის მომხრეეები აცხადებენ, რომ მერაბიშვილმა ივანიშვილის იდეების კოპირება მოახდინა. ხელისუფლების მხარდამჭერი, ლიბერალური იდეების აქტიური მქადაგებლები კი ივანიშვილისაგან რაიმეს კოპირებას კატეგორიულად უარყოფენ. უფრო მეტიც, ისინი, ვინც ივანიშვილს საყოველთაო ჯანდაცვისა და სოფლის დახმარებისათვის მილიარდის გამოყოფის სურვილს სოცილიზმის მშენებლობად აფასებდა, ახალი პრემიერის, ვანო მერაბიშვილის მსგავს იდეას საზოგადოების დაკვეთის ოპტიმალურ პასუხად მიიჩნევნ.
"ივანიშვილმა საბჭოთა კავშირში საინტერესო ცხოვრება იყოო, თქვა და ახლაც ასე უნდა, რომ ჯანდაცვა იყოს უფასო, ცირკის ბილეთები იყოს უფასო. ის, რასაც მერაბიშვილი ამბობს, საყოველთაო უფასო ჯანდაცვა არ არის, რაღაც კატეგორიებისთვის უფასო დაზღვევაა", - ივანიშვილისა და მერაბიშვილის პროგრამების მსგავსების გამორიცხვაზე საუბარს ასე იწყებს კოალიცია "ევროპული საქართველოსთვის" წარმომადგენელი მიხეილ თავხელიძე.
მისი თქმით, "ჯერ ისევ ღარიბი ქვეყანა ვართ და თუ ცივილიზებული ხალხი ვართ, ვერ გავექცევით იმას, რომ ხალხმა ლიბერტარიანული იდეების ხათრით იშიმშილოს".
"გვყავს პენსიონერები, სოციალურად დაუცველი ხალხი და მათი ჯანდაცვა ამ სახელმწიფო პროგრამების მიხედვით სრულად დაფინანსებულია. წმინდა ლიბერტარიანული თვალსაზრისით ეს არ მომწონს, მაგრამ ისიც მესმის, რომ ეს რეალობაა და ვერ გავექცევით. დანარჩენ მოსახლეობას კი, პრემიერის თქმით, სახელმწიფოსაგან საბაზისო გარანტია ექნებათ, რომ გადაუდებელი დახმარების საჭიროების შემთხვევაში მათ სახელმწიფო წერტილოვნად დაეხმარება. საყოველთაო უფასო ჯანდაცვა კი, ჩემი აზრით, სრული იდიოტიზმია და მიუღწევადი მიზანი", - ამბობს თავხელიძე.
ცნობისათვის, ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკაში გამოჩენის დღიდანვე აცხადებს, რომ მისი პრიორიტეტები სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის მილიარდიანი ფონდის შექმნა, საყოველთაო სამედიცინო დაზღვევის ყოვლისმომცველი პაკეტი და პენსიის საარსებო მინიმუმთან გათანაბრებაა.
სულ რაღაც ორი დღის წინ პრეზიდენტის მიერ წარდგენილმა ახალმა პრემიერ-მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა მომდევნო 4 წლის პროგრამა წარადგინა, სადაც საუბარია სოფლის მხარდაჭერისათვის 4 მილიარდი ლარის ჩადებაზე (წელიწადში 1 მილიარდი), ასევე ჯანდაცვაში 4 წლის განმავლობაში 3 მილიარდი ლარის გამოყოფაზე, 100-დოლარიან პერსიაზე, საყოველთაო დაზღვევაზე, ყველა უმუშევრის დასაქმებასა და ამას პლუს, ყველა ოჯახს ათასლარიანი ვაუჩერის გაცემაზე.
"მერაბიშვილმა, რა თქმა უნდა, იგივე პრიორიტეტებზე დაიწყო საუბარი... ეტყობა, ახალი პრემიერი ვანო მერაბიშვილი ძალიან გულით ეცნობა ბიძინა ივანიშვილის ყველა გამოსვლას," - ასე შეაფასა "ქართული ოცნების" წარმომადგენელმა ირაკლი ალასანიამ ახალი პრემიერის პროგრამა ჟურნალისტებთან საუბრისას.
ექპერტი ნიკა ჩიტაძე ივანიშვილის მიერ საყოველთაო ჯანდაცვას და სოფლის მეურნეობის მხარდაჭერისათვის გაცხადებულ სურვილებს იწონებს და იმასაც აღნიშნავს, რომ ივანიშვილის "ეს იდეები ხელისუფლებას არ შეუფასებია სოციალიზმად, ეს ლიბერტარიანელებმა თქვეს. ისინი კი ხელისუფლებაში არ არიან".
ნიკა ჩიტაძე: "ლიბერტარიანელები არ ეთანხმებიან სოცილური პოლიტიკას განხორციელებას და ყველანაირად პირველ რიგში მეწარმის მხარდაჭერას ემხრობიან. ამაზე საქართველოს შრომის კოდექსიც მეტყველებს. ჩემთვის კი, თუკი ივანიშვილი სოფლის მეურნეობას მილიარდს სთავაზობდა, ეს ცუდი იდეა არაა. თუკი ივანიშვილი ხელისუფლებაში მოვიდა და სოფლის მეურნეობაში მილიარდი ლარი ჩადო, ამას მეც და საქართველოს მოსახლეობა მიესალმება. თუმცა აქ მნიშვნელოვნია, როგორ მოხდება პროექტის განხორციელება. ივანიშვილს კონკრეტული გეგმა არ წარუდგენია, ხელისუფლების გეგმა კი უკვე ვიცით და ის, რასაც დღეს მერაბიშვილი ამბობს, სავსებით რეალისტურია".
მიხეილ თავხელიძე ხელისუფლების მიერ ივანიშვილის იდეების კოპირებას კატეგორიულად გამორიცხავს. ის მიიჩნევს, რომ არსებობს ამომრჩევლის დაკვეთა და ამ დაკვეთას მთავრობა პასუხობს - "გადასარევად არა, მაგრამ არსებულ სიტუაციაში ოპტიმალურად".
მიხეილ თავხელიძე: "ივანიშვილს ჰგონია, რომ როგორც ჭორვილაში "მოუარა" ხალხს, ასე შეუძლია მთელ საქარველოს "მოუაროს". მმართველი ძალა არსებული რესურსებიდან გამომდინარე თავისი ძალისხმევის კონცენტრირებას ახდენს რამდენიმე კონკრეტულ პრობლემაზე და ამისთვის ბიუჯეტის ხარჯების გადანაწილებას აპირებს. ეს ძალიან სწორია.
"ადამიანმა ივანიშვილის იდეა რომ მოიპარო, ამისთვის მას იდეა უნდა ჰქონდეს. ჯერჯერობით, მისგან მხოლოდ მშვიდობის ხიდის დანგრევის იდეა გავიგე, სხვა დანარჩენი ჰაერზე საუბარია. რამდენად მემარცხენეა ხელისუფლების დაპირებები? თქვენ გინდათ ტერმინლოგიურ კამათში შევიდეთ? აქ მარტივი სიტუაციაა. საზოგადოებას აწუხებს უმუშევრობის პრობლემა, ჯადაცვის პრობლემა. მოსახლეობის ნახევარი სოფლად ცხოვრობს და მათ პირობების გაუმჯობესება აწუხებთ. ივანიშვილის იდეებისაგან განსხვავებით აქ სოციალიზმი ვინ დაინახა, არ ვიცი. სოციალიზმი არის ის, რასაც ივანიშვილი ქადაგებს. მთავრობა კი აპირებს შექმნას პირობები, რომ სოფლის მოსახლობა ეკონომიკურად განვითარდეს. მაგალითისთვის ხულოს რაიონში გზა გაკეთდა და ესეც კი საკმარისი აღმოჩნდა, რომ იქ მოსახლეობას კარგად ეცხოვრა".
თავხელიძეს არ ჰგონია, რომ მისი ლიბერტარიანული იდეოლოგია მთავრობის იდეოლოგიისაგან ძალიან განსხვავდებოდეს და მართალია მას ყველაფერი არ მოსწონს, მაგრამ რაც ახალი პრემიერისაგან გაჟღერდა, "ობიექტური რეალობიდან, სიტუაციიდან გამოდინარე ოპტიმალური რეაგირება და პასუხია. უკეთესს ვერაფერს იზამდნენ".
გარდა ამისა, თავხელიძე ამბობს, რომ ივანიშვილს წლების წინ ჰქონდა იდეა, სოფლის მეურნეობის ერთი მილიარდით სუბსიდირება მომხდარიყო და ეს მისთვის მიუღებელი იყო.
"ის ცდილობდა პრეზიდენტი სააკაშვილი დაერწმუნებინა იმაში, რომ მთავრობაში სოფლის მეურნეობის ბიუჯეტი ერთი მილიარდი ლარი უნდა გამხდარიყო და ეს ფული სოფლის მეურნეობის პროდუქციის შესყიდვის სუბსიდირებაში, ე.წ. შეღავათინ კრედიტებში უნდა დახარჯულიყო. ეს პოპულიზმი იყო, ჩემი და თქვენი ფულის კონკრეტული მოსახლეობის ჯგუფზე გადანაწილება იყო. ჩემს ფულს ჩავდებო - ეს ასე არ იყო. ამიტომაც ნებისმიერი სუბსიდირების წინააღმდეგი არა მარტო ბენდუქიძე, არამედ მთავრობის მთელი შემადგენლობა იქნებოდა. ახლა კი საუბარია არ სუბსიდირებაზე, არამედ სოფელში ინფრასტრუქტურის განვითარებაზე - გზები, გაზიფიკაცია, რაც არ უნდა სასაცილოდ მოგეჩვენოთ, მაგრამ ინტერნეტიც. ეს არის იმ პირობების შექმნა, რაც ადგილობრივ მოსახლეობას საშუალებას მისცემს თავად განვითარდნენ ეკონომიკურად და სახელმწიფო შემწეობაზე არ იყნენ დამოკიდებულნი. ივანიშვილს კი უნდა, რომ სოფლად მცხოვრები ხალხი სახელმწიფო დახმარების წვეთოვანზე მიაბას. სუბსიდირება, იგივე შეღავათიანი კრედიტები და ფულის სახის პირდაპირი დახმარება - ეს მოსახლეობის მომავლის მოსპობას ნიშნავს. ადამიანები შეეჩვევიან სახელმწიფოზე დამოკიდებულებას და თავისთვის სხვა ეკონომიკურ საშუალებას აღარ მოძებნიან," - დასძენს თავხელიძე.
მისი თქმით, არც 1000-ლარიანი ვაუჩერების დარიგება შეიძლება ჩაითვალოს მემარცხენე ნაბიჯად და ეს იდეალური გამოსავალი არ არის, მაგრამ მაინც საუკეთესოა.
"აი, გეტყვით, რა ხდება. სახელმწიფო ყველა ჩვენთაგანისგან გადასახადს იღებს. ნებისმიერი მოქალაქე თუნდაც ლიმონათის ყიდვისას იხდის მაგალითად დღგ-ს. 1000-ლარიანი ვაუჩერი კი იმას ნიშნავს, რომ სახელმწიფო ჩვენგან აღებული გადასახადების ნაწილს უბრალოდ გვიბრუნებს. კრიტიკულად მნიშვნელოვანი ისაა, რომ ამ 1000-ლარიანი ვაუჩერის მიმღები არის ყველა. ჩემი აზრით, ეს იდეალური არ არის, უკეთესი იქნებოდა, გადასახადების შემცირება, მაგრამ ეს თუ არ ხდება, ვაუჩერი შემდეგი საუკეთოსო ნაბიჯია.
"მთავარია, რომ ის რიცხვები, რაც მერაბიშვილმა დაასახელა, გადასახადებს არ გაზრდის - დღგ, საშემოსავლო არ მოიმატებს და რაღაც იდიოტურ გადასახადებს არ შემოვიღებთ, როგორსაც ივანიშვილის გენიოს ეკონომისტებს სურთ. გარდა ამისა, საქართველოში მოქმედებს კონსტიტუციური ნორმა, რომელიც ზღუდავს სახელმწიფო წილს ეკონომიკაში. ჩემი აზრით, სავსებით რეალისტურია და მისაღებია ის, რასაც ვანო ამბობს", - აცხადებს თავხელიძე.
ნიკა ჩიტაძეც მიიჩნევს, რომ თუკი ხელისუფლება გადასახადებს გაზრდიდა, მაშინ შესაძლო იქნებოდა ახალი პრემიერის მემარცხენეობაზე საუბარი, გადასახადის გაზრდა კი რეფერენდუმის გარეშე კანონით შეუძლებლია და რეფერენდუმის შემთხვევაშიც ხალხი რა თქმა უნდა ამაზე უარს იტყვის.
ნიკა ჩიტაძე: "როცა სახელმწიფო ზრდის სოციალური დახმარების მოცულობას, გარკვეულწილად შეგვიძლია გარკვეულ მემარცხენეობაზე ვისაუბრობთ. ვერ ვიტყვით, რომ საქმე გვაქვს სოციალიზმთან, ჩვენ დღეს საქმე ნეორიბელარიზმთან გვაქვს. არსებობს ლიბერალიზმის თეორია, რომელსაც ქადაგებდნენ ადამ სმიტი და დევიდ რიკარდო. ისინი ქადაგებდნენ, რომ უხილავმა ხელმა უნდა მართოს ეკონომიკა დ აქიდან გამომდინარე სახელმწიფოს წილი ეკონომიკაში მინიმალური უნდა იყოს. სახელმწიფო როლი მხოლოდ გადასახადების აკრეფვით უნდა შემოიფარგლებოდეს. თუმცა მე-21 საუკუნეში არსებულმა რეალობამ, იგივე მემარჯვენე ორიენტაციის მქონე ქვეყნებს, მაგალითად, აშშ ნათლად დაანახა, რომ რიგ შემთხვევებში ეკონომიკურ პროცესებში სახელმწიფოს ჩარევის აუცილებელია. 2008 წლის მსოფლიო ეკონომიკურ კრიზისს თუ გავიხსენებთ, აშშ-ს რესპუბლიკურმა ხელისუფლებამ 770 მილიარდი აშშ დოლარი გამოყო საფინანსო ბაზრის სტაბილიზაციისთვის. იგივე აშშ-ში მოქმედებს სოციალური დაცვის სისტემა, მიუხედავად იმისა, რომ ის მეწარმეობზე არის ორიენტირებული. შეიძლება ჩვენთანაც ლიბერტარიანელებს სურდათ ყველაფერი მხოლოდ მეწარმეობის მხარდაჭერაზე ყოფილიყო ორიენტირებული და ნაკლები სოციალური დაზღვევა ყოფილიყო, მაგრამ არსებობს მეორე - ნეოლიბერალური თეორია და შესაბამიად ქართული სახელმწიფო დღეს ნეოლიბერალურია".
მისი აზრით, სახელმწიფოს ეკონომიკური პოლიტიკა კვლავ მემარჯვენე რჩება, თუმცა ცენტრისკენ ინაცვლებს. რომ არა მემარჯვენეობა სახელმწიფო გაზრდიდა გადასახადს და გადასახადიდან ამოღებული თანხებით განახორციელებდა სოციალურ პოლიტიკას.