ამერიკის შეერთებულ შტატებში 2 ნოემბერს გამართული შუალედური არჩევნები წარმომადგენელთა პალატაში რესპუბლიკელების მიერ უმრავლესობის მოპოვებით დასრულდა. რამაც მნიშვნელოვნად შეიცვალა ძალთა ბალანსი კონგრესში. მათ გაცილებით გაიმყარეს პოზიციები სენატშიც. რაც ნიშნავს, რომ რესპუბლიკელებს შეეძლებათ დემოკრატი პრეზიდენტი აიძულონ საკუთარ გეგმებში კორექტივები შეიტანოს.
რამდენად დამახასიათებელია ამერიკული შიდა პოლიტიკისთვის იმ სახის რყევები, რომელიც დემოკრატების რეიტინგმა ორ წელიწადში განიცადა, შესაძლოა თუ არა, შუალედური არჩევნების შედეგები ობამას ადმინისტრაციის ეპიტაფიად იქცეს? – პრესა.გე სამხედრო ანალიტიკოსს კახა კაციტაძეს ესაუბრა.
2008 წლის არჩევნებში მიღწეული შედეგების შემდეგ, დემოკრატების რეიტინგის ასეთი რყევა არ ძირითადმა მიზეზებმა განაპირობა?
– შუალედურ არჩევნებში ასე რყევა შეერთებული შტატებისთვის თვისობრივად ახალი მოვლენა არ არის. ამერიკაში ხშირად ყოფილა შემთხვევა, რომ პრეზიდენტი ერთი პარტიის წარმომადგენელი ყოფილა, სენატი და წარმომადგენლობითი პალატა კი, მეორე პარტიას გაუკონტროლებია. ასე, რომ აქ საკვირველი არაფერია. პრინციპში, უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილებების მიღება შტატებში ყოველთვის ორპარტიული კონსენსუსის საფუძველზე ხდება. ვგულისხმობ საგარეო პოლიტიკურ საკითხებს.
კონკრეტულად 2 ნოემბრის შედეგები კი, განაპირობა იმან, რომ ობამამ ქვეყნის შიგნით მეტად მტკივნეული რეფორმები დაიწყო. რომელმაც ტრადიციული ამერიკელების სერიოზული გაღიზიანება გამოიწვია. მათი ვისთვისაც სახელმწიფოს ჩარევა რომელიმე სფეროში აბსოლუტურად მიუღებელია. განსაკუთრებით გაღიზიანდნენ ჯანდაცვის რეფორმებით.
მაგრამ უკმაყოფილების ძირითადი მიზეზი შიდაპოლიტიკურია და შუალედური არჩევნების შედეგები შეერთებული შტატების საგარეო პოლიტიკაზე ვერავითარ გავლენას ვერ მოახდენს. მით უფრო, რომ დემოკრატებმა სენატში შეინარჩუნეს უმრავლესობა.
ამერიკულ მედიაში დაიწერა ისიც, რომ ობამამ ორი წლის განმავლობაში ბევრი რამ კარგიც გააკეთა, მაგრამ ამის აღიარება არ ხდება.
– ობამას გადადგმულ ნაბიჯებს ჯერ არ გამოუღია ისეთი ქმედუნარიანი შედეგები, რომ საზოგადოება მათ მართებულობაში საბოლოოდ დარწმუნებულიყო. შესაბამისად არჩევნების შედეგები გამოხატავს საზოგადოების გარკვეული ნაწილის ეჭვს, რომ მის მიერ გადადგმული ნაბიჯები სწორი არ არის.
ვიმეორებ, ამერიკაში, შუალედური არჩევნებისას ასეთი რიტმული რყევები ჩვეულებრივი ამბავია. თუმცა, იყო შემთხვევები, როდესაც მმართველი პარტია უმრავლესობას ინარჩუნებდა. ბუშმა, არც თუ პოპულარულმა ამერიკის მასშტაბით ერთხელ, შუალედურ არჩევნებში მოახერხა ისე, რომ რესპუბლიკელებმა მოიგეს.
აღნიშნეთ, რომ ამერიკის შუალედურ არჩევნებში ასეთი რიტმული რყევები ჩვეულებრივი ამბავია. ხელისუფლების გადაბარების პროცესში რესპუბლიკელებსა და დემოკრატებს შორის ამან გარკვეული კანონზომიერი ხასიათი ხომ არ მიიღო?
– ისეთი კანონზომიერება, რომლის საფუძველზეც შეიძლება თქმა, ამერიკის ცხოვრება ასე წავა თუ ისე არ არსებობს. დემოკრატიულ საზოგადოებაში მეტად რთულია იმის განსაზღვრა დემოკრატიული პროცესები როგორ განვითარდება. მე ჯერ კიდევ არ მაქვს ზუსტი მონაცემები რა წარმატებას მიაღწია ე.წ. ჩაის პარტიამ. რესპუბლიკელების შიდა, ნეო-კონსერვატიულმა ფრთამ.
თუმცა, არა მგონია, ამ კონტექსტში ნეო-კონსერვატიულ იდეებს დიდი მომავალი ჰქონდეთ. რადგან ისტორიის ეტაპი, როდესაც ნეო-კონსერვატორები ისეთ ღირებულებებს სთავაზობდნენ საზოგადოებას, რომელიც იმ მომენტის შესაბამისი იყო, გავლილია. ყოველ შემთხვევაში მე მათში ამერიკის მომავლის ძალას ვერ ვხედავ.
გაკეთდა ასეთი შეფასებაც, რომ მიუხედავად შუალედური არჩევნების შედეგებისა, ობამამ საკუთარი პროგრამით ქვეყანას ხელახალი „დიდი დეპრესია“ აარიდა თავიდან.
– შეფასებები მრავალგვარი გაკეთდება, თუმცა ამერიკელების საბოლოო ვერდიქტს ორი წლის შემდეგ ვნახავთ და არა ახლა.
ითქვა ისიც, რომ შუალედური არჩევნების შედეგები ობამას ადმინისტრაციის ეპიტაფიად არ უნდა იქცეს, რადგან არც 2008 წლის არჩევნებს გაუწირავს რესპუბლიკელების სამუდამო უმცირესობისთვის...
– ასეთი რამეები ამერიკის პოლიტიკაში არ ხდება. გავიხსენოთ თუნდაც რუზველტი, რომელმაც ზედიზედ 4 ვადით მოიგო საპრეზიდენტო არჩევნები და 1933 წლიდან მოყოლებული 1953 წლის ჩათვლით დემოკრატები იყვნენ თეთრ სახლში, მაგრამ შემდეგ რესპუბლიკელები დაბრუნდნენ. ამერიკის პოლიტიკური სისტემიდან გამომდინარე ამ ქანქარისებურ რყევაში მე რაიმე განსაკუთრებულს ვერ ვხედავ.