გამორიცხული არ არის, ქვეყანაში ხელისუფლების შეცვლამდე მიწების მასობრივი გაყიდვა დაიწყოს და თანაც საქართველოს არარეზიდენტ პირებზე. ეს იმიტომ, რომ გასაყიდი მაქსიმალურად გაიყიდოს, ხოლო თუკი ხელისფულებაში კვლავ ამჟამინდელი პოლიტიკური ძალა დარჩა, შემდგომ არჩევნებამდე უკვე მოსახლეობის გაყიდვასაც მოასწრებენ.
ასეთი უპრეცენდენტო შესაძლებლობა უცხოელებს ქვეყნის კანონმდებლობამ მიანიჭა. ცვლილება საქართველოს პარალმენტის წინააღმდეგ დანიის მოქალაქის საჩივრის საფუძველზე განხორციელდა. საკონსტიტუციო სასამართლომ ჰაიკე ქრონქვისტის სარჩელი დააკმაყოფილა და არაკონსტიტუციურად ცნო „სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ“ კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის სიტყვები “ამ მუხლის 1,1, 1,2 და 1,3 პუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში”.
ამ პუნქტების შესაბამისად კი, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების ფლობის უფლება ჰქონდათ როგორც საქართველოს მოქალაქეს, კომლს, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად საქართველოში რეგისტრირებულ იურიდიულ პირს, ასევე ამ მუხლის 1,1, 1,2 და 1,3 პუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში უცხოელსა და საზღვარგარეთ რეგისტრირებულ იურიდიულ პირს.
ამასთან, უცხოელსა და საზღვარგარეთ რეგისტრირებულ იურიდიულ პირს საკუთრების უფლება აქვთ მხოლოდ იმ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე, რომელიც მათ მემკვიდრეობით მიიღეს, ხოლო უცხოელს, აგრეთვე, იმ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე, რომელსაც ის მართლზომიერად ფლობდა, როგორც საქართველოს მოქალაქე.
საკონსტიტუციო სასამართლომ ჩათვალა, რომ ეს მუხლები საქართველოს კონსტიტუციას ეწინააღმდეგებოდა. უწყების განმარტებით, ამ კანონით ირღვეოდა ადამიანის უფლებები, რომელიც თანაბარია მოქალაქეობის კუთვნილების მიუხედავად.
ახალ საკანონმდებლო ცვლილებას სოფლის მეურნეობის დარგის ექსპერტი პაატა კოღუაშვილი ქართული სოფლის გადაგვარების ტოლფასად აფასებს. მისი განცხადებით, უკვე სრულიად რეალურია საფრთხე, რომ უახლოეს მომავალში საქართველოს კონტროლირებადი ტერიტორიის დიდი ნაწილი სხვა სახელმწიფოების მოქალაქეთა ხელში აღმოჩნდეს.
„საქართველოს მოქალაქეთა პროტესტის შესამსუბუქებლად, არის მცდელობა ეს პროცესი ინვესტიციების მოზიდვით გაამართლონ, ამავე დროს, ხშირად ისმის პრიმიტიული ფრაზები, მაგალითად, “მიწას ზურგზე ხომ არ მოიკიდებენ” და მსგავსი. არ მოიკიდებენ, მაგრამ ამ მიწაზე დამკვიდრდებიან და ძალიან დიდი ოდენობითაც”, - დასძენს ექსპერტი.
მიწა ნებისმიერ სახელმწიფოში ყველაზე მნიშვნელოვანი სტრატეგიული ობიექტია ბევრად მნიშვნელოვანი, ვიდრე ნებისმიერი მაგისტრალი, ენერგომატარებელი ან სამხედრო ობიექტი. მთავრობამ უნდა გაიცნობიეროს, რომ მიწა, საკუთრების სხვა ობიექტებისაგან განსხვავებით, ერთდროულად წარმოადგენს საკუთრების ობიექტს, წარმოების საშუალებას და სახელმწიფო ტერიტორიასაც. ამდენად, მიწის საკუთრებას გარდა ეკონომიკური და იურიდიული დატვირთვისა, პოლიტიკური ასპექტიც გააჩნია.
„ესაა სახელმწიფოს ტერიტორიული შეუვალობა, ანუ სუვერენიტეტი. სუვერენია ხალხი (ერი). საქართველოს სახელმწიფო ტერიტორია ქართველი ხალხის ორგანული, სოციალურ-ეკონომიკური და ეთნო-კულტურული კანონზომიერი განვითარების შედეგია იმ მიწაზე, სადაც სახელმწიფოსთან ერთად შეიქმნა ქართული ეროვნება და ეროვნული ცნობიერება.
ხელისუფლება მიწის სარფიანად გაყიდვით კი არა, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის მესაკუთრე გლეხობისათვის მეურნეობრიობის ნორმალური პირობების შექმნით უნდა იყოს დაკავებული. მან ხელი უნდა შეუწყოს სოფლად მიწის წვრილ მესაკუთრეთა საწარმოო და მარკეტინგულ კოოპერირებას (და არა მათ დაქირავებულ მუშებად გადაქცევის პროცესს), მათი მიწის სრულფასოვან მეურნე მესაკუთრეებად ჩამოყალიბებას. მხოლოდ ამ გზით შეიძლება სოფლად საქონელმწარმოებელთა გადაქცევა მიწის ნამდვილ პატრონად, ქვეყნის დამცველად და პატრიოტად”, - აცხადებს კოღუაშვილი.
კომპანია „პრივატსერვისის” ხელმძღვანელის, ვაჟა ცუცქირიძის განმარტებით, უცხოელთა მხრიდან სასოფლო-სამეურნეო მიწებზე მოთხოვნა ბოლო პერიოდში გამოიკვეთა.
„უცხოელი ინვესტორებისთვის მისაღებია ქართული მიწის დაბალი ფასი. 1 ჰექტარი სასოფლო-სამეურნეო მიწის ყიდვა, დაახლოებით, 400-700 დოლარის ფარგლებშია შესაძლებელი. ეს არის საორიენტაციო ღირებულება. საქართველოში ჩამოდიან სხვადასხვა ჯგუფები, ნელ-ნელა აწარმოებენ შესყიდვებს.
საქართველო მათთვის მისაღებია სხვადასხვა მიზეზის გამო. პირველ რიგში იმით, რომ აქ მეტია სტაბილურობა, იზიდავთ კლიმატი და ბიზნესპირობები. ამასთან, მსოფლიოში დიდია მოსალოდნელი შიმშილის საფრთხე, რასაც ამძაფრებს ბუნებრივი კატაკლიზმების მიმართ შიში. ამ თვალსაზრისით, საშიშროება აქ ნაკლებადაა. საერთოდ, პირობები მრავალმხრივ კარგია ინვესტორებისთვის“, - ამბობს ვაჟა ცუცქირიძე.
რაც შეეხება საერთაშორისო გამოცდილებას, ანუ იმას თუ როგორ იცავენ თავიანთ მიწებს ნორმალურ ქვეყნებში. პაატა კოღუაშვილის განმარტებით, ევროკავშირის მთელ რიგ ქვეყნებში, სახელმწიფო დონეზე (ირლანდია, ჩეხეთი) იკრძალება ან იზღუდება სასოფლო-სამეურნეო მიწის უცხო ქვეყნის მოქალაქეებისათვის ან არარეზიდენტი იურიდიული პირებისათვის გადაცემა. მსგავსი დამოკიდებულებაა ამ საკითხისადმი თურქეთში, ავსტრიაში, იაპონიაში, ისლანდიაში, ახალ ზელანდიაში, მექსიკაში.
ირლანდიის კანონმდელობის მიხედვით, ამ ქვეყანაში 7-წლიანი ცხოვრების ვადაა საჭირო იმისათვის, რათა მიწის შეძენის მსურველმა განცხადებით მიმართოს მიწის კომისიას. საფრანგეთში შეზღუდულია ვენახების (ფრანგი ერის სიამაყის საგანი) და განსაკუთრებით დიდი ფართობის მიწის შეძენა.