აღსრულების ეროვნულმა ბიურომ ბიძინა ივანიშვილის აქციებზე "ქართუ ჯგუფში" და "პროგრეს ბანკში" აუქციონი გამოაცხადა. თუმცა ქონების აუქციონზე გატანას სახელმწიფოს მხრიდან უკანონობად აფასებენ "ქართული ოცნების" პოლიტიკური გუნდის წევრები და იურისტები. ბიძინა ივანიშვილის აქციების 100%-ი სს "ქართუ ჯგუფში" ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულმა ბიურომ 151 880 661 ლარად, ხოლო აქციების 21.7%-ი სს "პროგრეს ბანკში" - 3 566 498 ლარად შეაფასა. აუქციონზე მათი საწყისი ფასი კი 75 940 330,50 და 1 783 249 ლარია.
როგორც "რეზონანსს" ადვოკატმა შალვა თადუმაძემ განუცხადა, ბანკების წილების აუქციონზე გატანა უკანონო და დანაშაულებრივი ქმედებაა.
"სახელმწიფოს მხრიდან ამ შემთხვევაში სრულიად უკანონო და დანაშაულებრივ ქმედებას აქვს ადგილი. აუქციონზე გააქვს ის ქონება, რომელიც ბატონ ბიძინა ივანიშვილს არ ეკუთვნის და ამით ზეწოლის მოხდენას ცდილობს", - აცხადებს თადუმაძე.
რაც შეეხება ბიძინა ივანიშვილის აუქციონში მონაწილეობას, ადვოკატი ამბობს, რომ ამის შესახებ ინფორმაცია არ აქვს, თუმცა ფიქრობს, რომ ივანიშვილი აუქციონში მონაწილეობას არ მიიღებს.
ჩვენც ამ განცხადების შემდეგ შევედით ინფექციური საავადმყოფოს მიმდებარე ტერიტორიაზე.
"ბატონ ბიძინასთან ამ თემაზე არ მისაუბრია და შესაბამისად, არ ვიცი მიიღებს თუ არა მონაწილეობას აუქციონში, თუმცა ვფიქრობ, რომ ის ერთი მარტივი მიზეზის გამო არ მიიღებს მონაწილეობას - ქონება, რომელიც აუქციონზე გადის, ივანიშვილს არ ეკუთვნის.
"სახელმწიფო ამ შემთხვევაში უკანონო ქმედებას და კრიმინალს ჩადის. აუქციონზე სხვა პირის ქონება გააქვს. რა უნდა ვივარაუდო ნამდვილად არ ვიცი, დანაშაულებრივი ქმედებაა და ყოველგვარ კანონს არის გაცდენილი", - უთხრა "რეზონანსს" თადუმაძემ.
კოალიცია "ქართული ოცნების" პოლიტსაბჭოს წევრი ელისო ჩაფიძეც აღნიშნავს, რომ ბიძინა ივანიშვილის დაჯარიმებით და ქონების დაყადაღებით სახელმწიფომ უკანონო ქმედება ჩაიდინა.
"როგორც დაყადაღების, ასევე დაჯარიმების პროცედურები უკანონო იყო. ბიძინა ივანიშვილი ამ გადაწყვეტილების გასაჩივრებას სტრასბურგის სასამართლოში აპირებს.
"როგორც ვიცი, იგი არ აპირებს აუქციონში მონაწილეობას და საერთოდ არა მგონია, საქართველოში მოღვაწე რომელიმე ბიზნესმენმა მიიღოს მასში მონაწილეობა", - ამბობს ჩაფიძე. მისივე თქმით, ქონება, რომელიც სახელმწიფომ აუქციონზე გაიტანა, ბიძინა ივანიშვილს არ ეკუთვნის.
"2 მაისის შემდეგ "პროგრეს ბანკის" და "ქართუ ჯგუფის" აქციების მფლობელი ბიძინა ივანიშვილი არ არის, ამიტომ გაუგებარია, ვისი ქონება გააქვს აუქციონზე სახელმწიფოს", - გვითხრა ჩაფიძემ.
აღსანიშნავია, რომ ბანკებს ყადაღა 26 ივნისს დაედო. ჯარიმის გადახდის შემთხვევაში კი, ყველა სააღსრულებო ღონისძიება გაუქმდება. შესაბამისად, შეწყდება აუქციონის მიმდინარეობა და ქონებაზე დადებული ყადაღაც მოიხსნება.