ყველა უბედურების სათავე ძვირი საწვავია

ყველა უბედურების სათავე ძვირი საწვავია

ოპოზიციამ საწვავის ფასებს დაარტყა, უფრო სწორად ნავთობკომპანიებს და კიდევ უფრო სწორად ხელისუფლებას დაარტყა. ბაზრის 3 ძირითად მოთამაშეს, მთავრობის ხელშეწყობით, ნავთობპროდუქტებზე მაღალი ფასი ხელში ისე უჭირავთ, ვითარცა...  მებადურს ბადე.

„ახალი მემარჯვენეების“ ეკონომიკური მიმართულების ხელმძღვანელის ლევან კალანდაძის განცხადებით, „ქვეყანაში ცხოვრების სიძვირე, მნიშვნელოვნად საწვავზე მონოპოლიით არის განპირობებული“. ამიტომაც „ახალი მემარჯვენეები“ ხელისუფლების პოლიტიკას საწვავთან მიმართებაში კიდევ ერთხელ აკრიტიკებენ და თვლიან, რომ მთავრობა კვლავ აგრძელებს ლობისტურ პოლიტიკას ნავთობპროდუქტების იმპორტიორი მონოპოლისტი კომპანიების მიმართ.

„მოსახლეობა პროდუქტს რომ ძვირად ყიდულობს, ტრანსპორტით მგზავრობა და ნებისმიერი სახის მომსახურება რომ ძვირი უჯდება, სოფლების უდიდეს ნაწილში მიწები რომ დაუხნავი დარჩა და ზოგადად, ქვეყანაში რომ ცხოვრება ძალიან ძვირია, ყველაფერი საწვავის იმპორტზე მონოპოლიით არის განპირობებული. ეს კი პირდაპირ კავშირშია იმასთანაც, რომ ქვეყანაში ეკონომიკის რეალური სექტორი ვერ ვითარდება და ხალხი დაუსაქმებელია“, - განაცხადა ლევან კალანდაძემ.

ადგილი აქვს კარტელურ გარიგებას მონოპოლიურად მაღალი ფასის დაწესების შესახებ ბაზრის 3 ძირითად მოთამაშეს შორის. „ახალი მემარჯვენეების“ განცხადებით, ეს კომპანიებია: „გალფი“, „სოკარი“ და „ვისოლი“.

„შესაბამისად, იმის მიუხედავად, მცირდება თუ არა საერთაშორისო ბაზრებზე საწვავის ფასი, ხელისუფლების
„ქოლგისა“ და მფარველობის ქვეშ მყოფი ეს კომპანიები, ისევ და ისევ ხელისუფლების ხელშეწყობით, მაინც ინარჩუნებს მონოპოლიურად მაღალ ფასებს საწვავზე“, - აღნიშნა კალანდაძემ.

„მემარჯვენეების“ მიერ წარმოდგენილი სქემის მიხედვით, საწვავის იმპორტიორები ერთ ლიტრ ბენზინში ზემოგების სახით 40 თეთრს, დიზელის საწვავში კი - 50 თეთრს იღებენ.

კალანდაძის თქმით, საჭიროა პოლიტიკური ნება, რომ ხელისუფლებამ დაუშვას კონკურენცია საწვავის ბაზარზე და კონკურენცია თავად უზრუნველყოფს საწვავის გაიაფებას.

წინასაარჩევნო პერიოდში ძალიან მოწადინებულნი არიან ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლები, რომ როგორმე მათი უშუალოდ ჩარევის მეშვეობით ერთობ მაღალ ფასებზე გავლენა მოახდინონ, მაგრამ ასეთი რამ ძალიან იშვიათად ან საერთოდ არ ხდება.

აგერ 3 თვეა ნავთობი პერმანენტულად იაფდება, 1 ტონა ბენზინის საბითუმო ღირებულება 900 დოლარის ფარგლებშია და საცალო ფასი 2 ლარამდეც კი არ ჩამოვიდა. ის კი არადა, უახლოესი დღეების განმავლობაში მორიგი გაიაფება არც კი არის მოსალოდნელი. საუკეთესო შემთხვევაში ცვლილებებს 10-12 დღეში უნდა ველოდოთ. თუმცა, კონკრეტულად როდის, კომპანიები ჯეჯრეობით არ აკონკრეტებენ (ამასობაში საერთაშორისო ბაზრებზე „შავი ოქრო“ იქნებ სულ ოდნავ მაინც გაძვირდეს და ქართველი ნავთობიმპორტიორებს ფასის შენარჩუნების მიზეზი და საბაბი ერთად გაუჩნდებათ).

ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირში კი აცხადებენ, რომ საწვავის ფასი კლება ივლისიდან განახლდება და გაგრძელდება მთელი ზაფხულის განმავლობაში. კავშირის ხელმძღვანელის, ვანო მთვრალაშვილის ინფორმაციით, ბოლო თვენახევრის განმავლობაში, საერთო ჯამში, ფასები ევრო დიზელზე - 20 თეთრით, ყველა სხვა ტიპის საწვავზე კი 15 თეთრითაა შემცირებული.

„ნავთობპროდუქტების ფასი მთელი თვენახევრის განმავლობაში კლებას განიცდის. ვფიქრობთ, რომ ეს პროცესი გაგრძელდება ზაფხულშიც. ბოლო ცვლილება, დაახლოებით, 1 კვირის წინათ დაფიქსირდა და ახალ ფასებს უკვე ივლისიდან უნდა ველოდოთ.  გარდაუვალია, რომ გაიაფება არ გაგრძელდეს, მთავარია, რა დროში მოხდება. არ გამოვრიცხავ, ქართულ ბაზარზე საფასო ცვლილება 10 ივლისამდეც ან უფრო ადრეც მოხდეს.

ტურისტული სეზონია და ნავთობპროდუქტების მოხმარება მკვეთრად მატულობს. რაც იაფი იქნება, რეალიზაციაც მოიმატებს. ცხადია, ამით კომპანიებიც არიან დაინტერესებული და, შესაძლებლობის ფარგლებში, ფასდაკლებას ყველა შეეცდება.

ამ პროცესს ხელოვნურად არავინ შეზღუდავს, უბრალოდ, დროში ვართ შეზღუდული. საბაზრო ტენდენციებს თუ მივყვებით, წლის დასაწყისიდან ფასმა კორექცია ოთხჯერ განიცადა და 20-თეთრიანი მატება მოხდა. შემდეგ დაიწყო კლება.

მესმის მომხმარებლის უკმაყოფილებაც, უნდათ, რომ ეს პროცესი მალე და მეტი აქტივობით განხორციელდეს. ამ ადამიანების გასაგონად ვიტყვი, რომ საწვავის გაიაფება მომავალშიც გაგრძელდება და, შესაძლოა, მეტი მოცულობითაც“, - განმარტავს ვანო მთვრალაშვილი.