პრემიერ–მინისტრობის კანდიდატი ვანო მერაბიშვილი მთავრობის ახალ სამოქმედო გეგმას და ახალ მინისტრთა კაბინეტს პარლამენტში დღეს წარადგენს.
შეგახსენებთ, რომ პრემიერ-მინისტრის შეცვლის შემთხვევაში, მთავრობა გადაყენებულად ითვლება და ახალ მინისტრთა კაბინეტს და ახალ სამთავრობო პროგრამას პარლამენტმა ნდობა უნდა გამოუცხადოს.
პრეზიდენტმა შინაგან საქმეთა მინისტრი ვანო მერაბიშვილი პრემიერ-მინისტრად გასულ შაბათს დანიშნა. რა ცვლილებები მოხდება სამთავრობო გუნდში, ოფიციალურად უცნობია, რაც შეეხება სამთავრობო გეგმას, მისი პრეზენტაცია ვანო მერაბიშვილმა გუშინ მოსახლეობასთან შეხვედრაზე უკვე გამართა.
გეგმის თანახმად, მომავალი წლიდან თითოეული ოჯახი 4 წელზე გაწერილ ათას ლარიან ვაუჩერს მიიღებს. პრემიერობის კანდიდატის განცხადებითვე, მომდევნო 4 წელიწადში 3 მილიარდი ჯანდაცვის სფეროს, ხოლო 4 მილიარდი სოფლის მეურნეობაში ჩაიდება.
ახალ გეგმას უკვე მოჰყვა ექსპერტთა შეფასებები.
1000–ლარიანი ვაუჩერების გაცემით, ხელისუფლება თავისუფალი ეკონომიკის პრინციპზე უარს ამბობს. ასე აფასებს commersant.ge–სთან საუბარში ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, ეკონომიკის ექსპერტი აკაკი ცომაია მთავრობის ახალ ინიციატივას.
ცომაიას თქმით, 1000–ლარიანი ვაუჩერების გაცემა 7 მილიარდიანი ბიუჯეტის ფონზე სავსებით რეალისტურია, თუმცა ამით საქართველოს ხელისუფლება პროტექციონიზმს ირჩევს და თავისუფალ ეკონომიკაზე უარს ამბობს, ამ გზით კი ეკონომიკა ვერ განვითარდება.
რაც შეეხება სოფლის მეურნეობაში 4 წლის განმავლობაში 4 მილიარდი ლარის ჩადებას, რასაც ასევე ითვალისწინებს მთავრობის ახალი პროგრამა, ცომაიას შეფასებით, ეს თანხა საკმარისი არაა, რადგან საქართველო კონკურენციას ვერ გაუწევს იმ ქვეყნებს, სადაც სოფლის მეურნეობა განვითარებულია. ცომაიასთვის ასევე გაურკვეველია, რა სტრატეგიის შედეგად აპირებს ხელისუფლება 4 წლის განმავლობაში 4 მილიარდის ინვესტიციის მოზიდვას.
მთავრობის ახალი გეგმა ოპოზიციასთან შეჯიბრია. ამ განცხადებას commersant.ge -სთან „ახალი ეკონომიკური სკოლის“ პრეზიდენტი პაატა შეშელიძე აკეთებს. მისი თქმით, ის ქვეყნის ახალი პრემიერ–მინისტრისგან უფრო მიზანმიმართულ და გრძელვადიან პროგრამას ელოდა.
შეშელიძის განმარტებით, 1000–ლარიანი ვაუჩერების დარიგებით საქართველოს ხელისუფლება თავისუფალ ეკონომიკაზე უარს ამბობს, ვინაიდან ვაუჩერების დარიგება ფულის ერთი ჯიბიდან ამოღებისა და მეორე ჯიბეში ჩადების პრინციპია. ,,მათ, ვისი ჯიბიდანაც ფულს ამოიღებენ, სხვა გზა, გარდა ქვეყნის დატოვებისა, არ ექნებათ,” – აცხადებს შეშელიძე. მისივე თქმით, 1000–ლარიანი ვაუჩერების დარიგების ნაცვლად უმჯობესი იყო ხელისუფლებას საშემოსავლო გადასახადი შეემცირებინა.