„პიაცების“ იმედად განვითარებულ ტურიზმს პერსპეტივა არ აქვს

„პიაცების“ იმედად განვითარებულ ტურიზმს პერსპეტივა არ აქვს

დღევანდელი ტენდენციებიდან გამომდინარე, საერთაშორისო მოგზაურები ახალ მიმართულებებს ეძებენ. მათ კარგად აითვისეს ევროპისა და აზიის ქვეყნები და ახალ, განსხვავებულ თავგადასავლების ძიებაში არიან. ამ მხრივ საქართველოს აქვს უდიდესი პოტენციალი გახდეს ტურისტებისთვის ძალიან მიმზიდველი, ვინაიდან საკმაოდ მცირე ფართობის მიუხედავად აქვს მთები, ზღვა, ულამაზესი და ხელშეუხებელი ბუნება, სხვადასახა კლიმატური ზონა, ეროვნული პარკები და ტყეები, სამკურნალო გარემოთი და მინერალური წყლებით. ამ ყველაფერს თან ერთვის უძველესი ისტორია, მდიდარი კულტურა, ღვინო და სამზარეულო, განსაკუთრებული ქართული სტუმართმოყვარეობა. სწორედ ამიტომ, ტურისტების უმრავლესობა ქვეყანას სტუმრობდა დასვენებისა და რეკრეაციის მიზნით. ასევე - შემეცნებითი, სათავგადასავლო, კულტურული მიზნით.

თანამედროვე მსოფლიოში ექსტრემალური ტურიზმი მეტად მზარდ და მომგებიან მომგებიან სექტორად ითვლება ტურიზმის ინდუსტრიაში. ექსტრემალური ტურიზმი ვითარდება უნიკალურ ბუნებაში, არ მოითხოვს  განვითარებულ ინფრასტრუქტურას. საქართველოს გეოგრაფიიდან გამომდინარე, კანიონები, მღვიმეები, მაღალი მთები, ასევე მდინარეები იძლევა იმის საშუალებას, რომ ტურიზმის ეს სახეობა ქვეყანაში წარმატებით განვითარდეს. ისეთი ცნობილი ტურისტული ქვეყნები როგორებიცაა ჩილე, აფრიკული ქვეყნები სწორედ ექსტემალური ტურიზმის ნიშის არჩევით შემოვიდნენ მსოფლიო ტურისტულ ბაზარზე და დაიმკვიდრეს კიდევაც საკუთარი პოზიცია.

ჩვენთან კი რა ხდება? უნიკალური ბუნება ნადგურდება, ტყეები იჩეხება, კოლხეთის დაცული ტერიტორია სააკაშვილის ლაზიკური ახირების გამო მცირდება, სვანეთში კი „პიაცა“ შენდება.

სწორედ ამიტომ ამბობენ, რომ საქართველოს ტურისტული განვითარების მწყობრად ჩამოყალიბებული გეგმა არ გააჩნია. არადა, აქ ჩამოსულ უცხოელ ტურისტს ვერც ბათუმის ბულვარით გააკვირვებ და ვერც სვანური „პიაცათი“ (თითქოს ბათუმში არსებული მსგავსი სახელწოდების მოედანი საკმარისი არ იყო).

როგორც ირკვევა, სვანეთში ჩასულ უცხოელ მოგზაურებს თანამედროვე სტილში მოდერნიზებული შენობები არ ხიბლავთ, იქ მათ სწორედ სიძველეები იზიდავთ. როგორც სასტუმრო „ტიტებში“ აცხადებენ, რეგიონში ხშირად ჩადიან როგორც ესპანელი ასევე ფრანგი, გერმანელი, ამერიკელი და ჩინელი ტურისტები, რომლებსაც მოდერნიზებული შენობები არ იზიდავთ.

„აქ ჩამოსული უცხოელი ტურისტები, ძირითადად,   სვანური კოშკებითა და მთებით ინტერესდებიან, მათ ამგვარი შენობებით ვერ გააკვირვებ“, - აცხადებს „ტიტების“ მეპატრონე.

საოჯახო სასტუმრო „მანონის“ მფლობელი კი ამბობს, რომ სვანეთში ძალიან ბევრი საოჯახო ტიპის სასტუმროა და კონკურენციაც ძლიერია. მისი განმარტებით, მათთან ჩასული უცხოელი ტურისტების ნაწილს თანამედროვე შენობა-ნაგებობები არ მოსწონს, თუმცა ადგილობრივები ამ მშენებლობებით თავს ცივილიზებულ სამყაროში აღიქვამენ და რეაბილიტაციის პროცესით კმაყოფილებას გამოთქვამენ.

საქართველოს ტურისტული არც „მესიჯი“ გააჩნია.  TMG Marketing-ის დირექტორი ნიკო თევრდორაშვილისაზრით, საქართველო ტურისტებს ვერ სთავაზობს იმ მთავარ გზავნილს, რომლის შედეგადაც უცხოელი ტურისტები არჩევანს საქართველოზე შეაჩერებენ.

„რატომ უნდა მიანიჭოს უცხოელმა ტურისტმა უპირატესობა საქართველოს და არა რომელიმე სხვა ქვეყანას? ამ მხრივ მე სარეკლამო კამპანიის მთავარ მესიჯს ვერ ვხედავ“, - აცხადებს თევდორაშვილი „კომერსანტთან“ საუბრისას. მისი თქმით, ჩატარებული კვლევების მიხედვით უკრაინულ  ტურისტულ კომპანიებში დაჯავშნილ ტურებზე საქართველო 10-ეულშიც ვერ მოხვდა.

თევდორაშვილის განცხადებით, ქვეყანას ტურისტების ის კატეგორიაც სტუმრობს, რომელსაც შეუძლოა დასვენებისთვის დღეში 5000 ლარი დახარჯოს, საქართველო კი ამ მხრივ მოიკოჭლებს და რუს ან რომელიმე სხვა ქვეყნის ტურისტების „გაკვირვებას“ ვერ ახერხებს.