დედაქალაქის ბიუჯეტი ნაციონალების ყულაბაში გადაამისამართეს

დედაქალაქის ბიუჯეტი ნაციონალების ყულაბაში გადაამისამართეს

მუნიციპალური ბიუჯეტები წინასაარჩევნო რელსებზე შეაყენეს. დედაქალაქის ბიუჯეტი მთელი რიგი ხარჯები სასწრაფოდ გადაითამაშეს და ამომრჩევლის გულისმოსაგებ პროექტებზე მიმართეს. ასე რომ, თითქმის 650 მილიონი „ნაცმოძრაობის“ საარჩევნო ყულაბისკენ გადამისამართდა.

დედაქალაქის ბიუჯეტში მორიგი ცვლილებები ორი დღის წინ შევიდა. საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიაში აცხადებენ, რომ ბიუჯეტი არ შეცვლილა და იგი კვლავ 648 მილიონი ლარია. თუმცა, შეინიშნება გარკვეულ პროგრამებში გადანაწილება.

ეს თანხები გადანაწილდება სპორტისა და განათლების პროგრამებზე. მაგალითად, 2015 წელს ტარდება ახალგაზრდული ოლიმპიადა და ამისთვის საჭიროა თანხები. ასევე შეკეთდება რამდენიმე ბაღი.

რაც შეეხება ოპოზიციის შენიშვნას იმის თაობაზე, რომ სოციალური პროგრამების დაფინანსება შემცირდა, თამაზ შოშიაშვილის განცხადებით, ეს არაადეკვატური განცხადებაა.

„დედაქალაქის ბიუჯეტში სოციალური ხარჯები არ შემცირებულა. ის პროგრამა, რომელიც აფინანსებდა დაზღვევას, 2012 წლის სექტემბრიდან ყოველი მეორე მოქალაქე იქნება დაზღვეული ცენტრალური ბიუჯეტიდან და აქედან გამომდინარე, თანხები გათავისუფლდა“, - განმარტა თამაზ შოშიაშვილმა.

„ქრისტიან-დემოკრატი“ ჯაბა სამუშია დედაქალაქის მთავარ ფინანსურ დოკუმენტში შეტანილ ცვლილებებს არასამართლიანს უწოდებს. მისი აზრით, ეს ცვლილებები არის ნათელი მაგალითი იმისა თუ როგორ უნდა „ნაციონალურ მოძრაობას“ ქალაქის ბიუჯეტი პარტიის ბიუჯეტად აქციოს. ცვლილებები პირდაპირ არის მიმართული იქითკენ, რომ დაფინანსდეს ის მუხლები, რომლებსაც „ნაციონალური მოძრაობა“ წინასაარჩევნოდ გამოიყენებს.

საკრებულოს ოპოზიციის აზრით, თბილისის ბიუჯეტში შეტანილი ცვლილება წინასაარჩევნო პერიოდზეა გათვლილი და მას მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებასთან არანაირი კავშირი არ აქვს. ცვლილებები პირდაპირ არის მიმართული იქითკენ, რომ დაფინანსდეს ის მუხლები, რომლებსაც „ნაცმოძრაობა“ საარჩევნოდ გამოიყენებს. 

„ეს არის, მაგალითად, შიდა გზებზე ასფალტის დაგება, სკვერების მოწყობა, რის შესახებ დაპირებებსაც იძლევიან „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატები. რაც ჩვენთვის ყველაზე მიუღებელია, არის ის, რომ ეს ყველაფერი კეთდება სოციალური პროგრამების ხარჯზე. დაახლოებით 2,5 მილიონი ლარი აკლდება სოციალური მუხლის დაფინანსებას და ეს თანხები პიარისთვის საჭირო მუხლებზეა გამოყენებული”, - განაცხადა სამუშიამ. 

თანხა ასევე აკლდება ისეთ გრძელვადიან პროექტებს, როგორიცაა ავარიული შენობა-ნაგებობების გამაგრება და პროექტი „ძველი თბილისის ახალი სიცოცხლე“. 

საკრებულოს ოპოზიციას არც მერიის მიერ ჩატარებული ტენდერები მოსწონს და ამიტომ გამოდის ინიციატივით, რომ თბილისის მერიის სატენდერო კომისიებში ოპოზიციის ჩართულობა გაიზარდოს. 

„ჩვენ დიდი ხანია ვსაუბრობთ, რომ თბილისის მერიის სატენდერო პოლიტიკა გადასახედია, რადგან მასში ბევრი ხარვეზია. საჭიროა გაძლიერდეს ამ კომისიის ხარისხი და შინაარსი და ამისთვის აუცილებელია გაიზარდოს პოლიტიკური ოპოზიციის ჩართულობა ამ პროცესში“, - განაცხადა დეპუტატმა ზაზა გაბუნიამ. 

მისი თქმით, ამას სჭირდება უმრავლესობის პოლიტიკური ნება და თუ ხელისუფლებას სურს, რომ სატენდერო კომისიების ირგვლივ არ არსებობდეს კითხვის ნიშნები, ამ შეთავაზებას უნდა დათანხმდეს.