საქართველოს დასაქმების მინისტრად პრემიერ-მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა “კავკასუს როუდ პროჯექტის” მფლობელი და დირექტორი პაატა ტრაპაიძე წარადგინა. სწორედ ეს კომპანია აშენებს ქუთაისში პარლამენტის ადმინისტრაციულ შენობას, რომლის ხარაჩოც მიმდინარე წლის 7 ივნისს ჩამოინგრა და ერთი ადამიანი დაიღუპა.
მაშინ ქვეყნის პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ უნდა დამდგარიყო მშენებლობაზე პასუხისმგებელი პირის სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის საკითხი, თუმცა საქართველოს მთავარი პროკურატურა მხოლოდ ტრაპაიძის კუთვნილი სამშენებლო კომპანიის საქმისმწარმოებლის დავით ქავთარაძის დაკავებით შემოიფარგლა.
ვანო მერაბიშვილის თქმით, ტრაპაიძეს პოლიტიკასთან შეხება აქამდე არ ჰქონია, თუმცა მას დიდი გამოცდილება აქვს დასაქმების სფეროში. მისი თქმით, ტრაპაიძეს საკუთარ საწარმოებში უამრავი ადამიანი ჰყავს დასაქმებული.
ტრაპაიძის ერთ-ერთი საწარმო - ხის გადამამუშავებელი ქარხანა ქუთაისში პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა 2010 წლის 6 თებერვალს პირადად გახსნა. თუმცა ამ ქარხნის გასახსნელად, რომელშიც ამჟამად 164 ადამიანია დასაქმებული, საქართველოს მთავრობის 2008 წლის 4 ივნისის #374 განკარგულების საფუძველზე შპს “კონი მენეჯმენტმა” მიიღო ე.წ. “იაფი კრედიტი” - ხუთწლიანი სესხი 2 500 000 ლარის ოდენობით (წლიური 9%-ანი საპროცენტო განაკვეთით). აღნიშნული კომპანია 2008 წლის 30 დეკემბერს ტრაპაიძის კომპანიას “კავკასუს როუდ პროჯექტს” შეერწყა.
პაატა ტრაპაიძის კომპანიამ 2009 წლიდან დაიწყო მსხვილი სახელმწიფო შეკვეთების შესრულება, მათ შორის გმირთა მოედნის რეაბილიტაცია თბილისში, მთავრობის სახლი ქუთაისში, განმუხურის ხის საფეხმავლო ხიდი ანაკლიაში, სპორტულ-დასასვენებლი კომპლექსი ილიას ტბაზე და ა.შ.
2010 წლის 26 მაისს გმირთა მოედანზე შუშის მემორიალის მშენებლობისთვის, პრეზიდენტმა სააკაშვილმა პაატა ტრაპაიძე ღირსების ორდენით დააჯილდოვა.
ტრაპაიძე ამბობს, რომ ის, როგორც დასაქმების მინისტრი, ყველა პარტიასთან ითანამშრომლებს და მათგან ნებისმიერ წინადადებას მიიღებს:
“მე ყველაფერს გავაკეთებ, რომ ყველა მოქალაქემ მიიღოს სამსახური, მაგრამ მათ თავადაც უნდა იცოდნენ, რა სურთ”.
ვანო მერაბიშვილის თქმით, ტრაპაიძის ძირითადი ფუქცია უმუშევართა ბაზების შექმნა და საქართველოში ყველაზე მოთხოვნადი პროფესიების სიის შედგენა იქნება:
“უნდა შეგროვდეს ინფორმაცია უმუშევრებზე. რა ტიპის ადამიანები ვერ შოულობენ სამსახურს; რომელი პროფესიებია აქტუალური. დასაქმების მინისტრი მოქალაქეებს კვალიფიკაციის ამაღლებაშიც დაეხმარება. ეს იქნება მთავარი ამოცანა და ამ პრობლემების გადაჭრა იქნება დასაქმების მინისტრის ძირითადი ფუნქცია,” – განაცხადა მერაბიშვილმა.
დასაქმების მინისტრი მუშაობას რამდენიმე დღეში შეუდგება და სამოქმედო კონცეფციასაც შეიმუშავებს.