პრეზიდენტი პარლამენტს განახლებულ მინისტრთა კაბინეტს დასამტიცებლად სამშაბათს წარუდგენს

პრეზიდენტი პარლამენტს განახლებულ მინისტრთა კაბინეტს დასამტიცებლად სამშაბათს წარუდგენს

პრეზიდენტი პარლამენტს განახლებულ მინისტრთა კაბინეტს დასამტიცებლად სამშაბათს წარუდგენს. ამის შესახებ მთავრობის საპარლამენტო მდივანმა გია ხუროშვილმა „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა.

გუშინ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად კი მთავრობის ახალი შემადგენლობის წარდგენა დღეს იგეგმებოდა.

საკითხი პარლამენტში ოფიციალურად, ბიუროს რიგგარეშე სხდომაზე შევა. კონსტიტუციის თანახმად, პარლამენტი საქართველოს პრეზიდენტის მიერ მთავრობის შემადგენლობის წარდგენიდან ერთი კვირის ვადაში განიხილავს და კენჭს უყრის მთავრობის შემადგენლობისა და სამთავრობო პროგრამისთვის ნდობის გამოცხადების საკითხს.

პარლამენტის ნდობის მისაღებად საჭიროა პარლამენტის სრული შემადგენლობის უმრავლესობის მხარდაჭერა. მთავრობის წევრები უნდა დაინიშნონ ნდობის გამოცხადებიდან სამი დღის ვადაში. ჯერჯერობით დაზუსტებით მხოლოდ ისაა ცნობილი, რომ ახალ მთავრობაში დასაქმების სახელმწიფო მინისტრის თანამდებობა შეიქმნება. იგეგმება თუ არა მთავრობის ეკონომიკურ გუნდში ცვლილებები, არ კონკრეტდება.

რაც შეეხება სხვა მინისტრებს, მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ვანო მერაბიშვილს შს მინისტრის თანამდებობაზე თავდაცვის მინისტრი ბაჩო ახალია შეცვლის. ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ ბაჩო ახალაიას, შს მინისტრად დანიშვნის შემთხვევაში, თავდაცვის უწყებაში უშიშროების საბჭოს მდივანი გიგა ბოკერია ჩაანაცვლებს.

უკვე გაჟღერდა ხელისუფლების ახალი დევიზი: „მეტი სარგებელი ხალხს.“ როგორც პრეზიდენტმა სააკაშვილმა და პრემიერმა მერაბიშვილმა განაცხადეს, დადგა დრო, ქვეყნის ეკონომიკური პროგრესი თითოეულმა ოჯახმა იგრძნოს."დადგა დრო, რომ ჩვენი განვითარების, მოდერნიზაციის, ყველა მიღწევის შედეგი უშუალოდ იგრძნოს თითოეულმა ქართველმა," - განაცხადა ვანო მერაბიშვილმა.

ახალი გეგმის შესახებ საუბრისას კი, რომელიც ასევე დღეს იქნება წარმოდგენილი, მან აღნიშნა, რომ გეგმის მთავარი პრიორიტეტები იქნება დასაქმება, სოფლის განვითარება და ჯანდაცვის ხელმისაწვდომობა. ვანო მერაბიშვილის პრემიერად წარდგენისას მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ ეს გადაწყვეტილება ახალი დასაწყისის მანიშნებელია.

მისი თქმით, მერაბიშვილმა მოახერხა გადამწყვეტი დარტყმის მიყენება კორუფციისა და კრიმინალისთვის და ის შეძლებს, ბეჭებზე დადოს ქვეყნის მთავარი მტერი - უმუშევრობაც.ვანო მერებიშვილის განცხადებით, მისი გუნდის მთავარი მიზანი იქნება, შექმნას გეგმა, რომლის მიზანიც იქნება საყოველთაო დაზღვევა საქართველოში. სოფლის განვითარებაზე საუბრისას კი ვანო მერაბიშვილმა აღნიშნა, რომ მან იცის, რა სჭირდება ქართულ სოფელს. „ჩვენს გუნდთან ერთად გავაძლიერებთ ქართულ სოფელს, გავაძლიერებთ ქართველ გლეხს,“ - განაცხადა მან.

შეგახსენებთ: საყოველთაო დაზღვევასა და სოფლის მეურნეობის განვითარებას ასახელებს საკუთარი ეკონომიკური პროგრამის პრიორიტეტებად ხელისუფლების მთავარი ოპონენტი პოლიტიკური ძალა - კოალიცია „ქართული ოცნებაც“. თუმცა ხელისუფლების წარმომადგენლებმა „საყოველთაო დაზღვევის“ „ოცნებისეულ“ ვარიანტს უკვე უწოდეს სოციალისტური იდეა. თავად ხელისუფლების პრინციპი დაზღვევის სფეროში ასეთია: პირველ რიგში, სახელმწიფოს მიერ დაზღვეული უნდა იყოს ყველაზე შეჭირვებული ადამიანები.

სექტემბრიდან სახელმწიფოს მიერ უკვე დაზღვეულ ადამიანებს ემატება ყველა ასაკის პენსიონერი, ნულიდან ხუთი წლის ჩათვლით ყველა ბავშვი, პირველი ჯგუფის ინვალიდები, 18 წლამდე ყველა ჯგუფის ინვალიდი ბავშვები, და სტუდენტები. ასევე

შეგახსენებთ, რომ ახალი სამთავრობო გეგმის შესახებ პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა რამდენიმე დღის წინ განაცხადა.

commersant.ge-სთან საუბარში საპარლამენტო უმრავლესობაში მაშინ მხოლოდ ის განაცხადეს, რომ ახალი გეგმა რეგიონების მიხედვითაა გაწერილი და მასში თითოეული რეგიონის პრიორიტეტებია განსაზღვრული, გეგმის მთავარი მიზანი კი ადამიანების დასაქმებაა.