ევროპაში არსებული პრობლემების მკაცრი ეკონომიის პოლიტიკის კრიტიკოსთა არმია სულ უფრო და უფრო მრავალრიცხოვანი ხდება. ამჯერად ამასთან დაკავშირებით სტატია დაწერა The Financial Times-ის ცნობილმა ანალიტიკოსმა ზაკი ლაიდიმ, რომელიც მიიჩნევს, რომ ეკონომიის მოწინააღმდეგე ფრანსუა ოლანდი ევროპას დიდი არეულობისაგან იხსნის.
შეიძლება ითქვას, თითქმის მთელი ევროპა საბიუჯეტო-საგადასახადო ხელშეკრულების წინააღმდეგია, რომელიც ევროკავშირს ეკონომიკური ზრდის დამთრგუნველი ეკონომიით ემუქრება. მაგრამ პოლიტიკოსთა უმრავლესობა ჯიუტობს და სიტუაციის სრულად შეცნობა არ სურს. როგორც ჩანს, საფრანგეთის ახლადარჩეული პრეზიდენტი ფრანსუა ოლანდი ერთადერთი ადამიანია, რომელსაც გერმანიის უკომპრომისო პოზიციის შეცვლა შეუძლია.
ბიუჯეტის დეფიციტის 3 პროცენტით შემცირება არარეალურია როგორც ნიდერლანდებში, ასევე ესპანეთში. თუ ევროკავშირი მზად არ არის ახლავე დასაჯოს ისინი, მაშინ მას მოუწევს ამ ქვეყნებს დამატებითი თავისუფლება მისცეს. საბერძნეთში სიტუაცია კიდევ უფრო სერიოზულია – ჩატარებულ არჩევნებს მთავრობის ჩამოყალიბება არ მოჰყვა და კიდევ ერთი რიგგარეშე არჩევნების ჩატარება გახდა აუცილებელი.
საბედნიეროდ, ირლანდია ნაკლებად სახიფათო მდგომარეობაშია, მაგრამ იმის ალბათობა, რომ საერთოევროპულ საბიუჯეტო პაკტს ირლანდიელები საერთო-სახალხო რეფერენდუმით მხარს დაუჭერენ, თითქმის ნულის ტოლია.
საფრანგეთი თავისთავად უარს იტყვის ხელშეკრულების რატიფიცირებაზე, სავარაუდოდ, მას მიბაძავს იტალია. ისიც კი საკითხავია, გერმანიაში სოციალ-დემოკრატები მხარს დაუჭერენ თუ არა კანცლერ ანგელა მერკელს პაქტის რატიფიცირებაში.
გერმანიას ძალიან ბევრი მონეტარისტულ დოგმატიზმში და მეზობლებთან მიმართებაში ეკონომიკური ასიმეტრიის გაზრდაში ადანაშაულებს. შედარებით კარგი ეკონომიკური მდგომარეობა მას საშუალებას აძლევს ვალები ინფლაციის ტემპებზე დაბალი განაკვეთით დააფინანსოს. ამ დროს კი სხვა ევროპული სახელმწიფოები თავიანთ ვალებს ინფლაციაზე სამი პუნქტით მაღალი განაკვეთით აფინანსებენ.
ოლანდის მიერ სარკოზის დამარცხების შემდეგ მერკელს ევროპაში ფინეთის გარდა სერიოზული მხარდამჭერი არ დარჩა. მერკელისა და სარკოზის ტანდემი გერმანიისათვის თავისი იდებიის გასატარებლად ძალიან ხელსაყრელი იყო. სარკოზი მართლაც ყველაფერში მხარს უჭერდა გერმანიას. ასე იყო მკაცრი ეკონომიის პოლიტიკის გატარების შემთხვევაშიც, რომლისგანაც საფრანგეთმა წააგო.
ოლანდი კი კურსის შეცვლას აპირებს. მას, ცხადია, კარგად ესმის გერმანულ-ფრანგული ურთიერთობების მნიშვნელოვანი როლი, მაგრამ საკმაოდ რეალისტი არის და ხედავს, რომ ეს ურთიერთოებები საფრანგეთის ეკონომიკური ვარდნის გამო გვარიანად დაუბალანსებელია.
ოლანდის გამარჯვებამ ევროპის პოლიტიკა მკვეთრად შეცვალა. ბევრი ევროპული სახელმწიფო მას იმედით უცქერს და ძალთა ბალანსის ცვლილებას ელოდება. საფრანგეთში გამართულ არჩევნებს ამგვარი რეზონანსი იშვიათად თუ მოჰყოლია. მაგრამ შეძლებს კი ოლანდი იმედების გამართლებას?
ოთხი წინადადება, რომელიც ოლანდმა გააჟღერა, იმდენად რეალისტული და მართებულია, რომ გერმანიას მათი საწინააღმდეგო არგუმენტების მოძიება ძალიან გაუჭირდება. ესენია: ევროკავშირის სტრუქტურული ფონდების დაუხარჯავი სახსრების გამოყენება, ევროპის საინვესტიციო ბანკის რეკაპიტალიზაცია და პროექტული ობლიგაციების შექმნა, ფინანსური გარიგებების დაბეგვრა.
ოლანდის უპირატესობა იმაში მდგომარეობს, რომ სულ უფრო და უფრო მეტი იზიარებს მის შეხედულებებს. თანაც, მისი იდეების მომხრედ შეიძლება ჩაითვალოს აშშ-ც, რომელსაც ევროპაში არსებული სიტუაცია და მისი გამოსწორების გერმანული მოდელი აშკარად არ მოსწონს.
ცხადია, ევროპის პრობლემებს ვერც ოლანდის იდეები და ვერც ვერაფერი სწრაფად ვერ გადაწყვეტს. მაგრამ ის კი ცხადია, რომ თუ მკაცრი ეკონომიის პოლიტიკა დიდ ხანს შენარჩუნდება, ზრდის გრძელვადიანი პერსპექტივა ძლიერ დაზარალდება.