განთქმული ეკონომისტი, სტერნის სკოლის პროფესორი ნურიელ რუბინი, რომელმაც 2008 წლის კრიზისის წინასწარმეტყველებით სახელი საქვეყნოდ გაითქვა, მსოფლიოს ეკონომიკაში არსებულ სიტუაციას კვლავ ეხმიანება. მისი აზრით, ევროს ზონას, აშშ-ს, ჩინეთს და სხვა ქვეყნებს ახალი გლობალური კრიზისის ღრუბლები უახლოვდება და 2013 წელში შეიძლება ისე დაიქუხოს, რომ თავის შესაფარებელს ვეღარავინ იპოვნის. რუბინის აზრით, ახალი კრიზისი 2008 წლისაზე ბევრად მასშტაბური და რთული იქნება.
პირველ რიგში, ევროს ზონის კრიზისი იმიტომ გამწვავდება, რომ ევრო ძალიან ძლიერ ფულად ერთეულად რჩება, მკაცრი ეკონომიური ეკონომიკის პოლიტიკის გატარება ვარდნას დააჩქარებს, სარკედიტო კრიზისი კი აღდგენის პერსპექტივებს ბუნდოვანს ხდის. ევროს ზონის საბანკო სისტემაში ბალკანიზაციის პროცესი მიმდინარეობს, ირღვევა ბანკთაშორისი საკრედიტო ხაზები და პერიფერიული ბანკებიდან კაპიტალის გადინება, შესაძლოა, კატასტროფად იქცეს.
სავარაუდოდ, ევროს ზონას საერთაშორისო დახმარება არა მარტო საბანკო სისტემის გადასარჩენად დასჭირდება, როგორც ეს ახლახან ესპანეთში მოხდა, არამედ, სრულმასშტაბიანი ზომების გასატარებლად. გამოდის, რომ ევროს ზონის უმართავი დაშლის საშიშროება კვლავ არსებობს.
აშშ-ს ეკონომიკური წარმოება მცირდება – პირველ კვარტალში ზრდამ მხოლოდ 1,9 შეადგინა, რაც საკმაოდ დაბალი მაჩვენებელია. ახალი სამუშაო ადგილების შექმნის დინამიკაც აპრილსა და მაისში კლებისაკენ წავიდა, ასე რომ, წლის ბოლოს ამერიკა შესაძლოა, რეცესიაში აღმოჩნდეს.
პოლიტიკური ჩიხი, რომელიც ბიუჯეტის კონსოლიდაციასთან დაკავშირებულმა კამათმა წარმოქმნა, სავარაუდოდ, იმის მიუხედავად შენარჩუნდება, ნოემბერში არჩევნებში ვინ გაიმარჯვებს, ბარაკ ობამა თუ მიტ რომნი. ასე რომ, ახალმა კამათმა ვალის ზედა ზღვარზე, მთავრობის მუშაობის შეფერხების რისკმა და რეიტინგების კლებამ შესაძლოა, კიდევ უფრო შეამციროს სამომხმარებლო და საქმიანი აქტივობა, შეამციროს დანახარჯები და ხელი შეუწყოს ინვესტორთა გადინებას. ეს კი საფონდო ბაზარზე ვარდნის წინა პირობაა.
ჩინეთის განუწყვეტელი ზრდის მოდელმა 2013 წელს შესაძლოა, ვეღარ გაამართლოს, თუ ინვესტიციების დაგროვება გაგრძელდება, ხოლო სამომხმარებლო დონის გაზრდისაკენ მიმართული რეფორმები უმნიშვნელო იქნება და გვიან გატარდება.
ჩინეთის ახალმა მთავრობამ უნდა დააჩქაროს სტრუქტურული რეფორმები, რომლებიც მიმართული იქნება შიდა პროდუქტში სამომხმარებლო დონის მნიშვნელოვანი გაზრდისაკენ.
აშშ-ს, ევროს ზონის და ჩინეთის ეკონომიკური პრობლემები უკვე ნიშნავს, რომ სხვა განვითარებად ბაზრებზე ზრდა მნიშვნელოვნად შემცირდება, რასაც მჭიდრო სავაჭრო და ეკონომიკური კავშირები განაპირობებს. ამავდროულად, განვითარებად ქვეყნებში სტრუქტურული რეფორმების არარსებობა და მათი სვლა სახელმწიფო კაპიტალიზმის განმტკიცებისაკენ, ხელს უშლის ზრდას და პრობლემების შემთხვევაში ხელს უწყობს კლებას.
და ბოლოს, ახლო აღმოსავლეთში, ერთი მხრივ, აშშ-სა და ისრაელს და, მეორე მხრივ, ირანს შორის გაჭიანურებულმა დაპირისპირებამ, შესაძლოა, პიკს 2013 წელში მიაღწიოს. თუ საქმე სამხედრო კონფლიქტამდე მივა, იგი აუცილებლად გამოიწვევს ნავთობის მნიშვნელოვნად გაძვირებას და გლობალურ რეცესიას.
ეს რისკები ეკონომიკურ ვარდნას ხელს უწყობს. საფონდო ბაზრები მთელს მსოფლიოში ეცემა, რაც უკვე აისახა მოსახლეობის კეთილდღეობაზე, სამომხმარებლო დონეზე და კაპიტალურ დანახარჯებზე. პოზიცია „დავიცადოთ და ვნახოთ რა იქნება“ თავისთავად ზრდის შენელებას იწვევს, კრედიტების შემცირება შავ დღეში აგდებს ბიზნესს, ხოლო ნედლეულზე ფასის შემცირება ექსპორტიორ ქვეყნებს აზარალებს.
2008-2009 წლებთან შედარებით, როცა პოლიტიკოსებს მანევრირება შეეძლოთ, დღეს მონეტარულმა და ფისკალურმა მთავრობებმა ყველა პოლიტიკური საშუალება თითქმის ამოწურეს. ფულად-საკრედიტო პოლიტიკა ნულამდე დასული საპროცენტო განაკვეთით შემოიფარგლება, ეკონომიკას და ბაზრებს კი პრობლემას ლიკვიდურობის პრობლემებთან ერთად კრედიტირების კრიზისი უქმნის. არადა, ბევრი განვითარებული ქვეყნის ბიუჯეტის დეფიციტმა და სახელმწიფო ვალმა შემდგომი საგადასახადო-საბიუჯეტო სტიმულირების საშუალება მკვეთრად შეზღუდა. სწორედ ამიტომაც აგრეთვე შეზღუდულია საბანკო სისტემის გადარჩენის შესაძლებლობა.
არსებულ ვითარებაში, სუსტი ვალუტით გამოწვეული დადებითი სავაჭრო ბალანსი ამა თუ იმ ქვეყნისათვის მიღწევად ნამდვილად ვეღარ ჩაითვლება. თანაც, ეს ნიშნავს, რომ სხვა ქვეყნებში უფრო ძლიერი ვალუტა და ცუდი სავაჭრო ბალანსია, რაც საერთო ფონს აუარესებს.
და ბოლოს, ევროს ზონის დაშლის წინააღმდეგ შემუშავებული მკაცრი ეკონომიის პოლიტიკა აშკარად ვერ ამართლებს, მაგრამ გერმანია თავის იდეას ჯიუტად იცავს და არანაირი სხვა რეფორმების გაგონება არ სურს. ეს კი ეკონომიკური ვარდნის კიდევ ერთი წინაპირობაა.