საჯარო სკოლებში "მანდატურიზაცია" 2010 წლის აპრილიდან დაიწყო. სპეციალურ ფორმებში გამოწყობილი ადამიანები - მანდატურები, ჯერ თბილისის რამდენიმე სკოლაში ვიხილეთ, "წარმატებული" რეფორმის შემდეგ კი ქვეყნის დიდი ქალაქების საჯარო სკოლებშიც გამოჩნდნენ. ცენტრალურ და ადგილობრივ ტელევიზიებში უჩვენებდნენ სარეკლამო რგოლებს მოსწავლეების მიმართ ჰუმანურად განწყობილ მანდატურებზე. ხელისუფლების აზრით, სკოლებში მანდატურების შეყვანა წარმატებული პროექტია, თუმცა ამ მოსაზრებას ჰყავს ბევრი მოწინააღმდეგე, რომლებიც მიიჩნევენ, რომ სკოლაში "პოლიციური სამსახური" გაჩნდა. ჩვენ მიერ მოპოვებული ინფორმაციით, სულ მალე თითოეული მანდატური ხელფასს მის მიერ გამოწერილი ოქმების რაოდენობის მიხედვით მიიღებს. ქუთაისის საჯარო სკოლაში მომუშავე ერთ-ერთი მანდატური ინტერვიუზე იმ პირობით დაგვთანხმდა, თუ მის ვინაობას არ გავამჟღავნებდით:
- მანდატურის ფუნქციაა, დაიცვას წესრიგი, როგორც მოსწავლეებს, ასევე მასწავლებლებს შორის. ადრე მასწავლებლები გაკვეთილებზე შესვლას აგვიანებდნენ ან არ შედიოდნენ, დღეს კი ეს ყველაფერი მოგვარებულია, მათ ჩვენი შიში აქვთ.
- მოსწავლეებსაც უნდა ეშინოდეთ თქვენი?
- რა თქმა უნდა, არა, თუმცა თავისთავად ეშინიათ. საუბარსაც კი წყვეტენ, როცა სკოლის დერეფანში გავივლით, ანალოგიურად იქცევიან მასწავლებლებიც. მართალი გითხრათ, მსიამოვნებს, როცა ვიღაცას შენი შიში ან რიდი აქვს.
- ოქმს რა შემთხვევაში წერთ ხოლმე?
- ოქმი იწერება სხვადასხვა დარღვევაზე - დაგვიანებაზე, სკოლაში ცივი იარაღის შემოტანაზე და ა.შ.
- როგორც შევიტყვეთ, სულ მალე მანდატურის ხელფასი დამოკიდებული იქნება ამა თუ იმ დარღვევის გამო შედგენილი ოქმების რაოდენობაზე, თქვენც გსმენიათ ამის შესახებ?
- დიახ, ასეთი რამ ითქვა და ძალიანაც კარგია - მიზეზის მოძებნას და ოქმის ამოწერას რა უნდა!
- ანუ, მანდატურებისათვის ეს ინიციატივა მისაღებია?
- სხვებზე ვერაფერს გეტყვით, მაგრამ მე ასე მირჩევნია, შემიძლია დღეში რამდენიმე ოქმი შევადგინო და თუკი მეცოდინება, რომ ეს პირდაპირპროპორციულად აისახება ჩემს ხელფასზე, ამას რა სჯობს.
P.S. ასე რომ, სულ მალე ქუთაისელი მანდატურების ხელფასის ოდენობა მათ მოხერხებასა და მარიფათზე იქნება დამოკიდებული. საკითხავია, რას ემსახურება ეს ახალი ინიციატივა - იმას ხომ არა, რომ მანდატურებმა ოქმების რაოდენობა გააორმაგონ? ამ კითხვის დასმა განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს წარმომადგენლებისათვს გვსურდა, თუმცა ჩვენი მცდელობა უშედეგოდ დასრულდა.