ფრანგულმა კონსალტინგურმა კომპანია Capgemini Group-მა და კანადის ერთ-ერთმა უმსხვილესმა ბანკმა Royal Bank of Canada-მ ჩაატარეს კვლევა, რომლის მიზანი გასული წლის შედეგების მიხედვით მსოფლიოში მილიონერთა რაოდენობის და მათი გადანაწილების გამოვლენა გახლდათ.
კვლევის მიხედვით, 2011 წლის ბოლოსათვის იმ ადამიანთა რაოდენობამ, რომელთა ქონება 1 მილიონი ამერიკული დოლარი, ან მეტია, მაგრამ, ცხადია, 1 მილიარდ ამერიკულ დოლარს არ აღწევს, 11 მილიონს მიაღწია. ეს 0,8 პროცენტით მეტია, ვიდრე 2010 წლის მაჩვენებელი. ანუ, გამოდის, რომ კრიზისის მიუხედავად მსოფლიოში მილიონერთა რაოდენობის ზრდის ტენდენცია გაგრძელდა.
სამაგიეროდ, კრიზისმა გავლენა მოახდინა მილიონერთა საერთო ქონებაზე, რომელიც პირველად 2008 წლის შემდეგ შემცირდა. 2011 წლის მონაცემებით, მილიონერთა საერთო კაპიტალი 42 ტრილიონი დოლარია, რაც ერთი წლის წინანდელ მაჩვენებელს 1,7 პროცენტით ჩამორჩება.
აღსანიშნავია, რომ 2008 წლის მაჩვენებელთან შედარებით, როცა მილიონერთა საერთო ქონება 19,5 პროცენტით შემცირდა, შარშანდელი კლება უმნიშვნელოდ შეიძლება ჩაითვალოს.
კვლევის ავტორთა მონაცემებით, მილიონერთა 53 პროცენტი სამ ქვეყანაში - აშშ-ში, გერმანიასა და იაპონიაში ცხოვრობს. თუმცა, პირველად 16 წლის განმავლობაში მილიონერთა რაოდენობის მიხედვით პირველი ადგილი აზია-წყნარი ოკეანის რეგიონმა დაიკავა. ამ რეგიონში 3,37 მილიონი ადამიანი ცხოვრობს, რომელთა ქონება მილიონ დოლარს აღემატება. სხვა რეგიონების უკან ჩამოტოვება აზია-წყნარი ოკეანის რეგიონმა ძირითადად ჩინეთისა და იაპონიის ხარჯზე ჩამოიტოვა. აღსანიშნავია, რომ რეგიონის ისეთ მნიშვნელოვან ბაზრებზე, როგორებიცაა ინდოეთი და ჰონკონგი მილიონერთა რაოდენობამ მოიკლო.
მეორე ადგილზე მილიონერთა რაოდენობის მიხდვით ჩრდილოეთ ამერიკა გახლავთ, სადაც 3,35 მილიონი მიოლიონერი ცხოვრობს. აქვე უნდა ითქვას, რომ ჩრდილოეთ ამერიკის რეგიონი პირველია მილიონერთა საერთო სიმდიდრის მიხედვით, რომელიც 11,4 ტრილიონ დოლარს აღწევს. აზია-წყნარი ოკეანის რეგიონის მილიონერთა საერთო კაპიტალი კი მხოლოდ 10,7 ტრილიონი დოლარია.
აღსანიშნავია, რომ მილიონერთა საერთო ქონება თითქმის ყველა რეგიონში შემცირდა, გამონაკლისი მხოლოდ ახლო აღმოსავლეთი გახლავთ. ეს იმის გამო მოხდა, რომ ინვესტირება უფრო და უფრო სარისკო გახდა. კვლევის ავტორთა აზრით, გასული წელი ყველაზე არასტაბილური გახლდათ უკანასკნელი 15 წლის განმავლობაში. თანაც, არასტაბილურობის პიკი 2011 წლის ნოემბერში დაფიქსირდა, რისი მიზეზიც ევროს ზონაში კრიზისის გამწვავებასთან დაკავშირებული შეშფოთება იყო.
ანალიტიკოსთა აზრით, ევროპა კვლავაც ძალიან დიდ გავლენას მოახდენს ინვესტორთა განწყობაზე 2012 წელს. გადაწყვეტილების მიღებისას მათი გონება აუცილებლად მიმართული იქნება ბებერ კონტინენტზე არსებული პრობლემებისაკენ. რაც შეეხება სხვადასხვა ქვეყანაში მომხდარ პოლიტიკურ ცვლილებებს და ზრდის დამატებით დრაივერებს, როგორიცაა, მაგალითად, ჩინეთის ეკონომიკის ზრდა, ასევე ძალიან მნიშვნელოვან გავლენას მოახდენს იმაზე, თუ რამდენად გაიზრდება ან შემცირდება მილიონერთა ქონება მიმდინარე წელს.
აღსანიშნავია, რომ მძიმე კრიზისის მიუხედავად, ევროპაში მილიონერთა რაოდენობა მაინც, 1,1 პროცენტით გაიზარდა. საქმე იმაშია, რომ ევროპელმა ბიზნესმენებმა სულ უფრო მეტი ინვესტიციები უცხოეთში გადაისროლეს, სადაც პერსპექტიულ ბაზრებზე მოგება ნახეს.
ანალიტიკოსები თავს იკავებენ პროგნოზირებისაგან, თუ რამდენად შეიძლება გაიზარდოს მიმდინარე წელს მილიონერთა რიცხვი. სამაგიეროდ, ბევრი ექსპერტი ვარაუდობს, რომ მილიონერთა საერთო ქონების კლების ტენდენცია შესაძლოა კვლავ გაგრძელდეს.